3 ივლისს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს (OHCHR) მოკლე ანაგრიში წარუდგინა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის დამოუკიდებელი მექანიზმების არარსებობის პირობებში უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმაციას უმაღლესი კომისრის ოფისისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

OHCHR ანგარიში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შესაბამისი რეზოლუციის საფუძველზე უკვე მეოთხე წელია ვრცლად აღწერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებულ მძიმე ვითარებას. EMC-ის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ყურადღებას ამახვილებს 2019 წელს მომხდარ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებებზე, მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე.

კერძოდ, EMC-ის ანგარიშში მიმოხილულია 2019 წლის სექტემბერში ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი, გადაადგილების თავისუფლების არაკანონიერი და თვითნებური ჩაკეტვის შედეგად შექმნილი მძიმე უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა. ანგარიშში საუბარია თვითნებური დაკავებების გახშირებულ შემთხვევებზე, მათ შორის ახალგორის იზოლაციის პირობებში ამგვარი შემთხვევების გახშირებაზე და ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საქმეზე.

ამასთან, ანგარიშში აღწერილია Covid-19 პანდემიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ყურადღება გამახვილებულია ცხინვალის რეგიონში არსებულ იზოლაციის პოლიტიკაზე, რომელმაც ადგილობრივებს დროულ და ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა. გარდა ამისა, საუბარია დე-ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკაზე, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებდა ვირუსის გავრცელებაში. ანგარიში ასევე ეხება ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ სამი წლის მანძილზე მიმდინარე დევნის საქმეს. EMC აღნიშნულ საქმეზე სარჩელს ამზადებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

ანგარიში დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში

Report_for_OHCHR_1594029670.pdf