ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება  რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან ექსპტრადირებული იაროსლავ სუმბაევის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. წერილში, რომელიც მედიამ გაავრცელა, სუმბაევი დეტალურად აღწერს იმ მძიმე და არაადამიანურ პირობებს, რომელშიც ყოფნა რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უწევს. EMC მიიჩნევს, რომ  წერილში მითითებული გარემოებები, მართლაც ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მის მიმართ საერთაშორისო სამართლით გარანტირებული არაერთი უფლება ირღვევა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში EMC-მ რუსეთში ექსტრადირებული არაერთი პირის საქმე შეისწავლა. ამ საქმეებში როგორც წესი, ბუნდოვანია ექსტრადირების საფუძვლები, რაც ქმნის ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება, ამ საკითხში, ლოიალურია რუსეთის ფედერაციის მიმართ და არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს.

რამდენიმე დღის წინ, სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა სუმბაევის წერილი, სადაც ის საუბრობს რუსეთის ფედერაციის საპატიმრო დაწესებულებაში მის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. კერძოდ, სუმბაევი წერილში უთითებს, რომ საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების შემდგომ მის მიმართ სისტემატურად ირღვევა საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება.  სუმბაევი განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაციაში მისი ექსპტრადირების შემდგომ, საერთაშორისო სამართლის ნორმების საწინააღმდეგოდ, პროკურატურამ დაიწყო ახალი გამოძიება  გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის ფაქტზე და მისგან ითხოვენ ამ დანაშაულის ჩადენის აღიარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოჯახის წევრების (მათ შორის არასრულწლოვანი შვილის) დაკავებით, არასათანადო მოპყრობითა და მოკვლით ემუქრებიან.  წერილში სუმბაევი საუბრობს, რომ დანაშაულის აღიარების იძულების მოტივით, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წევრები მოქმედებენ უშუალოდ კომიტეტის უფროსის ალესანდრ ვასტრიცკის დავალებით და აყენებენ სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას, გამუდმებით ემუქრებიან შვილის ჩამორთმევით, თვეში სამჯერ სათანადო დასაბუთების გარეშე უტარებენ პირად სრულ შემოწმებას (რაც გულისხმობს გაშიშვლებას) ვიდეოგადაღების თანხლებით, არ უტარებენ საჭირო მკურნალობას და არ უზრუნველყოფენ მედიკამენტებით. სუმბაევის განცხადებით მას სრულად აქვს აკრძალული ოჯახის წევრებთან კონტაქტი და გართულებულია ადვოკატთან კომუნიკაცია. კერძოდ, წერილში სუმბაევი უთითებს, რომ მის ადვოკატს მასთან შეხვედრისთვის დაახლოებით 4-5 საათით მოსაცდელში აყოვნებენ, ხოლო შეხვედრა აუდიო-ვიდეო ფორმატით ეწერება.  სუმბაევი განმარტავს, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან ერთად, მას ეზღუდება დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. მისი განმარტებით,  მას საგამოძიებო კომიტეტი და სასამართლო არ აძლევს  უდანაშაულობის დამდასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებისა და წარდგენის შესაძლებლობას, რამდენადაც მტკიცებულების მოპოვების შესახებ მისი არცერთი შუამდგომლობა არ კმაყოფილდება სასამართლოს მიერ. ამასთან ერთად, სუმბაევი აღნიშნავს, რომ იგი საქართველოში არსებული სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი და არ ეძლევა დისტანციურად სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

როგორც ცნობილია, პროგრამისტის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში გასული წლის 24 ოქტომბერს მოხდა. რუსეთის ფედერაცია მას კიბერდანაშაულისა და თაღლითობისთვის ეძებდა.  დაცვის მხარე ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესების ფარგლებში მუდმივად ამტკიცებდა, რომ ექსტრადირების შემთხვევაში სუმბაევი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რის გამოც მისი გადაცემა რუსეთის ხელისუფლებისთვის დაუშვებელი იყო. თუმცა, ეს საფრთხეები არ გაიზიარა იუსტიციის სამინისტრომ და საერთო სასამართლოებმა იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო  რუსეთის გენერალური პროკურატურის გარანტია, რომ სუმბაევი არ დაექვემდებარებოდა წამებასა და არასათანადო მოპყრობას.

. EMC-ს შეფასებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციაში,  სუმბაევის ექსტრადირების შემდგომ, მის წინააღმდეგ დაიწყო ახალი გამოძიება (მკვლელობის ფაქტზე) დანაშაულზე, რაც სასჯელის სახით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.  უნდა აღინიშნოს, რომ სუმბაევის მიმართ, ექსტრადირების შემდგომ, ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებისა და ბრალის წარდგენისთვის აუცილებელია საქართველოს თანხმობა, რასთან დაკავშირებითაც რუსეთის ფედერაციამ უკვე მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და შუამდგომლობა განხილვის პროცესშია.

უნდა აღინიშნოს, რომ ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ცალსახად კრძალავს პირის იმ სახელმწიფოში ექსტრადირებას, სადაც შესაძლოა სასჯელის სახით გამოიყენონ სიკვდილით დასჯა, მაშინ როცა სახელმწიფო ვერ წარმოადგენს საკმარის გარანტიებს, რომ ამგვარი განაჩენი არ იქნება სისრულეში მოყვანილი.  ამის  გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ დეტალურად შეისწავლოს ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოითხოვოს ინფორმაცია  სუმბაევის მიმართ გამოვლენილ მოპყრობასთან დაკავშირებით და ზუსტად შეაფასოს მის მიმართ უკანონო და არასამართლიანი დევნის შესაძლებლობა.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში არაერთ პირთა ექსტრადირება მოხდა. EMC-ის მიერ შესწავლილი საქმეები აჩვენებს, რომ  უმეტეს შემთხვევაში ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირები მათ მიმართ რუსეთის ფედერაციაში არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებზე საუბრობდნენ, თუმცა ყველა შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოდგენილ საგარანტიო წერილზე და ადამიანის უფლებათა სფეროში რუსეთის ფედერაციის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებზე მითითებით იღებს ექსტრადიციის გადაწყვეტილებას.  მსგავს ფორმალურ გარანტიაზე მითითება განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებით ხშირად მახვილდება ყურადღება რუსეთის ფედერაციაში ადამიანთა უფლებების მასობრივ, მძიმე დარღვევებზე და საპატიმრო დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე. რუსეთის ციხეებში ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევის პრაქტიკაზე არაერთი გადაწყვეტილებაა გამოტანილი ევროპული სასამართლოს მიერ (CASE OF MAGNITSKIY AND OTHERS v. RUSSIA; Applications nos. 32631/09 and 53799/12, 27.08.2019). აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშის[1] თანახმად პატიმრებზე ძალადობა ციხის თანამშრომლების/სხვა პატიმრების მხრიდან, ჯანდაცვის სერვისებზე მიუწვდომლობა, საკვებისა და სანიტარული პირობების უკმარისობა საერთო მახასიათებელია ყველა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებისთვის რუსეთში. ზემოთ აღნიშნული შეფასებების გათვალისწინებით, გაუგებარია, რომელ წყაროზე დაყრდნობით მიიჩნევენ  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და საერთო სასამართლოები, რომ  რუსეთი ფედერაციის სასჯელაღსრულებით სისტემაში დაცულია ადამიანის უფლებები და ექსტრადირებული პირები  არ დაექვემდებარებიან არასათანადო მოპყრობას. ამგვარ ვითარებაში კი ჩნდება ეჭვი საქართველოს სახელმწიფო უწყებების მხრიდან რუსეთის ფედერაციასთან ლოიალურობაზე და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაზე, რამაც საბოლოოდ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს ქვეყნის ინტერესები საერთაშორისო დონეზე.

ამის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს:

  • არ დააკმაყოფილოს რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობა იაროსლავ სუმბაევის მიმართ ახალი ბრალდების წარდგენის თაობაზე;
  • გაიაზროს რუსეთის ფედერაციაში ექტრადირების გადაწყვეტილებების პრობლემურობა და ყველა სხვა მსგავს საქმეში უზრუნველყოს საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობის პრინციპების განუხრელი დაცვა.

EMC აგრძელებს რუსეთის ფედერაციაში საქართველოდან ექსტრადირებულ პირთა საქმეების შესწავლას და გამოკვეთილი ტენდენციების შესახებ  უახლოეს მომავალში საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] https://www.state.gov/wp-content/uploads/2019/03/RUSSIA-2018-HUMAN-RIGHTS-REPORT.pdf გვ. 8-10