15 მაისს, ჭიათურაში, "ჯორჯიან მანგანეზში" ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე დასაქმებული მაღაროელები გაიფიცნენ. ვახტური რეჟიმი გულისხმობს ზედიზედ 15 დღის (ან ღამის) განმავლობაში 12 საათიან ცვლაში, ოფიციალური შესვენების გარეშე მუშაობას. ამ 15 დღიანი პერიოდის განმავლობაში, შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ითხოვს, რომ დასაქმებულებმა ოჯახებისგან და საზოგადოებისგან მოწყვეტით, კომპანიისის კუთვნილ საერთო საცხოვრებელში იცხოვრონ.გაფიცვის თავდაპირველი მოთხოვნა აღნიშნულ საცხოვრებელში საკვების ხარისხის გამოსწორება იყო. თუმცა მალევე, მას შემდეგ, რაც გაფიცულებს სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ, მოთხოვნები შეიცვალა. დღეს გაფიცულების მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით გაზრდაა. ისინი ასევე ითხოვენ: სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, მძიმე სატვირთო მანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას და გარანტიებს, რომ შეთანხმების შემდეგ, გაფიცულების მიმართ კომპანია დისციპლინარულ ღონისძიებებს არ გაატარებს. ამ მოთხოვნებით 15 მაღაროელი მერიასთან გაშლილ კარვებში მე-7 დღეა შიმშილობს. 22 მაისის ღამეს კი, ერთ-ერთმა მოშიმშილებ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

გარდა ამისა, მანგანუმით დატვირთულ, კომპანიის კუთვნილ მანქანებს ქალაქის დატოვების და ზესტაფონისკენ გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ.

დამსაქმებელმა მოითხოვა შრომითი მედიაციის დანიშვნა, თუმცა მედიატორმა ვერ უზრუნველყო მოლაპარაკებების წარმოება მხარეებს შორის, მათ შორის, იმის გამო, რომ გაფიცულებს არ ჰყავთ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მათ მოლაპარაკებების პროცესში წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ გაფიცულები უარს ამბობენ, გაფიცვის პროცესში პროფკავშირების მონაწილეობაზე.

მედიაციის წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, დამსაქმებელმა გაფიცულებს გაფიცვის შეჩერების სანაცვლოდ, ხელფასის 25%-ით გაზრდა შესთავაზა ”შპს ჯორჯიან მანგანეზში” დაგეგმილი "რეორგანიზაციის ხარჯზე”, რაზეც გაფიცულებისგან უარი მიიღო.

22 მაისს “ჯორჯიან მანგანეზის” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ოფიციალური განცხადება, სადაც კომპანია აცხადებს, რომ გაფიცვა არის უკანონო და გაფიცულებთან მოლაპარაკებების რესურსის ამოწურვის გამო აპირებს, მიმართოს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს.

EMC და საია გმობენ შრომითი უფლებების დარღვევის პრაქტიკას შპს “ჯორჯიან მანგანეზში”. ამ პრაქტიკის არსებობას ადასტურებს და ააშკარავებს ჭიათურაში შრომითი სიტუაციის შესახებ ჩატარებული კვლევები, გაფიცვის მონაწილეების ჩვენებები, ისევე, როგორც, მიმდინარე გაფიცვის სპონტანური ხასიათი.

მიუხედავად იმისა, რომ გაფიცულები საკუთარ პრობლემებს მხოლოდ ზემოჩამოთვლილ ოთხ მოთხოვნად აყალიბებენ, ხაზი უნდა გაესვას შრომის უსაფრთხოების მხრივ ჭიათურის მაღაროებში არსებულ მძიმე მდგომარეობას.

ასევე, ხშირია საწარმოს მხრიდან შესვენების, დასვენების, ბიულეტენის, ზეგანაკვეთური შრომის წესების დარღვევის ფაქტები და შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებელი ვალდებულებების გარდა, დასაქმებულებისთვის დამატებითი სამუშაოს მიცემის პრაქტიკა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ შპს “ჯორჯიან მანგანეზს”, გაითვალისწინოს გაფიცულთა სამართლიანი მოთხოვნები და პატივი სცეს დასაქმებულების შრომით უფლებებს და შრომის კანონმდებლობას. გარდა ამისა, მოვუწოდებთ კომპანიას, თავი შეიკავოს დასაქმებულებზე ზეწოლისგან, სასამართლოსა და სამართალდამცავების ჩართულობაზე აპელირებით.

მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს საწარმოში შრომის უსაფრთხოების წესებისა და შრომითი უფლებების დაცვა და ამავე დროს, იყოს გარანტი დასაქმებულების უფლებისა, იბრძოლონ საკუთარი უფლებებისა და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის.

მიმდინარე გაფიცვა ასევე აჩვენებს შრომის კანონმდებლობის ხარვეზებსაც. ამ მიმართულებით აუცილებელია, რომ სახელმწიფომ გაზარდოს შრომის ინსპექციის მანდატი და დაავალოს შრომითი უფლებების დაცვის ზედამხედველობა, რაც შრომითი უფლებების გარანტირებისთვის ეფექტიან მექანიზმს შექმნის.