„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ ეხმიანება ევროპის პარლამენტის მიერ მიმდინარე წლის 16 სექტემბერს დამტკიცებულ რეზოლუციას, ევროპის კავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე. რეზოლუციაში შეფასებულია ქვეყნის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხები.

  • სასამართლო სისტემა

რეზოლუცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე და სასამართლოს მდგომარეობას, კვლავ შემაშფოთებლად მიიჩნევს. დოკუმენტის თანახმად, ბოლო პერიოდში უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ გამწესების პროცესში გამოვლინდა გამჭვირვალობის ნაკლებობა, გადახრა ობიექტური, დამსახურებაზე დაფუძნებული კრიტერიუმებიდან და პროცესზე პოლიტიკური გავლენების არსებობა.[1]

ასევე აღნიშნულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბოლოდროინდელი შერჩევის წესები ბოლომდე არ შეესაბამებოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და სერიოზულ ხარვეზებს შეიცავდა. რეზოლუციის თანახმად, მნიშნველოვანია, ახალ მოსამართლეთა გამწესებამდე, მათი შერჩევის წესში ცვლილებები განხორციელდეს, რაც უზრუნველყოფს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულებას. ავტორები ხაზს უსვამენ დეპოლიტიზირებული სასამართლო სისტემის მნიშვნელობას, უზენაეს სასამართლოსა და სხვა სასამართლო ინსტიტუციებში მოსამართლეთა გამწესების პროცესში პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფალ, გამჭვირვალეობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ მიდგომებს.[2] დოკუმენტში აგრეთვე აღნიშნულია პროკურატურის სისტემაში შემდგომი რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე.

რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მიმართ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებითაც, რამაც მნიშვნელოვნად შეასუსტა ნდობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეთა წარმოებისგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობის პრინციპს.[3]

  • 20-21 ივნისის მოვლენები

რეზოლუცია ასევე შეეხება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს და მოუწოდებს ხელისუფლებას,  გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტები. რეზოლუციაში ხაზგასმულია დამნაშავეთა დაუსჯელობის თავიდან აცილების, მთავრობის მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის აუცილებლობა.[4]

  • ოკუპირებული რეგიონები და ადამიანის უფლებები

დოკუმენტი გმობს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტებს. აგრეთვე გაკრიტიკებულია საოკუპაციო ზონებში მიმდინარე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი.[5]

რეზოლუციაში მხარდაჭერილია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და შსს-ს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის საქმიანობა, თუმცა ხაზგასმულია უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის მეტი ნაბიჯების საჭიროება. ანგარიში ასევე ხაზგასმულია ბავშვთა დაცვის საკითხები, მათ შორის ბავშვთა მიმართ ძალადობის და სექსუალური ექსპლუატაციის პრევენცია, ასევე განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფა.[6]

რეზოლუცია სახელმწიფოს მოუწოდებს, მეტი ნაბიჯები გადადგას შრომითი კანონმდებლობისა და პრაქტიკის დასახვეწად, გარემოს დაცვის სტანდარტების გასაუმჯობესებლად და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

ანგარიშში პრობლემურად არის მიჩნეული ქვეყანაში არსებული პოლარიზებული და ანტაგონისტური პოლიტიკური გარემო. ამ მიმართულებით, ხაზგასმულია ნდობასა და კონსტრუქციულ დიალოგზე დაფუძნებული თანამშრომლობის აუცილებლობა სახელმწიფო უწყებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. რეზოლუცია აგრეთვე მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს პოლიტიკური დიალოგი პოლიტიკურ აქტორებსა და მოქალაქეებს შორის; აგრეთვე, სრულყოფილად განახორციელოს სახელმწიფო უწყებებზე საზედამხედველო და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების სექტორზე.[7]

რეზოლუციაში განხილული გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებას წლების განმავლობაში აქტიურად ითხოვენ ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები და უფლებადამცველები. აღნიშნული საკითხები დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე და მნიშვნელოვანია, რომ ჩამოთვლილი პრობლემები აქტიურად დგას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პოლიტიკურ დღის წესრიგში.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-9-2020-0221_EN.pdf, G.

[2] იქვე, პუნქტი 13.

[3] იქვე, პუნქტი 12.

[4] პუნქტი 15.

[5] პუნქტი 18.

[6] პუნქტი 21.

[7] პუნქტები 22-24.