ფოტო: ნეტგაზეთი

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბექა წიქარიშვილის ადმინისტრაციული პროცესი გაიმართა. წიქარიშვილი პოლიციამ მიმდინარე წლის 12 მაისს, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავა. სასამართლომ, სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო, ბექა წიქარიშვილის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში, ხოლო წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში ის სამართალდამრღვევად ცნო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ბექა წიქარიშვილის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სამინისტროს წარმომადგენლისა და მოწმედ დაკითხული ორი პოლიციელის ჩვენებები იყო ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი. აღსანიშნავია, რომ როგორც სამინისტროს წარმომადგენელმა, აგრეთვე მოწმედ დაკითხულმა ორივე პოლიციელმა განმარტა, რომ ბექა წიქარიშვილის დაკავების ერთ-ერთი საფუძველი გახდა ის, რომ იგი უკმაყოფილებას გამოხატავდა მთავრობის მიმართ და მოუწოდებდა ხალხს შეკრებისაკენ. აღნიშნული განმარტებები კიდევ ერთხელ თვალსაჩინოს ხდის, რომ ბექა წიქარიშვილის დაკავებას წინ კანონის დარღვევის ფაქტი არ უძღვოდა. ბექა წიქარიშვილი 12 მაისის სპონტანური აქციის ერთ-ერთი პოტენციური ლიდერი იყო, რომელიც დაკავებამდე სწორედ აქციის მონაწილეთა ორგანიზებას და აქციის მსვლელობის დაგეგმვას ცდილობდა. უნდა ითქვას, რომ 12 მაისს, პოლიციის მიერ განხორციელებული მასშტაბური დაკავებები თვითნებობასთან ერთად, სწორედ აქციის შესაძლო ლიდერების და ორგანიზატორების იზოლაციით ხასიათდებოდა. დღევანდელ პროცესზე, შსს-ს მიერ გაჟღერებული არგუმენტები და მტკიცებულებების არარსებობა კიდევ ერთხელ ამჟღავნებს 12 მაისის ღამეს პოლიციის მუშაობის ხელწერას და დაკავებების ტაქტიკას.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოსამართლემ განმარტა მიღებული გადაწყვეტილების მოტივაცია და აღნიშნა, რომ ბექა წიქარიშვილის მიერ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა გამოიხატა მეგაფონის მეშვეობით განცხადებების გაკეთებაში, რამაც მოსამართლის შეფასებით, დაარვია საზოგადოების სიმშვიდე. ამ დროისთვის, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, ნათელია, რომ მოსამართლის მიერ გაკეთებული განმარტება წინააღმდეგობაშია როგორც წვრილმანი ხულიგნობის შინაარსთან, ასევე შეუთავსებელია მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების იდეასთანაც. სასამართლოს მსგავსმა მსჯელობამ, შეიძლება ხელი შეუწყოს შეკრების თავისუფლებაში თვითნებური ადმინისტრაციული დაკავებების გზით ჩარევის პრობლემის გაღრმავებას და გამოხატვის თავისუფლების ფორმების უკანონო შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გახდეს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ:

  • საქართველოს პარლამენტს, გაატაროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა;
  • საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება 12 მაისის ღონისძიებების დროს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და მოქალაქეთა უკანონო დაკავების სავარაუდო ფაქტებზე;
  • სასამართლოს, კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და მიიღოს დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილებები და იხელმძღვანელოს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მნიშვნელობითა და პატივისცემით.