ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება საქართველოს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, ე.წ. ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარების შესახებ კონსტიტუციური ცვლილებების განხილვის პროცესს და პარლამენტს მოუწოდებს დაყოვნების გარეშე დაუჭიროს მხარი ამ ინიციატივას.

 

EMC მიიჩნევს, რომ საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა ხელს უშლის მმართველობის დემოკრატიული პროცესების განვითარებას, ზრდის დომინანტური პარტიის ხელში ძალაუფლების კვლავ კონცენტრაციის რისკებს, ქმნის ორპარტიულ პოლიტიკურ ლანდშაფტს, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს ისედაც არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას, ამცირებს ახალი პოლიტიკური ჯგუფების გაჩენისა და ინსტიტუციურ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობებს და ზღუდავს პოლიტიკურ დღის წესრიგში უფრო ფართო სოციალური ჯგუფების ინტერესების, საჭიროებების და წუხილების შემოტანის პერსპექტივას.   

 

EMC-მ დადებითად შეაფასა მმართველი ძალის დაპირება,[1] რომლის თანახმადაც 2020 წლიდან, საქართველო უარს იტყოდა შერეული მოდელით არჩევნების ჩატარებაზე. ჩვენი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება იყო არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისა და მასობრივ სოციალურ პროტესტზე რეაგირების მნიშვნელოვანი გზა. თუმცა, როგორც პარლამენტში დღეს მიმდინარე განხილვებიდან იკვეთება, ამ დაპირების შესრულება საფრთხის ქვეშ დგას, რასაც ამ ინიციატივასთან ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების დაპირისპირება ადასტურებს.

პარლამენტში მიმდინარე განხილვების გათვალისწინებით, საჭიროდ მივიჩნევთ კიდევ ერთხელ განვმარტოთ:

საქართველოში არსებული პოლიტიკური ველი სრულად გაუცხოებულია საზოგადოებისგან და მოსახლეობის რეალურ ინტერესებს არასაკმარისად გამოხატავს. საკანონმდებლო ორგანოში ხალხის საჭიროებებზე რეალური და ქმედითი პოლიტიკის წარმართვის ნაცვლად, ვიწროპარტიული, ელიტური და კერძო ინტერესებით მოტივირებული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს.

 

საჯარო სივრცე მონოპოლიზებული აქვს ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას და მათ ურთიერთდაპირისპირებას, რა დროსაც უგულებელყოფილია ღრმა სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები და მათი სისტემური მიზეზები. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს განცდა, რომ მათი ინტერესები, საჭიროებები და წუხილები პოლიტიკურად არტიკულირებულია და არსებობს მათი გადაჭრის ხედვები და გზები. პოლიტიკური კლასის მიმართ არსებული უნდობლობა საზოგადოებაში ზოგადად პოლიტიკის და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობას ამცირებს და უიმედობას ამძაფრებს.

 

ჩვენს პოლიტიკურ ველს, რომელიც დღეს მკვეთრად კონფლიქტური, ანტისოციალური და არადემოკრატიულია და სრულად დისტანცირდა ხალხის რეალური ინტერესებისგან, სასიცოცხლოდ სჭირდება ახალი პოლიტიკური ჯგუფების შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში და საზოგადოებაზე ორიენტირებული პროგრესული და უფრო ინკლუზიური დღის წესრიგი. არსებული კონსტიტუციური ცვლილება ამ პროცესისთვის ახალ შესაძლებლობას აჩენდა.

 

აღსანიშნავია, ისიც, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა სოციალური პროტესტის შედეგია და ეს ინიციატივა ხელისუფლებამ სწორედ მასობრივი სოციალური უკმაყოფილების ფონზე დააყენა. ეს  გადაწვეტილება ბოლო პერიოდში საზოგადოებასა და პოლიტიკურ ჯგუფებში კონსენსუსის მიღწევის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახდა, რის გამოც მან ინსტიტუციური მნიშვნელობის გარდა, დამატებითი პოლიტიკური ღირებულება შეიძინა. პოლიტიკური პოლარიზებისა და კონფლიქტის პირობებში ამგვარი კონსენსუსის შექმნას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მმართველი ძალა აცნობიერებდეს საზოგადოების წინაშე მის ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს მის მიერ გაცემულ პოლიტიკურ დაპირებებს.

 

ჩვენი შეფასებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა გახდეს საფუძველი, რომლითაც გამოირიცხება რომელიმე პოლიტიკური ძალის ხელში ძალაუფლების ჭარბი და დაუბალანსებელი კონცენტრაცია. ამ მხრივ, არსებული მძიმე გამოცდილებებისა და რეალობის გათვალისწინებით, პროპორციული სისტემა დემოკრატიული მმართველობის განმტკიცების მნიშვნელოვან გამოსავლად ისახება.

 

ჩვენთვის ეჭვებს აძლიერებს ამ ინიციატივასთან ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების დაპირისპირების ნამდვილობის საკითხი. იმ პირობებში, როდესაც ეს ფიგურები როგორც წესი, არც ერთ სოციალურად და პოლიტიკურად მნიშვნელოვან საკითხზე არ პოზიცინირებენ და არც კრიტიკულობითა და დამოუკიდებლობით გამოირჩევიან, ჩნდება კითხვა, რამდენად ნამდვილია ამ საკითხზე დღეს მათი დაპირისპირება მათივე პარტიასთან. მით უფრო, რომ ქართული ოცნება მკვეთრად ცენტრალიზებული და ავტორიტარულად ორგანიზებული პარტიაა და ამ პირებს საჯარო ნდობის და ლეგიტიმაციის დამოუკიდებელი რესურსი თითქმის არ გააჩნიათ. იმ პირობებში, როდესაც მმართველი პოლიტიკური გუნდის საზოგადოებრივი მხარდაჭერა მაღალი არ არის, 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩაგდება პარლამენტში, უმრავლესობის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების და მისი დაკარგვის შიშად შეიძლება იკითხებოდეს.

 

აქვე უნდა ითქვას, რომ მიუღებელია მაჟორიტარი დეპუტატების აზრი იმის შესახებ, რომ ისინი შუალედური რგოლები არიან თვითმმართველობებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის და მათი როლი თვითმმართველობებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, ეს შეფასება არ შეესაბამება თვითმმართველობის იდეას, უპირისპირდება დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის გაძლიერების პოლიტიკას და არ შეიძლება ლეგიტიმურ დასაბუთებად ჩაითვალოს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს მმართველ გუნდს, ოპოზიციურ პარტიებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს, გააცნობიერონ ის სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი, რამაც არსებული კონსტიტუციური ცვლილებების საკითხი დღის წესრიგში დააყენა და მოუწოდებს პარლამენტს მხარი დაუჭიროს წარმოდგენილ კონსტიტუციურ ცვლილებებს.