ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), რომლებიც მუსლიმი თემის ინტერესებს წარმოადგენენ, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის დროული განხილვისა და სამართლიანი სასამართლოს ბაზისური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დავის არსს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის აქტების კანონიერების შესწავლა და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა წარმოადგენს. სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 13 ივნისს დარეგისტრირდა, თუმცა მითითებულ საქმესთან დაკავშირებით დღემდე არცერთი სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა და არც დანიშნულა. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო მსგავსი კატეგორიის საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 თვისა. მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელი შეტანიდან 8 თვეა გასული, თუმცა როგორც აღინიშნა სასამართლოს მიერ დღემდე არცერთი სხდომა არ დანიშნულა.

სასამართლოებში გადატვირთულობის სისტემური პრობლემის აღიარების მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ განსახილველ საქმეში სასამართლომ საქმის განხილვის ყველა გონივრული ვადა დაარღვია, რაც სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ასევე მეჩეთის მშენებლობაზე მუსლიმი თემის მწვავე სოციალური საჭიროებისა და უფლების შეზღუდვის განგრძობადობის გათვალისწინებით, სასამართლოს უმოქმედობა სამართლებრივი მექანიზმების მიმართ ნდობის და ეროვნულ დონეზე ეფექტიანი და დროული მართლმსაჯულების განხორციელების შესაძლებლობას ასუსტებს.

ხელმომწერმა ორგანიზაციებმა დასაბუთებული განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და საქმეზე დროული რეაგირება ითხოვეს.