EMC ეხმიანება ჭიათურაში, შუქრუთში მდებარე მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომლის შედეგადაც 46 წლის მაღაროელი გარდაიცვალა და სახელმწიფოს უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

შემთხვევა მიმდინარე წლის 24 აგვისტოს ვაკე ტყე ოთხის მაღაროში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო პროცესის დროს მაღაროელს ტრაქტორმა გადაუარა. ჭიათურის მაღაროებში დასაქმებული ადამიანების შრომის პირობები წლების განმავლობაში მძიმე რჩება. დაბალი ანაზღაურების პარალელურად, დასაქმებულთა შრომითი უფლებები სისტემატიურად ირღვევა. შრომის უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, დასაქმებულები ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებენ. ჭიათურასა და ზოგადად სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის კერებში არსებული უმძიმესი, სიცოცხლისთვის საფრთხისშემცვლელი სამუშაო პირობების არსებობას ადასტურებს არაერთი კვლევა, მათ შორის Human Rights Watch-ის სიღრმისეული ანგარიში.

რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა კორონავირუსის პანდემიის დროს, როცა სამთო-მოპოვებითი ინდუსტრია საკვანძო დარგად გამოცხადდა და იქ დასაქმებულმა მშრომელებმა საგამონაკლისო წესით მუშაობა კარანტინის პირობებშიც განაგრძეს. სახიფათო სამუშაო სპეციფიკისა და პროფესიულ დაავადებებთან დაკავშირებული დამატებითი საფრთხეების მიუხედავად, სამთო-მოპოვებითი ინდუსტრია სახელმწიფოს ყურადღების მიღმა რჩება.

აღსანიშნავია, რომ უკვე სამი წელია, “ჯორჯიან მანგანეზი” სახელმწიფოს მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს ექვემდებარება. 2017 წლის მაისში კომპანიაში სპეციალური მმართველი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად დაინიშნა. დანიშვნასთან ერთად გავრცელებულ განცხადებაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო შეუსრულებელ სალიცენზიო და სანებართვო პირობებზე, მათ “უხეშ უგულებელყოფაზე” მიუთითებდა. სპეციალურ მმართველს “სიტუაციის ეტაპობრივი გამოსწორება” დაევალა და კომპანიის “ერთპიროვნული და  დამოუკიდებელი” მართვის უფლება მიენიჭა. 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ “ჯორჯიან მანგანეზს” დღეს სახელმწიფო მმართველი განკარგავს, ჭიათურაში ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობა მძიმე რჩება. COVID 19-ის პანდემიის დაწყებამდე ჭიათურაში ითხვისისა და შუქრუთის მოსახლეობა სახლ-კარის დაზიანების მიზეზების შესწავლას ითხოვდა, მაღაროებში კი პიკეტირების გამო მოპოვებითი სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ამასთან, ჭიათურასა და მის მიმდებარე სოფლებში ხშირია სასმელი წყლის უკმარისობა, საძოვრებისა და სახნავ-სათესი მიწების დაკარგვა, ბუნებრივი და საცხოვრებელი გარემოს ხმაურით, მტვრითა და საწარმოო ნარჩენებით დაბინძურება.  ეს და სხვა პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება.

საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე “ჯორჯიან მანგანეზი” საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტიურ კამპანიას აწარმოებს, რომელიც მომპოვებელი კომპანიის მიერ წამოწყებულ რამდენიმე ეპიზოდურ სოციალურ პროექტს ეხება. ზემოთ ნახსენები ღრმა და მრავალმხრივი პრობლემების ფონზე, რომლებსაც კომპანიის საქმიანობა იწვევს, საკუთარი რეპუტაციის გამოსასწორებლად, ნებაყოფლობით წამოწყებულ სოციალურ პროექტებში დახარჯული რესურსები ხშირად ადგილობრივ საჭიროებებთან შეუსაბამო და არათანმიმდევრულია. დაუშვებელია ეს პროექტები სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან კომპანიის ძირითადი ვალდებულებების - მათ შორის უსაფრთხო შრომითი პირობების უზრუნველყოფის - შეუსრულებლობის უგულებელყოფის საბაბი გახდეს.

საკანონმდებლო დონეზე გატარებული რეფორმისა და შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიუხედავად, რაც დასაქმების ადგილზე სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე შესვლის, სამუშაო ადგილის უსაფრთხოების შესწავლის უფლებამოსილებისა და სანქცირების სათანადო შესაძლებლობით განისაზღვრა, სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს სამთო-ინდუსტრიულ საწარმოებში დასაქმებული მუშებისთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას. მსგავს ობიექტებზე დასაქმებულთა შრომა უკიდურესად მოწყვლადი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათოა.

აქვე აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღკვეთის მიზნით, შრომის ინსპექცია სახელმწიფოს მნიშვნელოვან დასაყრდენად იქცა. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით[1] ბიზნესის თითოეული სექტორისათვის, მათ შორის სამთო-მოპოვებითი, საკვები, სერვის სექტორისათვის, კონკრეტული რეგულაციები იქნა შემუშავებული, რომელთა შესრულებაც საქმიანობის განხორცილებისთვის სავალდებულოა, ხოლო მათი მონიტორინგისა და აღსრულების მანდატი შრომის ინსპექციას განესაზღვრა. ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, საქმიანობის გაგრძელებას მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან მხოლოდ შრომის ინსპექციის დადებითი დასკვნის არსებობის შემთხვევაში შეძლებენ, რომლითაც დადასტურდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვის საკითხი. ისედაც შეზღუდული ადამიანური რესურსის და ინსტიტუციური სისუსტის პირობებში, დღეს ინსპექციას შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კონტროლისა და მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეზღუდული აქვს, რაც კიდევ უფრო დაუცველს ხდის დასაქმებულებს.

ინსტიტუციურად ძლიერი, რესურსებით გამართული და დაბალანსებული შრომის ინსპექცია, რომელსაც სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების, ყველა სახის შრომითი უფლების მონიტორინგის, აღსრულებისა და სანქცირების შესაბამისი მანდატი ექნება, დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. აღნიშნული ინსტიტუციური მოწესრიგების შესაძლებლობას საქართველოს პარლამენტში წარდგენილი შრომის კოდექსის ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომლის მხარდაჭერა და ქმედითი ღონისძიებების დროული განხორციელება დასაქმებულთა დასაცავად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

საქართველოს პარლამენტს და მთავრობას

  • შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, დროულად გაატაროს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და იზრუნოს ინსპექციის ადამიანური და ფინანსური რესურსებით გაძლიერებაზე;

შრომის ინსპექციას

  • საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ შეამოწმოს ჭიათურის მაღაროში არსებული შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება.

საქართველოს პროკურატურას

  • დროულად და ობიექტურად გამოიძიოს მაღაროში მომხდარი საწარმოო შემთხვევა.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია