EMC ეხმიანება 2020 წლის 24 აგვისტოს გამოცემულ სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რომელშიც სახალხო დამცველი ადგენს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების - თეონა თურმანიძი, მალხაზ რეხვიაშვილის, სოფიო ჟღენტის და თეონა ხარაბაძის საქმეებზე დაირღვა მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნები, ხოლო თეონა თურმანიძისა და თეონა ხარაბაძის მიმართ ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის გამო. შეგახსენებთ, რომ მალხაზ რეხვიაშვილის, სოფიო ჟღენტის და თეონა ხარაბაძის ინტერესებს სასამართლოში EMC იცავს.

წარმოგიდგენთ ოთხივე საქმეზე სახალხო დამცველის შეფასების მოკლე მიმოხილვას.

2020 წლის 21 აპრილის მაუწყებლის დირექტორის ბრძანებით, თეონა თურმანიძის მიმართ გამოიყენეს დისციპლინური სანქცია და მას დროებით შეეზღუდა სატელევიზიო წამყვანის საქმიანობის უფლება. დისციპლინური სანქციის საფუძველი გახდა სოციალურ ქსელში მაუწყებლის მენეჯმენტის სხვადასხვა გადაწყვეტილების კრიტიკა (მათ შორის, სოფო ჟღენტის მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკიდან ჩამოშორების საკითხი). სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენები საჯარო ინტერესის სფეროში ექცეოდა და თეონა თურმანიძეს სრული უფლება ჰქონდა საჯაროდ გაეკეთებინა ის განცხადება, რომლის გამოც მის მიმართ დისციპლინური დევნა განხორციელდა. ამასთან, აღნიშნული უფლების შეზღუდვა და შემდგომ მისი განთავისუფლება (დევნა) მიჩნეულ იქნა პირდაპირ დისკრიმინაციად.

2020 წლის 11 მაისის ბრძანებით მალხაზ რეხვიაშვილი განთავისუფლებულ იქნა მაუწყებლის საავტორო-შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის საღამოს გადაცემის წამყვან-რეპორტიორის პოზიციიდან. განთავისუფლების საფუძველი გახდა მალხაზ რეხვიაშვილის 2020 წლის 21 აპრილის სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტი, რომლითაც მან გააკრიტიკა მაუწყებლის მენეჯმენტი თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნის გამო. მალხაზ რეხვიაშვილის საქმეზე სახალხო დამცველი ხაზს უსვამს ჟურნალისტის განსაკუთრებულ როლს საზოგადოებაში და იმას, რომ ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტური საქმიანობის ნაწილია. იმის გათვალისწინებით, რომ მალხაზ რეხვიაშვილი ჟურნალისტი და ამავდროულად მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირისთავჯდომარეა, პროფესიული კავშირის წევრის, ამ შემთხვევაში თეონა თურმანიძის, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მის არა უფლებას, არამედ ვალდებულებასაც კი წარმოადგენდა. ამ მიზეზების გამო, სახალხო დამცველმა რეხვიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია.

სახალხო დამცველმა უკანონოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ სოფო ჟღენტს ჩამოერთვა კანონმდებლობით მინიჭებული უფლება სათანადო მონაწილეობა მიეღო ონლაინ მედიის სამსახურის დებულების შეცვლის პროცესში. ასევე, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა დასაქმებული თანხმობის გარეშე შეცვლილიყო მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობა.

თეონა ხარაბაძის საქმეზე სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ის გადაიყვანეს ქუთაისში სამუშაოდ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ჩამოეშორებინათ სატელევიზიო ეთერს, რადგან იგი აქტიურად აშუქებდა მაუწყებელში მიმდინარე მწვავე მოვლენებს და როგორც ჟურნალისტი და ალტერნატიული პროფესიული კავშირის წევრი აკრიტიკებდა მაუწყებლის ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებების გამო. სახალხო დამცველმა მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებები თეონა ხარაბაძის მიმართ მიიჩნია პირდაპირ დისკრიმინაციად განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის გამო.

სახალხო დამცველი მოუწოდებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს, რომ გააუქმოს სადავო აქტები.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი მის ვრცელ რეკომენდაციაში არსებითად იზიარებს იმ სამართლებრივ დასაბუთებას და არგუმენტაციას, რომელიც სამ საქმეზე სასამართლოში უკვე გაგზავნილ სარჩელებში წარმოდგენილია EMC-ის მიერ. EMC რეკომენდაციის ტექსტს სასამართლოს მალევე გაუზიარებს და ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველის შეფასებები კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მალხაზ რეხვიაშვილის, სოფიო ჟღენტის და თეონა ხარაბაძის სამართლებრივი ინტერესებისა და უფლებების დაცვის პროცესს.