EMC-მ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

EMC იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც, მწვანე კონცხის მნიშვნელოვნად გამწვანებულ სივრცეში საკრებულომ 28 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა დაუშვა.  ეს გადაწყვეტილება   საკრებულომ  ქალაქგანვითარების პრინციპებისა და საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მიიღო .

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით,  მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“-ის საკუთრებაში არსებულ 20366 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სასტურმოსა და სხვა ფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ).

მითითებული გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე არსებულ მიწის ნაკვეთს შეეცვალა ფუნქიცური ზონა და არსებული საკურორტო-სარეკრეაციო ზონის ნაცვლად, მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ის სტატუსი, რომელიც თავისი არსით მაღალი ინტენსივობის განაშენიანების ზონას წარმოადგენს, რაც თანხვედრაში არ არის მწვანე კონცხზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობასთან, ასევე ეწინააღმდეგება ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეკრეციო სივრცეების შენარჩუნების საჯარო ინტერესთან.

ზონის ცვლილების გარდა, ასევე მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენს სადავო გადაწყვეტილებით კოეფიციენტების ზღრული მაჩვენებლების მნიშვნელოვნი გაზრდა[1], რომლებიც განსაზღვრავს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის ზღვრულ პარამეტრებს (მოცულობას).   მითითებული კოეფიციენტების გაზრდა მხოლოდ კანონმდებლობით[2] წინასწარ გაწერილი კრიტერიუმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილი იქნა.

 

კომპანიის მიერ წარდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, მესაკუთრის მიზანს წარმოადგენდა ამ ტერიტორიაზე 42 სართულიანი და 30 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა. კომპლექსში შემავალი ფუნქციური სახეობებია: სასტუმრო; აპარტოტელი; საოფისე; კაფე-ბარი; რესტორანი; საბანკეტო და საკონფერენციო დარბაზები; სპა და ფიტნეს დარბაზები.  

საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილებით, შენობის სართულიანობა 28-მდე შეიზღუდა, თუმცა ასეთი განაშენიანებაც მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება   სარეეკრეაციო სივრცეების განვითარების პრინციპებთან.

ამ ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარების პრობლემურობასთან ერთად, ასევე კითხვის ნიშნები ჩნდება უშუალოდ მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებითაც.

მწვანე კონცხზე, ზღვის სანაპიროსთან მდებარე 20 366 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2017 წლის 28 სექტემბერს,  შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“-ს საკუთრებაში საქართველოს მთავრობის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით 931 000 ლარად (1 კვ.მ-45.71 ლარად) გადაეცა.

ხელშეკრულების თანახმად, მითითებული თანხა  კომპანიას  გრაფიკის შესაბამისად, 3 ნაწილად, 1 წლის განმავლობაში უნდა  გადაეხადა , ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 48  თვის ვადაში  უნდა მოხდეს  ასევე, ადგილზე არანაკლებ 4 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება; უძრავი ქონების განვითარება/განაშენიანება, რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლებელია, არ შემოიფარგლებოდეს) კომერციული/საოფისე/კვების დანიშნულების ობიექტებს, სპორტულ მოედანს, არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს

აღსანიშნავია, რომ შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპი“ მითითებული განკარგულების გამოცემამდე, მხოლოდ ერთი თვით ადრე, 2017 წლის 21 აგვისტოს დაფუძნდა.[3] შესაბამისად, უცნობია ის კრიტერიუმები თუ რის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ, მწვანე კონცხის მნიშვნელოვანი ტერიტორიის ისეთ კომპანიაზე გასხვისებაზე, რომელსაც არ გააჩნდა არანაირი გამოცდილება მსგავსი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებისა.

ხაზი უნდა გაესვას ასევე, რომ სახელმწიფოსგან მითითებული მიწის ნაკვეთის შესყიდვის შემდეგ, 2017 წლის 19 დეკემბერს, აღნიშნულ ტეროტირიაზე დარეგისტრირდა სს „ბანკი ქართუ“-ს იპოთეკა. იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული უძრავი ნივთის ღირებულება კომპანიის მიერ სახელმწიფოსთვის გადასახდელ 931 000 ლარზე ბევრად მეტად, 1 215 000 აშშ დოლარად არის შეფასებული.

სარჩელის პირველადი მიზანია, უზრუნველყოს  ბათუმში, მწვანე კონცხზე არსებული სარეკრეაციო დანიშნულების სივრცის შენარჩუნება და მისი საჯარო გამოყენება და კერძო ბიზნესს-ინტერესების მიერ საჯარო სიკეთეების მითვისებისა და ქალაქების სოციალური სივრცეების განადგურების პროცესის შეჩერება.. ჩვენი შეფასებით, არსებული სივრცის გამოყენება მისი რეკრეაციული რესურსის მაქსიმალური შენარჩუნებით და მაღალი საჯარო ხელმისაწვდომობის პირობებით უნდა განხორციელდეს, რომელიც თავის მხრივ საჯარო დემოკრატიულ დისკუსიებს, ექსპერტულ დასკვნებსა და ამ რესურსის მდგრადი განვითარების პრინციპებს უნდა დაეფუძნოს.

აღნიშნული დავა წარმოადგენს მცდელობას, გარემოს დაცვისა და ქალაქების ურბანული განვითარების პრობლემატიკაზე, გაიზარდოს სასამართლო კონტროლი და შეიქმნას შესაბამისი სასამართლო პრეცედენტები. აღსანიშნავია, რომ ეს გამოწვევები განსაკუთრებით კრიტიკულად დგას ქალაქ ბათუმში, სადაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს  რეკრეაციულ და ისტორიულ სივრცეებში  მაღალი ინტესივობის,  მაღალსართულიანი შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რაც ქალაქში სოციალური, კულტურული სივრცეების განადგურებასა და ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებას განაპირობებს.   

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მიწის ნაკვეთისთვის არსებული კ-1 = 0,3; გაიზარდა კ1=0,8-მდე;, ხოლო განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2=3,0 გაიზარდა კ2=5.3 მდე. გრგ-თი დამტკიცებული კოეფიციენტები აღემატება კანონმდებლობით  საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2-ისთვის გასაზღვრულ ზღვრულ მაჩვენებლებს კ-1 = 0,7; კ-2 = 4,0-მდე.

[2] სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ძირითადი პარამეტრების ზღვრული მაჩვენებლები იცვლება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის ან სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე, თუ:

ა) ამას მოითხოვს დასახლების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და არქიტექტურული, აგრეთვე ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა განსაკუთრებული მიზეზები;

ბ) ცვლილება კომპენსირდება სხვა ღონისძიებებით;

გ) ამას არ დაუპირისპირდება სხვა საზოგადოებრივი ინტერესები.

[3] შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპ“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან. განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B17111459, 06/10/2017 11:56:03