1992 წლიდან, 3 დეკემბერს, მსოფლიოს მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღე აღინიშნება. თარიღის დაწესება მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის უკეთ გარანტირებას, ასევე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე, მათ შორის, იმ დისკრიმინაციისა და გარიყვის შესახებ, რასაც ისინი საუკუნეების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიცდიდნენ.

აღნიშნული თარიღიდან საერთაშორისო საზოგადოებას 14 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის სიმბოლური აღნიშვნიდან ქმედითი მექანიზმი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია - შეექმნა და ის სავალდებულოდ ეღიარებინა. გაეროს კონვენციამ ძირეულად შეცვალა პარადიგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რაც კონვენციის არაერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მხრიდან ძირეული რეფორმების საფუძველი გახდა.

საქართველომ გაეროს კონვენციის რატიფიცირება ჯერ კიდევ 2014 წელს მოახდინა. თუმცა, ამ დრომდე, ვერ შეძლო, ამ სფეროში არსებული ძირეული და არსებითი ხასიათის გამოწვევებისათვის სათანადოდ ეპასუხა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეალური თანასწორობის, ღირსეული ცხოვრებისა და თვითრეალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება შემდეგი საკითხები:

  • გაეროს კონვენციის რატიფიცირების შემდგომ პრაქტიკულად არ მომხდარა ეროვნული კანონმდებლობის რევიზია და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ცვლილებები შეეხო მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დეფინიციასა და ქმედუნარიანობის რეფორმის გადამკვეთ ნორმატიულ ბაზას. შედეგად, კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ჯეროვნად არ ასახულა კონვენციის ისეთი მნიშვნელოვანი პრინციპები, როგორიცაა - გონივრული მისადაგება, უნივერსალური დიზაინი, მისაწვდომობა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის ვალდებულება. კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, ქვეყანა ჯერ კიდევ არ გადასულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეფასების სამედიცინო მოდელიდან სოციალურ მოდელზე, რაც მნიშვნელოვნად ართულებს აღნიშნულ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვას.
  • სახელმწიფოში არ ფუნქციონირებს გაეროს კონვენციის იმპლემენტაციასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტები, რაც, უმეტეს შემთხვევებში, გამორიცხავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თანმიმდევრულ და ეფექტიან გარანტირებას.
  • გაეროს კონვენციის რატიფიცირება დამოუკიდებლად, ფაკულტატური ოქმის გარეშე განხორციელდა და ამ დრომდე არ გადადგმულა შესაბამისი ნაბიჯები ინსტრუმენტის სავალდებულოდ გახდომისთვის. აღნიშნული გამორიცხავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, გამოიყენონ ინდივიდუალური გასაჩივრების მექანიზმი და მიმართონ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კომიტეტს.
  • ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და პანსიონატებში მყოფი ასეულობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ვერ ახორციელებს დამოუკიდებელი ცხოვრების უფლებას. სახელმწიფო მათი საცხოვრებლის საკითხის გადაწყვეტას სწორედ აღნიშნულ დაწესებულებებში მოთავსებით ხედავს, რაც ამ პირთა საზოგადოებისაგან სეგრეგაციასა და მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ გამოწვევებს კიდევ უფრო ამძაფრებს.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს კერძო თუ საჯარო სივრცეების, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მისაწვდომობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათ ინკლუზიას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სფეროში იდგმება გარკვეული ნაბიჯები, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, ამ სფეროში არსებული ფუნდამენტური გამოწვევების გათვალისწინებით, უფლებების მინიმალურ დონეზე გარანტირებაც კი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პრიორიტეტულად აღიაროს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, რომელთა გადალახვაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან ფინანსურ და დროით რესურსებთანაა დაკავშირებული და, ამასთან:

სათანადოდ შეაფასოს და გააანალიზოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევები;

საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად მოახდინოს ძირეული ცვლილებები, კანონმდებლობაში, ინსტიტუციურ ჩარჩოსა და პრაქტიკაში;

განახორციელოს გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკა ამ მიმართულებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ცხოვრების ადეკვატურ სტანდარტზე მისაწვდომობა;

მიიღოს ეფექტიანი ზომები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზებული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით; ამ პროცესის პარალელურად შექმნას და განავითაროს ეფექტიანი სათემო სერვისები, მათ შორის, საცხოვრისის პროგრამები და დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის სერვისები.