როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 25 მაისს, ნორიოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს შორის, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა სამხედრომ - სერგო ჯიმშერაშვილმა - თავის ტვინის დაზიანებები მიიღო და 25 მაისიდან 1 სექტემბრამდე კომაში იმყოფებოდა. სერგო ჯიმშერაშვილი 1 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ამ საქმეზე ბრალი წარედგინა ხუთ სამხედრო მოსამსახურეს, საიდანაც ერთი პირი ბრალდებულია სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ოთხი სამხედრო კი ბრალდებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე (სსკ-ის 376-ე მუხლი). ორივე საქმეს რუსთავის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

EMC, ოჯახის მომართვის საფუძველზე, გამოძიების წინაშე სერგო ჯიმშერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ინტერესებს იცავს.

ხსენებულ ორ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვების პარალელურად, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, 2018 წლის 27 აგვისტოდან, გამოძიება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების თანამშრომლების მიმართ. საქმეზე გამოძიება თავდაპირველად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტზე დაიწყო, მოგვიანებით კი, სამსახურებრივი სიყალბის კვალიფიკაცია მიენიჭა და გამოძიება დღემდე, სსკ-ის 341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) გრძელდება. გამოძიების დაწყებას საფუძვლად უდევს, ნორიოს ტყეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, შსს-ს მოსამსახურეების მხრიდან არასათანდო რეაგირება და არსებითი დაგვიანებით გამოძიების დაწყება.

გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ:

  • შსს-ს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების პასუხისმგებელმა მორიგემ, 2018 წლის 25 მაისს, 21:00 საათზე, სსიპ – „112“-დან მიიღო შეტყობინება, რომელიც ნორიოში სერგო ჯიმშერაშვილის უგონო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა. პოლიციის თანამშრომელს, მისი უშუალო ხელმძღვანელის მიერ ამ შეტყობინებაზე რეაგირება, შემთხვევის ადგილზე ასვლა და ვითარების გარკვევა დაევალა.
  • შეტყობინების მიმღებ პოლიციელს „112“-ის მიერ გადაცემული ინფორმაცია პირადად არ გადაუმოწმებია. ამის საწინააღმდეგოდ, მან „ვაიბერში“ შეტყობინება მისწერა უშუალო ხელმძღვანელს, რომ სერგო ჯიმშერაშვილმა გონება ჭარბი ალკოჰოლის მიღების გამო, ინტოქსიკაციის შედეგად დაკარგა და თითქოს ეს ინფორმაცია მან პირადად დაზარალებულთან - სერგო ჯიმშერაშვილთან საუბრის შედეგად მიიღო. მაშინ, როდესაც სერგო ჯიმშერაშვილის ნორიოში ცემისა და გონების დაკარგვის შემდგომ, ის გარდაცვალების მომენტამდე კომაში იმყოფებოდა და შესაბამისად, მომხდარის თაობაზე ვერავის გაესაუბრებოდა.
  • გამოძიების მიერ მოპოვებულია, ვაზიანის პოლიციის ამავე თანამშრომლის მიერ შედგენილი ზეპირი გასაუბრების ოქმები, „112“-ში შეტყობინების ინიციატორ პირთან, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმთან. ორივე ოქმში შეტანილი ინფორმაციით, „გამოკითხული“ პირები უარყოფენ სერგო ჯიმშერაშვილის დაზიანებების ფაქტს და ალკოჰოლურ ინტოქსიკაციაზე მიუთითებენ. გამოძიების მიერ გამოკითხულები არიან „112“-ის შეტყობინების ინიციატორი და სასწრაფოს ექიმი, რომლებიც უარყოფენ შემთხვევის დღეს პოლიციის მხრიდან მათთან გასაუბრების ფაქტს, ზეპირი გასაუბრების ოქმებზე მათი ხელმოწერების ნამდვილობას და გასაუბრების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეს.
  • ვაზიანის პოლიციის განყოფილების იგივე თანამშრომელს იმავე ღამეს, უკვე 26 მაისს ღამის 4 საათზე, ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალიდან გადაეცა შეტყობინება სერგო ჯიმშერაშვილის თავის დაუზუსტებელი ტრავმით შეყვანის, მისი კომატოზურ მდგომარეობაში ყოფნის თაობაზე. პოლიციის თანამშრომელს არც ამ შეტყობინებაზე მოუხდენია რეაგირება, არ მისულა საავადმყოფოში ვითარების პირადად გასარკვევად, არ დაუწყია გამოძიება სავარაუდო დანაშაულის ნიშნების არსებობის მიუხედავად.
  • აღნიშნული პოლიციელი შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურს აგრძელებს და იგი, შს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის XI განყოფილებაშია გადაყვანილი. გამოძიებაში მიცემული მისივე ჩვენებით ის ადასტურებს, რომ სერგო ჯიმშერაშვილის საქმეზე ვაზიანის განყოფილებაში 28 მაისს დაწყებულ გამოძიებაზე ელექტრონული წვდომა მას დღემდე გააჩნია და გამომძიებელთა სიაში ისევ დამატებულია.
  • ამ საქმეში პროკურატურის მიერ დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს სერგო ჯიმშერაშვილის ოჯახის არცერთ წევრს, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა თავად მიუთითებს ვაზიანის პოლიციის განყოფილების მიერ გამოძიების დაგვიანებული დაწყებით მტკიცებულებათა მოსპობისა და ობიექტური გარემოებების დადგენის გართულებაზე;

გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების პასუხისმგებელი მორიგის მხრიდან სავარუდოდ ჩადენილ დანაშაულთან ერთად, კითხვებს ბადებს ვაზიანის განყოფილების უფროსის, ისევე როგორც გარდაბნის რაიონული სამმართველოს უფროსის ქმედებები, რომლებიც შემთხვევის დღესვე ფლობდნენ ინფორმაციას სერგო ჯიმშერაშვილის დაზიანებების, საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე, თუმცა დასადგენია რა მოიმოქმედეს იმისთვის, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლის მხრიდან ამ შეტყობინებაზე დროული და ადეკვატური რეაგირება მომხდარიყო.

აუცილებლად მიგვაჩნია, გამოძიებამ დაადგინოს ვაზიანის პოლიციის განყოფილების კონკრეტული თანამშრომლის მიერ სერგო ჯიმშერაშვილის დაზიანების თაობაზე მიღებულ ორ შეტყობინებაზე რეაგირების არარსებობის მოტივი, ასევე გამოიკვლიოს, პოლიციელის უმოქმედებოდა/არასათანადო რეაგირება ასევე ხომ არ უკავშირდება მისი ზემდგომი პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიეს ვაზიანის პოლიციის განყოფლების კონკრეტული თანამშრომლის გადაწყვეტილებაზე, არ დაეწყო გამოძიება ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების გარდა, გამოძიების მიერ ასევე დასადგენია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომლების როლი სერგო ჯიმშერაშვილის საქმის გამოძიების დაგვიანებით დაწყებაში. ცნობილია, რომ სამხედრო პოლიცია სამხედრო პირებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისა და სერგო ჯიმშერაშვილის ცემის შესახებ 25 მაისს, კონფლიქტის დღესვე, ფლობდნენ ინფორმაციას, ისინი შემთხვევის ღამესვე მივიდნენ ჰოსპიტალში, სადაც სერგო ჯიმშერაშვილს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი დაპირისპირების გამოძიება სამხედრო პოლიციის ქვემდებარე არ იყო, გამოძიების მასალებით იკვეთება, რომ სამხედრო პოლიციას არაფერი მოუმოქმედებია მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შესაბამისი ორგანოების ინფორმირების და სათანადო რეაგირების უზრუნველსაყოფად. საქმის მასალებით ასევე არ იკვეთება მათი მცდელობა, სერგო ჯიმშერაშვილის მკურნალი ექიმებისთვის, დაზიანებების შესახებ რეალური ინფორმაცია მიეწოდებინათ.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას:

  • მიანიჭოს სერგო ჯიმშერაშვილის ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაზარალებულის სტატუსი;
  • გამოძიება წარიმართოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების პოლიციის თანამშრომელთა, ასევე მათი ხელმძღვანელი პირების შესაძლო პასუხისმგებლობის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით. საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეთა მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა;
  • გამოძიებამ სრულყოფილად შეისწავლოს სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა ქმედებების კანონიერება, ასევე დადგინდეს, სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაგვიანებით დაწყებით დაინტერესებული ყველა შესაძლო სამოქალაქო და სამხედრო პირის ვინაობა.

ამავე თემაზე: EMC სამხედრო პირებს შორის დაპირისპირების ფაქტს და დაზარალებული სერგო ჯიმშერაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება