2018 წლის 8 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) საქართველოს რიგით მეოთხე - 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა - დაამტკიცა. დოკუმენტში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) აქტიური ადვოკატირების შედეგად, სათანადო საცხოვრებლის უფლების იმპლემენტაციის მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებები გაიწერა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამოქმედო გეგმით საქართველოს მთავრობამ[1] აღნიშნულ სფეროში კონკრეტული ვალდებულებები აიღო. კერძოდ, დოკუმენტის შემუშავებისას გაზიარებულია EMC-ს პოზიცია არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სამ ძირითად საქმიანობაში აისახა:

  • უწყებათაშორისი კომისიის/საბჭოს შექმნა (იანვარი - მარტი, 2019) - სამოქმედო გეგმის მიხედვით, შეიქმნება უწყებათაშორისი პლატფორმა, რომელიც ა პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში უსახლკარობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესწავლასა და შესაბამისი გამოწვევების იდენტიფიცირებაზე. აღნიშნული უწყებათაშორისი ორგანო შეიმუშავებს საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტს (სტრატეგიას) და სამოქმედო გეგმას.

  • საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის (სტრატეგიის) და სამოქმედო გეგმის შემუშავება სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობის გზით (ივლისი, 2019 - დეკემბერი, 2020) - სამოქმედო გეგმის თანახმად, იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით, შეიქმნება საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტი (სტრატეგია), რომელიც, სამოქმედო გეგმასთან ერთად, ასახავს სახელმწიფოს ხედვას არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით და დასახავს უსახლკარობასთან დაკავშირებული პრობლემების ეტაპობრივად აღმოფხვრის გზებს.

  • საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის დასამტკიცებლად წარდგენა (მაისი - სექტემბერი, 2021).

სამოქმედო გეგმაში სათანადო საცხოვრებლის უფლების იმპლემენტაციის მიმართულებით ცალკეული ვალდებულებების გაწერით საქართველოს მთავრობამ აღიარა ისეთი გამოწვევების არსებობა, როგორიცაა, უსახლკარობის პრობლემის დაძლევის ერთიანი ხედვის არარსებობა, ასევე, ბუნდოვანი საკანონმდებლო რეგულაციები, მათ შორის, უსახლკარობის სტატუსის დადგენის მეთოდოლოგიისა და სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებების გამიჯვნის მიმართულებით.

სუსტი და ფრაგმენტული საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების პირობებში, ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახავდა სახელმწიფოს ხედვას აღნიშნული გამოწვევების გამკლავებასთან, მათ შორის, პრევენციასთან, მიმართებით. ყოველივე აქედან გამომდინარე, EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვალდებულებების სამოქმედო გეგმაში ასახვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფოს მხრიდან უსახლკარობის პრობლემის აღიარების, მისი მასშტაბების შეფასებისა და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით, რომელსაც განგრძობადი ხასიათი ექნება და სისტემურად და ეტაპობრივად აღმოფხვრის არსებულ ხარვეზებს.

EMC დააკვირდება ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

[1] აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართულებით წამყვან უწყებად განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ხოლო პარტნიორ უწყებებად - რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მუნიციპალიტეტები და საქართველოს პარლამენტი.