2019 წლის 17 დეკემბერს 15 წლის ლუკა სირაძე გარდაიცვალა. მოზარდმა რამდენიმე დღით ადრე სცადა თვითმკვლელობა და სამწუხაროდ, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტრაგიკულ შემთხვევას წინ უძღვოდა ლუკა სირაძის რამდენიმესაათიანი დაკითხვა თბილისის ერთ-ერთი კერძო სკოლის ტერიტორიაზე უკანონო შეღწევის და კედლების მოხატვის ფაქტზე. დაკითხვა წარმოებდა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში.

გავრცელებული ინფორმაციით,[1] განყოფილებაში ყოფნისას ლუკა სირაძე ორჯერ დარჩა პოლიციელების პირისპირ და ამ ეპიზოდებში მოზარდის კომუნიკაციას სამართალდამცავებთან არ ესწრებოდნენ მშობელი, ან ფსიქოლოგი. აღნიშნულ საქმეში მოზარდის ინტერესებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცა“ იცავს და ორგანიზაციის განცხადებით,[2] არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. გარდა ამისა, როგორც ორგანიზაცია აცხადებს,[3] პოლიციის განყოფილებაში მიმდინარე დაკითხვებზე ლუკა სირაძე სხვა არასრულწოვანს დააპირისპირეს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ მოვლენებზე კიდევ ერთმა მოზარდმა სცადა დღეს სუიციდი.

 

აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშკარავებს სახელმწიფო უწყებებში არსებულ სისტემურ გამოწვევებს. საგანმანათლებლო და სამართალდამცავმა სამსახურებმა ვერ შეძლეს მოზარდის ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვეთა და ამ საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი სოცილური და ფსიქოლოგიური მიდგომების გატარება. ეს საქმე ააშკარავებს განათლების, მართლმსაჯულების და სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაუმართაობას და მათ შორის კოორდინაციის და ურთიერთგაძლიერების მიდგომის სისუსტეს. ცხადია, ამ პირობებში მიუღწეველი რჩება „არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზნები, რომლის ამომავალ პრინციპს მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ამავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან ცალსახად იკვეთება, რომ პოლიციის განყოფილებაში მოზარდის დაკითხვისას უხეშად დაირღვა პროცესუალური სტანდარტი, რომელიც საგამოძიებო უწყებას ავალდებულებს, რომ არასრულწლოვნის დაკითხვას ესწრებოდეს მისი კანონიერი წარმომადგენელი.[4] ამ პროცესში აგრეთვე შეილახა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი, რაც გულისხმობს მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვას.[5]

ამ საქმის მნიშვნელობისა და მძიმე კონტექსტის გათვალისწინებით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია რომ სამართალდამცავთა მხრიდან კანონდარღვევების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება წარიმართოს ეფექტიანად,  ღიად და გამჭვირვალედ, რა დროსაც უზრუნველყოფილი იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა უზრუნველყოს რეგულარული ანგარიშგება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიებაზე, რათა არ გაჩნდეს კითხვები გამოძიების არასრულფასოვნებასა და კონკრეტული პირების დაუსჯელობაზე. ამავდროულად, აღნიშნულ პრობლემაზე რეაგირება არ უნდა ამოიწუროს მხოლოდ კონკრეტული თანამშრომლების მიმართ სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების გატარებით და დღის წესრიგში უნდა დადგეს სამართალდამცავი უწყებების სისტემური რეფორმირების საკითხი.

 

არსებითია სამართალდამცავმა სისტემამ სათანადოდ გაიაზროს დანაშაულების სტრუქტურული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზები და მათ ტრანსფორმაციული, და არა მხოლოდ რეპრესიასა და დასჯაზე ორიენტირებული მიდგომებით გაუმკლავდეს. საქართველოში, სადაც სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, სოციალური დაუცველობა, სოციალური ფრუსტრაცია მზარდია და მასშტაბური, არ შეიძლება  სახელმწიფოს მხოლოდ ადამიანების დასჯაზე ორიეტირებული საპოლიციო პოლიტიკა ჰქონდეს. არსებითია სამართალდამცავმა სისტემამ, სხვა რელევანტურ სოციალურ და განათლების უწყებებთან ერთად, დანაშაულის პრევენციაზე, თემზე და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომებით იმუშავოს. ცხადია, ამ პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას და მხარდაჭერას საჭიროებენ არასრულწლოვნები, რომელთაც სახლემწიფოსგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა და დაცვა სჭირდებათ. ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებით რეფორმებს და სამართალდამცავ სისტემაში, თუმცა, ეს ძალისხმევა ამ სისტემას უფრო ჰუმანურს, სოციალურ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებულს და სანდოს არ ხდის. ამის მიზეზი პოლიციელების ინდივიდუალური თვითნებობისა და გადაცდომის მიღმა, სახელმწიფოს, როგორც არსებითად დამსჯელი მექანიზმის გაგებაშია. დამსჯელი სახელმწიფოს კონცეფცია ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში გაბატონებული ხედვაა და არსებითად გამორიცხავს მზრუნველი სახელმწიფოს გაგებას, რომელიც ადამიანების და ჯგუფების სოციალურ ტრანსფორმაციაზე, განვითარებაზე და მხარდაჭერაზე უნდა იყოს ორიენტირებული.  სიმპტომატურია ისიც, რომ წლების განმავლობაში სოციალური მომსახურების და განათლების სისტემის რეფორმები სუსტი და არაჯეროვანია. ამ სფეროებში დახარჯული რესუსრსების მასშტაბი, სახელმწიფოსთვის მათ არასაკმარის პრიორიტეტულობასაც აჩვენებს. ბუნებრია, რომ ამ პროცესში სუსტი და არასაკმარისია სამართალდამცავი და განათლების და სოციალურიდ დაცვის სისტემების კოორდინაცია და ურთიერთმხარდაჭერა.

 

ლუკა სირაძის ტრაგიკული საქმე არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, რომელიც ააშკარავებს სახელმწიფო უწყებების რეპრესიულ და კარცერულ ბუნებას. ჩვენი გამოცდილება არაერთ მსგავს შემთხვევას გვახსენებს (მათ შორის, დემურ სტურუას, ა. კვირიკაშვილის საქმეები) და საზოგადოებას კვლავაც არ აქვს პასუხები, თუ რა ზომები მიიღო სახელმწიფომ წარსულში მსგავს ტრაგედიებზე.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს

  • ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე ეფექტიანად, ჯეროვნად და დროულად გამოიძიოს და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროგრესის შესახებ საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია;
  • გამოძიების პროცესში არსებითად დაინახოს ყველა საჯარო რგოლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და შესაბამისად, სამართლიანი რეაგირების ზომები მიიღოს;

საქართველოს მთავრობას

  • სხვადასხვა აქტორების მონაწილეობით გააანალიზოს არასრულწვლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ხარვეზები და სხვადასხვა უწყებების კოორდინირებით შეიმუშავოს სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს;
  • სკოლებში გაძლიერდეს ფსიქოლოგიური და სოციალური დაცვის სამსახურები და მოსწავლეთა მხარდაჭერაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა დაინერგოს.
  • დანაშაულთა ბრძოლის პოლიტიკაში გაიაზროს დანაშაულის სტრუქტურული სოციალური მიზეზები და გააძლიეროს სხვადასხვა უწყებებს შორის კოორდინაციისა და ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული მუშაობა.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] https://batumelebi.netgazeti.ge/news/245523/

[2] https://gyla.ge/ge/post/arasrultslovanma-tvitmkvleloba-savaraudod-sagamodziebo-organos-tanamshromlebis-mier-gankhorcielebuli-fsiqologiuri-dzaladobis-gamo-scada#sthash.czGfxZD3.dpbs

[3] https://netgazeti.ge/news/415247/

[4] არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 23-ე მუხლი.

[5] არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პირველი მუხლი.