“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” ნარკოტიკულ დანაშაულში მსაჯვრდებული ირაკლი ჩხეიძის საქმეს შეისწავლის.

დღეს EMC-ის წარმომადგენლები შეხვდნენ ირაკლი ჩხეიძის ოჯახს და გაეცნენ საქმის დეტალებს. დღეს საღამოს, EMC-ის ადვოკატი ასევე შეხვდება და გაესაუბრება მოშიმშილე მსჯავრდებულს.

ირაკლი ჩხეიძის სისხლის სამართლის საქმეზე ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია ამ საქმის გამოძიების პროცესში არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზის არსებობაზე მიუთითებს. ამ მოტივით, უახლოეს პერიოდში დაიწყება საქმის დეტალური შესწავლა და მომზადდება სამართლებრივი შეფასება.

ასევე, უახლოეს დღეებში მივმართავთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ის ფლობისთვის დაწესებული სასჯელის არაკონსტიტუციურობის საკითხზე.

უსამართლო და არაპროპორციული სისხლის სამართლის პოლიტიკის გამო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაწესებული სასჯელების არაპროპორციულობაზე არაერთ საქმეს განიხილავს, მათ შორის, მსჯავრდებული პირების სახელით შეტანილ სარჩელებს. ირაკლი ჩხეიძის საქმე ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული და უსამართლო ნარკოპოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დემონსტრირებაა.

EMC დამატებითი ინფორმაციის გავრცელებას მსჯავრდებულის უშუალოდ მონახულების შემდეგ შეძლებს.