EMC მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისა და ადმინისტრირების ეტაპზე გამოვლენილ ხარვეზებს და რისკებს აფასებს და მიიჩნევს, რომ დახმარების გაცემის პროცესი მნიშვნელოვანი პრობლემებით ხასიათდება, რაც გულისხმობს პროგრამაში მოხვედრის ბუნდოვან ან წინააღმდეგობრივ კრიტერიუმებს, დამსაქმებლის კეთილ ნებაზე დამოკიდებული პროცედურების არსებობას, ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის გარეშე დატოვებას და სხვა. ამავდროულად, კვლავ ბუნდოვანი და გაუმჭირვალეა სახელმწიფოს მიერ აღებული დამატებითი საკრედიტო ვალდებულებების პირობები. ეს გარემოებები ანტიკრიზისული გეგმის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და მის გრძელვადიან შედეგებზე მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს.

  • დახმარების მიმღებთა რაოდენობა და დახმარების მოცულობა საჭიროებებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

მთლიანობაში დღეს მოქმედებს 10-მდე პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფისთვის პანდემიის განმავლობაში ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. ამ დრომდე დახმარება მიიღო 50,000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა, 30,000-მდე ფერმერმა, 70,000-ზე მეტმა დაქირავებით დასაქმებულმა და 200 000-მდე სოციალურად დაუცველმა. თუმცა სავარაუდოა, რომ ეს მონაცემები, განსაკუთრებით თვითდასაქმებულებისა და დაქირავებულების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ჩამორჩება დახმარების საჭიროების მქონე ადამიანთა რაოდენობას. კვლევის მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა ერთი მესამედი ეპიდემიის გამო სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ დადგა. სავარაუდოა, რომ მხარდაჭერა სჭირდება გაცილებით მეტ თვითდასაქმებულსაც, რომელთა დიდი ნაწილი (650 000 ადამიანი) სოფლად მაცხოვრებელი მცირემიწიანი ფერმერია და მათ დიდ ნაწილს თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილი დახმარების მიღება, სეზონურ ან არაფორმალურ შემოსავალზე დამოკიდებულობის გამო, გაუჭირდება.

პრობლემად რჩება დახმარების მოცულობაც. დაქირავებით დასაქმებულთათვის გათვალისწინებული 200-ლარიანი დახმარება არსებითად ხარვეზიან, საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო საარსებო მინიმუმს უტოლდება, ხოლო ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულთათვის არსებულ და გაზრდილ მრავალმხრივ საჭიროებებს არ შეესაბამება.

  • დახმარების მიღებისთვის აუცილებელი პროცედურა ხარვეზიანია და მშრომელს დამსაქმებელზე დამოკიდებულს ხდის.

ერთ-ერთ ძირითად პრობლემად იკვეთება ის, რომ თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი, ისევე როგორც დაქირავებული მშრომელები, ხშირად დახმარების მიღებისთვის დამსაქმებლის კეთილ ნებაზე ან, თვითდასაქმებულთა შემთხვევაში, მათ თანამშრომლობაზეა დამოკიდებული ვისგანაც შემოსავალს იღებდა. შემოსავლის დამადასტურებელი წერილების გაცემასთან დაკავშირებული სამთავრობო მითითებების გარეშე, ეს მოთხოვნა შესაძლოა მშრომელების დამსაქმებელზე დამოკიდებულობის კიდევ ერთ ბერკეტად იქცეს. ამის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელი იყო ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც დამსაქმებლის ნებაყოფლობით თანამშრომლობაზე დამოკიდებული არ იქნებოდა. ამავდროულად, დამსაქმებელთა თანამშრომლობის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნებოდა თუ ეს დამსაქმებელთათვის გათვალისწინებული დახმარების მიღების ერთ-ერთი წინაპირობა იქნებოდა. დამსაქმებელთათვის დახმარების არა უპირობოდ, არამედ იმ შემთხვევაში გაცემა, თუ ისინი - მაგალითად სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შენარჩუნებით - დასაქმებულთა ინტერესებს გაითვალისწინებდნენ, ანტიკრიზისულ პროგრამებს მშრომელთა დაცვის ინსტრუმენტადაც აქცევდა.

ამასთან, კეთდება წინააღმდეგობრივი განცხადებები კონკრეტული ჯგუფების დაფარვის შესახებ. მაგალითად, თვითდასაქმებულთა დახმარების პროგრამის წარდგენისას გაკეთებული განმარტების მიხედვით, შემოსავალდაკარგულ თვითდასაქმებულებს, მაგალითად ძიძებს, დახმარების მისაღებად იურიდიული პირის წერილის წარდგენა დასჭირდებოდათ, რომელიც შემოსავალს დაადასტურებდა. თუმცა, მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ოჯახებს მათთან მომუშავე ძიძებისთვის წერილის გაცემა შეუძლიათ, ძიძები კი ასეთი წერილის საფუძველზე ანტიკრიზისულ პროგრამაში მოხვდებიან. ბუნდოვანი პროცედურული ნორმები დახმარების მიმღებთა შორის კითხვებს აჩენს და პროცესს აჭიანურებს.

  • სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა სექტორში არსებულ სისტემურ პრობლემებს არ ითვალისწინებს.

საჭიროებებთან შეუსაბამოა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმაც, რომელიც ფერმერთათვის მცენარეთა მოვლის საშუალებების, სასუქისა და საწვავის შესაძენად საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის მიხედვით სუბსიდიების გამოყოფას ითვალისწინებს. იმ პირობებში, როდესაც სოფლის მეურნეობაში ჩართული 650 000 მოქალაქე დიდწილად მცირემიწიანი, თვითდასაქმებული ფერმერია, ხოლო სასოფლო სამეურნეო მიწის ნახევარზე მეტი დაურეგისტრირებელია, აშკარაა, რომ ანტიკრიზისული დახმარებით, მათ შორის, გათვალისწინებული აგროდაზღვევითა და აგროკრედიტებით, მხოლოდ ფერმერთა მცირე ჯგუფი ისარგებლებს, ხოლო სექტორში დასაქმებულთა უმრავლესობის მრავალმხრივი საჭიროებები უპასუხოდ დარჩება. სავარაუდოა, რომ თვითდასაქმებულ ფერმერთა ნაწილი ვერც მათთვის გამოყოფილი ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარებით ისარგებლებს, რადგან სეზონური ან არაფორმალური შრომის გამო 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის დადასტურება გაუჭირდება.

  • ახალი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა დეველოპერული სექტორის ინტერესებზეა მორგებული და საცხოვრისის კუთხით არსებულ პრობლემებს არ ეხმიანება.

ანტიკრიზისულ პროგრამებს დაემატა ახალი იპოთეკური სესხების ნაწილობრივი სუბსიდირების ინიციატივაც. იმ ფონზე, როდესაც საბინაო პოლიტიკა ფუნდამენტურად გადასახედია, უძრავი ქონების ბაზარი უკიდურესად სპეკულატიური, ხოლო გამოსახლების პირას მყოფი ოჯახების მომავალი ბუნდოვანია, ახალ ბინებზე მოთხოვნის შესანარჩუნებლად გადადგმული ეს ნაბიჯი დეველოპერული სექტორის დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯია და საცხოვრისის ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე უსახლკარობის ზრდის რისკს არ პასუხობს. ახალი იპოთეკური სესხების სუბსიდირება ვერ მოაგვარებს იმ გამოწვევებს, რომლებიც საცხოვრისის სფეროში არსებობს და რომელთა გადაჭრისთვისაც ამ პროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების მიმართვა შეიძლებოდა.

  • მოწყვლადი ჯგუფების ნაწილი დახმარების გარეშე რჩება.

ამავდროულად, რიგი მოწყვლადი ჯგუფებისა კვლავ დახმარების გარეშე რჩება. მაგალითად, ანტიკრიზისულ პროგრამებში არაფერია გათვალისწინებული უსახლკაროთათვის, ან კერძო მევახშეობისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაზარალებულთათვის. კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს პანდემიის პირობებში შეღავათები არ დაუწესებიათ, ხოლო მათი ვალების რესტრუქტურიზაციისთვის სახელმწიფო შუამდგომლობაზე უარს აცხადებს. არაერთი ჯგუფისთვის, მაგალითად მათთვის, ვინც ემიგრირებული ოჯახის წევრებისგან მიღებულ გადმორიცხვებზე იყვნენ დამოკიდებული - 2020 წლის მაისში 10 პროცენტით შემცირდა ფულადი გზავნილების მოცულობა ან მათთვის ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, კორონავირუსის პანდემია ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს. მკვეთრად გაზრდილ მოთხოვნილებებს მოუმზადებელი ხვდება არსებული სოციალური დაცვის სისტემა, რომელშიც მოხვედრა ხანგრძლივი და ხშირად ბენეფიციარებისთვის რთული პროცესია, ისევე, როგორც სოცმუშაკთა არასაკმარისი რაოდენობა და სოციალური დახმარების პაკეტების მოცულობა.

  • აღებული საერთაშორისო ვალდებულებები კითხვის ნიშნებს აჩენს.

ახალი საერთაშორისო ვალდებულებები - ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აღებული ახალი სესხების მთლიანი მოცულობა 4 მილიარდ ლარს აჭარბებს და ახალი საშინაო ვალი, რომელიც ფინანსთა სამინისტოს მიხედვით, 600 მილიონ ლარს უტოლდება, ეკონომიკური სტაბილურობისთვის ახალ რისკებს აჩენს. დღემდე შეუსწავლელი და ფართო საზოგადოებისთვის უცნობია რა გავლენა ექნება ქვეყნის ბიუჯეტსა და მოქალაქეების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში აღებულ ამ ახალ საკრედიტო ვალდებულებებს. პროცესის უკიდურესი გაუმჭირვალობა აჩენს რისკს, რომ დღეს მობილიზებული თანხების ტვირთი, კრიზისის შემდგომ, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე გადანაწილდება. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი და საჯარო განხილვის საგანი გახდეს ის ვალდებულებები, რომლებსაც სახელმწიფო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წინაშე იღებს, ისევე როგორც მათი დაფარვის სამომავლო გეგმები.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

  • გამოსცეს ცხადი და ხელმისაწვდომი მითითებები იმის შესახებ, თუ ვის და რა პირობებით ფარავს ანტიკრიზისულ გეგმაში შემავალი სოციალური დახმარების პროგრამები.
  • გამოსცეს მითითებები დასაქმებულთათვის საჭირო დოკუმენტაციის შეგროვების გასაადვილებლად.
  • მათთვის, ვინც არსებული პროგრამების მიღმა რჩებიან შემუშავდეს მოქნილი, მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემა, რომელიც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დროებით აუცილებელი შემოსავლით უზრუნველყოფს.
  • გასცეს პასუხი კითხვებს საგარეო ვალის შესახებ და არ დაუშვას მათი სოციალური პროგრამების ხარჯზე დაფარვა.