2020 წლის 16 სექტემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია[1] საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ.[2] რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში შრომის კანონმდებლობის ხარვეზებს ეხება.[3] EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი დაუჭიროს შრომის კანონმდებლობის ცვლილებათა პაკეტს და სხვა მნიშვნელოვან რეგულაციებთან ერთად უზრუნველყოს სრულფასოვანი შრომის ინსპექციის შექმნა.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გამოთქმულ სხვა რეკომენდაციებთან ერთად, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, გააგრძელოს შრომის კანონმდებლობის ყოვლისმომცველი რეფორმა. რეზოლუცია ხაზს უსვამს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცვლილების გზით შრომის ინსპექტირების სრულად აღჭურვილი მექანიზმის ჩამოყალიბების განსაკუთრებულ საჭიროებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამუშაო ადგილას არსებული საფრთხეებისა და შრომითი უფლებების დაცვის გამართული მონიტორინგი. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია იქვე მიუთითებს სათანადო ანტი-დისკრიმინაციული მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე და, ამასთან, მოუწოდებს საქართველოს, მოახდინოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ყველა რელევანტური კონვენციის რატიფიცირება.

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ალტერნატიული ანგარიშგების პროცესში EMC-იც მონაწილეობდა. ჩვენი ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი დაუჭიროს საქართველოს „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების შესახებ ორგანული კანონის პროექტსა და დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს და ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვისა და საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზაზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] რეზოლუცია ხელმისაწვდომია: https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-9-2020-0221_EN.pdf.

[2] ზოგადი ინფორმაცია რეზოლუციის შესახებ ხელმისაწვდომია: https://www.europarl.europa.eu/news/en/press-room/20200910IPR86836/parliament-welcomes-the-continuous-deepening-of-eu-georgia-relations.

[3] ანგარიში ხელმისაწვდომია: https://www.europarl.europa.eu/doceo/document/A-9-2020-0136_EN.pdf?fbclid=IwAR0VRjyo5BIfJWI2ngNNNCzNs0BR4vU5LcZFhy12kON0gGSwtHpCq-fMp2I.