2020 წლის 8 ოქტომბერს, ვენეციის კომისიამ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებზე მოსაზრებები გამოაქვეყნა.[1] მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა თავად ითხოვა პროექტის შეფასება, იგი დასკვნას არ დაელოდა და პროექტი 30 სექტემბერს დაამტკიცა. როგორც მოსალოდნელი იყო, საკანონმდებლო ორგანოს ეს ნაჩქარევი ნაბიჯი უაყოფითად შეაფასეს როგორც თავად ვენეციის კომისიამ ასევე, ევროკავშირმა[2] და საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა[3].

საყურადღებოა, რომ ვენეციის კომისია ფორსირებული პროცესის გარდა, კრიტიკული იყო ზოგადად, ქართული სასამართლო სისტემის მიმართ. მან ხაზი გაუსვა აქ არსებულ არაორდინალურ მდგომარეობას და პრობლემების სიმწვავეს. თქვა, რომ ქვეყნის სიტუაცია განსაკუთრებულია.[4] დასკვნაში ასევე ღიად არის აღნიშნული, რომ წარსული კონტექსტის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ მოიპოვა საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება.[5]

მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ, ასეთი მკვეთრი შეფასებები აძლიერებს ქვეყნის შიგნით არსებულ კრიტიკას მართლმსაჯულების რეფორმის არჩეული გზის - რაც ფორმალურ-სამართლებრივ და ვიწროდ ლეგალისტურ ცვლილებებში გამოიხატება - მიმართ. ეს დღის წესრიგში კიდევ ერთხელ აყენებს სისტემური ცვლილებების საჭიროებას.

სამწუხაროა, რომ ამგვარი სიტუაციის მიუხედავად სასამართლოს რეფორმის მეინსტრიმული ხედვა კვლავ ერთეული საკანონმდებლო მოდიფიცირებებით ცდილობს შექმნას პროგრესის განცდა. პროცედურების (გადაწყვეტილების დასაბუთება, კენჭისყრის ფარულობა და ა.შ.) შეცვლით ვითარების გამოსწორების მცდელობებს მხოლოდ არსებული წესრიგისთვის დამატებითი ლეგიტიმაციის მინიჭების რესურსი თუ აქვს. ამ დროს კი, კლანური მმართველობის მარწუხებში მოქცეული ქართული მართლმსაჯულება მოქალაქეებს უარს ეუბნება უფლებების დაცვაზე, მათი სოციალური და პოლიტიკური ინტერესების სათანადოდ უზრუნველყოფაზე. ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები სიტუაციის გამოსასწორებლად მკაფიო არჩევანის გაკეთებას მოითხოვს, რაც ძალაუფლების განაწილების ახალ და სამართლიან ლოგიკას შექმნის.  

ჩვენთვის ცხადია, რომ უმრავლესობის პრინციპზე (მაჟორტარიზმზე) დამყარებული მართვის სისტემის ეფექტიანობა მხოლოდ უსამართლობის გამრავლებას და არსებული ძალაუფლების ცენტრების გაძლიერებას ემსახურება. ამიტომ, გამოსავალს გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიურ, კონსენსუსზე ორიენტირებულ მექანიზმებზე გადაწყობაში ვხედავთ. მოცემულ ეტაპზე ეს არის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი, რომლის შესახებ მსჯელობაც შეიცავს იმგვარი გარდატეხის შანსს, რაც საბოლოოდ მართლმსაჯულებას არა კლანის, ან მმართველი პარტიის, არამედ საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ აამუშავებს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (GYLA)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (EMC)

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] European Commission for Democracy Through Law (Venice Commission), Opinion on the draft organic law amending The Organic Law on Common Courts, Strasbourg, 8 October 2020, Opinion No. 1001/2020, CDL-AD(2020)021-e, ევროპის საბჭოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/34HKVKH, განახლებულია: 09.10.2020.

[2] Statements by the Spokesperson, Georgia: Statement by the Spokesperson on the selection process of Supreme Court judges, 05/10/2020, ევროკავშირის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3luEQYZ, განახლებულია: 09.10.2020.

[3] Crucial issues still need addressing over the appointment of Supreme Court judges in Georgia, 9 October 2020, ევროპის საბჭოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/34FUQAx, განახლებულია: 10.10.2020.

[4] Venice Commission, დასახელებული დასკვნა, Par. 18.

[5] იქვე.