2013 წლის 18 მარტს საყოველთაო-სახალხო განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტმა დაიწყო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის ,,საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ განხილვა. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს საკუთარ ხედვას წარმოდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით.

EMC მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური ძალის ინტერესების დაცვით არის მოტივირებული საფრთხეს უქმნის ქვეყნის უზენაესი კანონის ლეგიტიმაციას. მმართველი უმრავლესობის განცხადებებზე დაყრდნობით შეიძლება თამამად ითქვას, რომ წარმოდგენილი ნოვაცია სწორედ ამ მოტივით არის ნაკარნახევი, რაც თავისთავად ნეგატიურად უნდა იქნეს შეფასებული.

რაც შეეხება უშუალოდ ცვლილებების შინაარსს, EMC შეფასებით საკომიტეტო მოსმენაზე განხილული ცვლილებების პროექტი მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი ინიცირებული ვერსიისაგან და მასში არსებითად ასახულია ყველა ის შენიშვნა/რეკომენდაცია, რაც საყოველთაო სახალხო განხილვების პროცესში იქნა გამოთქმული. EMC დადებითად აფასებს პარლამენტის დათხოვნის აკრძალვის - პარლამენტის იმუნიტეტის შენარჩუნებას, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის მაისის თვიდან ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე პერიოდში.

EMC ასევე მიესალმება შემოთავაზებულ ნორმებს, რომელთა საფუძველზეც ერთის მხრივ, უქმდება პრეზიდენტის ,,არაკონსტიტუციური’’ უფლებამოსილება პარლამენტის ნდობის გამოუცხადებლობის მიუხედავად დანიშნოს მთავრობა, ხოლო მეორეს მხრივ, მცირდება პრეზიდენტის დისკრეცია მთავრობის გადადგომის, გადაყენების, ან მის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შემთხვევაში დააკისროს ან არ დააკისროს მას მთავრობის მოვალეობის შესრულება. ზემოაღნიშნულის ნაცვლად პროექტი ცალსახად განსაზღვრავს პრეზიდენტის ვალდებულებას მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების მოხსნის შემთხვევაში ამავე მთავრობას დააკისროს მთავრობის მოვალეობის შესრულება საკანონმდებლო ორგანოს მიერ ახალი მთავრობის ფორმირებამდე. აღნიშნული ჩანაწერი ამცირებს კრიზისების შექმნის ალბათობას, რისი რისკიც ჩვენიშეფასებით საქართველოს კონსტიტუციაში საკმაოდ მაღალია.

დასასრულს კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ ვაცნობიერებთ რა, კონსტიტუციაში არსებულ არაერთ არსებით პრობლებას, უმნიშვნელოვანესად მივიჩნევთ დაუყოვნებლივ დაიწყოს საქართველოს კონსტიტუციის არსებითი გადახედვის პროცესი და მოვუწოდებთ ხელისუფლებას ამ მიზნით დროული და ადექვატური ქმედებების განხორციელებისაკენ.