შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაიწყო მუშაობა საგამოძიებო სისტემის ფართომასშტაბიან რეფორმაზე. რეფორმის ძირითადი მიზანია, შიექმნას მყარი საკანონმდებლო გარანტიები კვალიფიციური და მიუკერძოებელი გამოძიებისთვის, საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების სწორი გამიჯვნისა და ბალანსისთვის.

მიუკერძოებელი და კვალიფიციური გამოძიების კუთხით, ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, EMC იზიარებს საგამოძიებო რეფორმის ძირეული ცვლილების აუცილებლობას და სამინისტროს ინიციატივას, მკვეთრად გაიმიჯნოს გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა კანონმდებლობაში.

EMC მიიჩნევს, რომ რეფორმის მიზნების მისაღწევად აუცილებელია, გამომძიებლის საპროცესო და პროფესიული სტატუსის ცვლილება, გამომძიებლის და პროკურორის უფლებამოსილების მკაფიო გამიჯვნა და გამოძიების პროცესიდან პროკურორის გონივრული დისტანცირება.

EMC-ის მოსაზრებით, პროკურორი მხოლოდ დევნაზე უფლებამოსილი სუბიექტი უნდა იყოს, რომელსაც არ ექნება უშუალო საგამოძიებო და გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის უფლებამოსილება. ამ რეფორმამ უნდა შეძლოს გამომძიებლის და პროკურორის პროცესუალური დისტანცირება და გამომძიებლის დამოუკიდებლობის გაზრდა.

EMC დადებითად აფასებს გამოძიების მიმდინარეობის ხარისხის კონტროლის მიზნით, ცენტრალიზებულ დონეზე შესაბამისი, დროებითი სტრუქტურული ერთეულის შექმნის იდეას, რომელიც რეფორმის საწყის ეტაპზე აიღებს გამოძიების ხარისხის კონტროლის ფუნქციას და დაეხმარება საგამოძიებო ორგანოებს, პროცესის წარმართვის კარგი პრაქტიკის ჩამოყალიბებასა და დანერგვაში.

მნიშვნელოვანია, დაანონსებულმა რეფორმამ სისტემურად და კომპლექსურად მოიცვას ყველა ის ხელშემშლელი ფაქტორი, რაც გამოძიების ობიექტურობას აფერხებს. ამ მიზნით, საგამოძიებო ორგანოებმა, მაქსიმალურად უნდა მოარგონ საკადრო პოლიტიკა რეფორმის მიზნებს. EMC-ის პოზიციით, იურიდიული განათლება, გამომძიებლებისთვის კანონის დონეზე სავალდებულო კომპონენტად უნდა განისაზღვორს. ოპერატიული მუშაობის და ე.წ “წინასაგამოძიებო მექანიზმების” საკითხი კი საგამოძიებო სისტემის რეფორმის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.

ქვეყანაში ობიექტური და კვალიფიციური გამოძიების თვალსაზრისით არსებული ვითარების გათვალისწინებით, EMC მნიშვნელოვნად მიიჩნევს დაანონსებულ რეფორმას და მიაჩნია, რომ რეფორმის პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:

  • მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს გამომძიებლის და პროკურორის უფლებამოსილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში;
  • პროკურორი უნდა იყოს მხოლოდ დევნაზე და არა დევნის პარალელურად, გამოძიებაზე უფლებამოსილი პირი;
  • პროკურორის სავალდებულო მითითება სამართლებრივი რჩევის მექანიზმმა უნდა ჩაანაცვლოს;
  • რეფორმის შედეგად უნდა გაიზარდოს გამომძიებლის როგორც პროცესუალური, ასევე პროფესიული დამოუკიდებლობის ხარისხი;
  • პოლიციის ოპერატიული მუშაობა და ე.წ. “წინასაგამოძიებო მოქმედებები” საგამოძიებო სისტემის რეფორმის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს.

ნახვა

გადმოწერა

მოსაზრებები_ვენეციის_კომისიას_1550491458.pdf