ფოტო: მთავარი არხი

EMC ეხმაურება რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოების განახლების პროცესს, რაც საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზების და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ხელშეშლის ფონზე მიმდინარეობს. EMC მოუწოდებს ხელისუფლებას გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, შეაჩეროს ნამახვნაჰესის მშნებლობის უკანონო პროცესი და საპოლიცო ძალების მობილიზების ნაცვლად, გადადგას ნაბიჯები ადგილზე ვითარების განმუხტვისათვის.

ადგილობრივების ინფორმაციით კომპანია “ენკამ” გუშინ უკანონოდ წამოიწყო ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, რაზეც მეტყველებს ხეობაში მძიმე ტექნიკისა და კომპანიის პერსონალის მობილიზაცია. ადგილზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებით ადგილობრივები მიუთითებენ, რომ სამშენებლო ტერიტორია მზადდება აფეთქებითი სამუშაოებისთვის, რაც შეუქცევადი ზიანის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს.

ამავდროულად, სამუშაოების დაწყებასთან ერთად ხეობაში გამოჩნდნენ დამატებითი საპოლიციო ძალები, რომლებიც ზღუდავენ ხეობაში ადგილობრივთა გადაადგილებას და პროტესტის მშვიდობიანი ფორმის მიუხედავად, მიმართავენ მკაცრ რეპრესიულ ზომებს. EMC-ის ინფორმაციით ამ დროისთვის დაკავებულია პროტესტის მონაწილე ერთი პირი. ხაზგასასმელია, რომ ეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მიმართ საპოლიციო ძალების გამოყენების პირველი შემთხვევა არ არის - 2020 წლის 14 ნოემბერს და თებერვლის დასაწყისში სახელმწიფომ სოფელ ჟონეთში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული აქცია საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა. თებერვლის დასაწყისში კი პოლიციამ აქციის მონაწილეების კარავიც აიღო, რის შემდეგაც ადგილობრივებს ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ უწევდათ უწყვეტი პროტესტის გაგრძელება. ეს ზომები ადგილობრივი მოსახლოების გამოხატვის თავისუფლების ცალსახა ხელყოფაზე მიუთითებს.

ადგილობრივთა არაერთი მოწოდების თუ მცდელობის მიუხედავად, დაგეგმილი ჰესის შესახებ ჩართულობითი და ქმედითი დიალოგის წარმართვაზე მთავრობისა და კომპანიის წარმომადგენლები რამდენიმე თვეა უარს ამბობენ. საქართველოს პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა უარი თქვა საკითხის განხილვაზე, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა შეთავაზებები მოსახლეობის ინფორმირებით შემოიფარგლება და პროცესში მათ არსებით ჩართულობას გამორიცხავს. ამ ფონზე კი მშენებლობის განახლება და მიმდინარე სამუშაობის ასეულობით პოლიციელის მობილიზების ფონზე წარმართვა, ზრდის ადგილზე პროცესების ესკალაციის რისკებს, რაზეც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას:

  • გამოიყენოს ყველა ბერკეტი ნამახვანჰესის მშენებლობის პროცესის შესაჩერებლად, რაც ადგილზე ვითარების განმუხტვის უპირობო საფუძველია;
  • არ დაუშვას ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მიმართ საპოლიციო ზომების გატარება და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.
  • შესთავაზოს ადგილობრივ მოსახლეობას გამჭრივალე და დემოკრატიული ფორმატი ნამახვანჰესის მშენებლობის მიზანშეწონილობის თაობაზე სათანადო და ინკლუზიური მსჯელობისათვის;