EMC ეხმიანება სს “ელმავალმშენებელ” ქარხანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. დასაქმებულთა განცხადებით, ქარხანაში მძიმე მდგომარეობაა შრომითი პირობების კუთხით - თანამშრომლებს 6 თვეა არ მიუღიათ კუთვნილი ანაზღაურება.

სს “ელმავალმშენებელი” ქარხნის თანამშრომლები საკუთარი შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 5 მარტს 12:00 საათზე მასშტაბურ აქციას აანონსებენ. (მის: მეტრო გურამიშვილის მიმდებარე ტერიტორია, გურამიშვილის ქ. #84)

ამჟამად, ქარხნის თანამშრომლები საკუთარი შრომითი უფლებების დაცვის მიზნით დამსაქმებლებთან კოლექტიურ შრომით დავას აწარმოებენ. დანიშნულია შრომითი მედიატორი, რომელსაც უნდა უზრუნველეყო მხარეებს შორის მოლაპარაკების გამართვა, თუმცა, დამსაქმებელმა უარი განაცხადა მოლაპარაკება ეწარმოებინა „რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან“, რომელიც ამ შრომით დავაში მონაწილე მუშების ინტერესს წარმოადგენს. დამსაქმებელი მედიაციის პროცესში „რკინიგზელთა პროფკავშირის“ ჩართვას ითხოვს. თავის მხრივ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს უკანასკნელი, ე.წ. „ყვითელ პროფკავშირს“ წარმოადგენს და დამსაქმებლის ინტერესების გამტარია.

კოლექტიური შრომითი დავების პერიოდში „ყვითელი პროფკავშირების“ დამსაქმებლის ინტერესებისადმი მიკერძოებული ხმით, მშრომელების სამართლიანი მოთხოვნების გადაფარვა და დელეგიტიმაცია, სამწუხაროდ სისტემურ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დასაქმებულთა გაერთიანების თავისუფლებას. ამ პროცესში განსაკუთრებულ გამოწვევად კი, დამსაქმებელთა მხრიდან დამოუკიდებელი პროფკავშირების საქმიანობისთვის ხელის შეშლა დგას.

აღნიშნულ პროცესში იკვეთება ასევე, შრომითი მედიაციის არსებული მექანიზმის არაფექტიანობა და მისი რეფორმირების საჭიროება. შრომითი მედიაციის არსებულმა მექანიზმმა ვერ მოახერხა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ძალაუფლებრივი უთანასწორობის დასაბალანსებლად პროცესში დასაქმებულთა წარმომადგენელი პროფესიული გაერთიანების მონაწილეობა.

გარდა ამისა, აუცილებელია შრომითი ინსპექციის მექანიზმით დამსაქმებლის შრომითი კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების აღსრულება მოხდეს, რაც უზრუნველყოფს შრომითი დავის პრევენციას. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, შრომითი ინსპექციის მანდატი მხოლოდ შრომით უსაფრთხოებაზე ვრცელდება.

EMC მოუწოდებს სს “ელმავალმშენებელი” ქარხნის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს პროფესიული კავშირების საქმიანობის ხელის შეშლა და უზრუნველყოს დასაქმებულთა თანასწორი და თავისუფალი გაერთიანების შესაძლებლობა.

EMC განაგრძობს მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას და მხარდაჭერას უცხადებს “ელმავალმშენებელი” ქარხნის მუშებს არსებულ კოლექტიურ შრომით დავაში.