ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ის დასაბუთება, რომელიც პრეზიდენტს აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად, არარელევანტურია და აცდენილი თავად შეწყალების კონცეფციასა და მიზანს.

დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას მისი ოჯახი და სასულიერო პირების ნაწილი, სახალხო დამცველი, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და პოლიტიკური ჯგუფები სასულიერო პირის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის, ციხეში სასჯელის მოხდის სირთულის და ასევე, ამ საქმეზე მართლმსაჯულების ფუნდამენტური ხარვეზების გამო ითხოვდნენ. სასულიერო პირი უკვე რამდენიმე თვეა პარალიზებულია და სათანადო გადაადგილების შესაძლებლობა წართმეული აქვს. ზოგიერთი სამედიცინო ექსპერტი ციხის პირობებში მისი მკურნალობის და სასჯელის მოხდის სირთულეზე ღიად საუბრობს.

გიორგი მამალაძის საქმე დეტალურად შეაფასა EMC-მ. ჩვენ საქმეზე არსებით ხასიათის პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტების დარღვევაზე ვუთითებდით, მათ შორის:

  • საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი მტკიცებულებების (დკაენოზის პირადი ნივთების და მათ შორის, მისი ჩემოდნიდან თითქოსდა ამოღებული ციანიდის) მოპოვების წესის ფუნდამენტურ დარღვევაზე, რის გამოც მათი ვალიდურობა და სანდოობა ეჭვქვეშ დადგა;
  • საქმის განხილვის დროს მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესის არსებით დარღვევაზე; სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი დარღვევაზე;
  • გიორგი მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების კვალიფიკაციის აშკარა პრობლემურობაზე;
  • გიორგი მამალაძის მიმართ მაღალი თანამდებობის პირების მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე. ს

საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე მნიშვნელოვან დარღვევებზე ასევე უთითებდა სახალხო დამცველი. ცხადია, რომ მართლმსაჯულების ამ ხერვეზების გათვალისწინებით, სასულიერო პირის შეწყალებას, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ჰუმანიზმის გამოვლენის გარდა, მისი დარღვეული უფლებების აღდგენის მნიშვნელობაც გააჩნდა.

ცხადია, რომ გიორგი მამალაძის საქმეს ჰქონდა პოლიტიკური კონტექსტი და ეს საქმე საეკლესიო წრეებში შიდა დაპირისპირების და კრიზისის მიზეზიც გახდა. თუმცა, 2019 წლის 31 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებამ სასულიერო პირის შეწყალების შეუამდგომლობის შესახებ შიდა კონფლიქტების დაძლევის და საპატრიარქოს შიგნით უფრო ჰუმანური მიდგომების გამოყენების მოლოდინი გააჩინა.

სამწუხაროდ, ეს მოლოდინი რელაური არ აღმოჩნდა და ამ პერიოდში საპატრიარქოს მაღალი იერარქების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები (მათ შორის იმის შესახებ, რომ მათ საკუთარი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს და დანარჩენი პრეზიდენტზეა დამოკიდებული, ასევე, რომ მათი შუამდგომლობების მხოლოდ 5 % აკმაყოფილებს პრეზიდენტი და დამატებითი კომენტარი ამ საქმეზე არ აქვთ) ამ შუამდომლობის ნომინალურობას უკვე აჩვენებდა. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ სინოდის აღნიშნულ შუამდგომლობას საპატრიარქოს წიაღში გაჩენილი მღელვარების შესუსტების და პასუხისმგებლობის მოხსნის მიზანი უფრო გააჩნდა, ვიდრე სასულიერო პირის რეალური მხარდაჭერა და საპატრიარქოში შექმნილი კრიზისის გადაჭრა. გიორგი მამალაძის გათავისუფლების შემდეგ. ამ საქმეზე და მის პოლიტიკურ და საეკლესიო კონტექსტზე ღია დისკუსიები როგორც ჩანს საპატრიარქოსთვის მიუღებელი იყო და ამდენად შეწყალების შესახებ სინოდის შუამდგომლობა უფრო ტაქტიკური ნაბიჯი იყო.

2020 წლის 6 იანვარს წინასაშობაოდ პრეზიდენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, დეკანოზის შეწყალებაზე უარის შესახებ, ეს ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მუდმივად არღვევს სეკულარულ მიდგომებს და თავად პრეზიდენტი საპატრიარქოს და პატრიარქის მიმართ ღია და პრობლემურ ლოიალობას ავლენს, ცხადია, იმის განცდა, რომ ამ საქმეზე პრეზიდენტი საპატრიარქოსგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არ არსებობს. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ შეწაყლებაზე პრეზიდენტის უარის დასაბუთება მკვეთრად პრობლემურ მიდგომებს და ახსნას შეიცავს. მისი დასაბუთება ამოვარდნილია შეწყალების კონცეფციიდან და მიზნებიდან. არც ერთი კომენტარი პრეზიდენტს არ გაუკეთებია სასულიერო პირის მძიმე ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის, საპატიმრო პიროიბებში სასჯელის მოხდის სირთულეების და ასევე, ამ საქმეზე მართლმსაჯულების ხარვეზების შესახებ.

პრეზიდენტმა მის საჯარო განცხადებაში სამი ძირითადი არგუმენტი გამოიყენა. კერძოდ, მან მიუთითა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს მან გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები: 1. საქმის პოლიტიზირების კონტექსტი და შეწყალების შემთხვევაში საზოგადოებრივი დაპირისპირების გაღრმავების რისკები; 2. ეკლესიის და ქართული სახელმწიფოს განუყოფლობის იდეა და ეკლესიაზე თავდასხმის პრობლემურობა სახელმწიფოსთვის; 3. პატრიარქის ფიგურის განსაკუთრებული მნიშვნელობა და მისი ავტორიტეტის და სიცოცხლის ხელყოფის მიუღებლობა პირადად მისთვის. ყველა ეს არგუმენტი დაუსაბუთებელი და პრობლემურია, რადგან:

  1. ცხადია, რომ დეკანოზის შეწყალებაზე უარი პირიქით კლერიკალურ წრეებში დაპირისპირებას გააღრმავებს და ამ საქმით უკმაყოფილო სასულიერო პირების წუხილებსა და საჯარო კრიტიკას გააძლიერებს;
  2. ეკლესიისა და სახელმწიფოს განუყოფლობაზე მსჯელობა აშკარად ამოვარდნილია სეკულარული სახელმწიფოს იდეისგან და დეკანოზის ბრალდების და სასამართლო განაჩენის სუსტი დასაბუთების პირობებში თავდასხმაზე ღიად მსჯელობა საქმის სამართლებრივი და ფაქტორივი გარემოებების უგულებელყოფაა;
  3. იმ პირობებში, როდესაც ოფიციალური ბრალდებით დაზარალებულ პირს პატრიარქის მდივარ-რეფერატი შორენა თეთრუაშვილი წარმოადგენს, პატრიარქის სიცოცლის ხელყოფის არგუმენტის გამოყენება უადგილოა და ის იმეორებს ამ საქმეზე ხელისუფლების მიერ შექმნილ ძველ პოლიტიკურ ნარატივს, რომ მათ სპეციალური სამსახურების დახმარებით ვერაგული დანაშაულისგან იხსნეს სახელმწიფო, ეკლესია და უშუალოდ პატრიარქტი. საქმის ამგვარი პოლიტიკური შინაარსი საბოლოოდ გამოძიებამვე უარყო.

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ამ საქმეზე უფლებების აღდგენისა და ჰუმანური მიდგომის რესურსი არ გამოიყენა და სასულიერო პირი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება შეწყალების მექანიზმის მიმართ ჰუმანურ მოლოდინებს ამძიმებს და ის პრეზიდენტის ხელში თვითნებური პოლიტიკური ბერკეტი უფრო ჩანს, ვიდრე ადამიანის უფლებების და ჰუმანიზმის დაცვაზე ორიენტირებული მექანიზმი.

EMC უახლოეს დღეებში მოინახულებს პატიმრობაში მყოფ სასულიერ პირს და ამ საქმეზე მის სამართლებრივ მხარდაჭერას გააგრძელებს.