2014 წლის 21 თებერვალს, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. სადავოდ გახდილი ნორმების მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს განსახილველი კანონის მოქმედებას, მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს არაუმეტეს 45 დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნორმის მოქმედება აღდგება, თუნდაც სასამართლოს ჯერ არ ჰქონდეს მიღებული გადაწყვეტილება. („საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 41პუნქტი და ამავე ნორმატიული აქტის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადება).

EMC-ისგანმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის მოქმედებას აჩერებს მხოლოდ მაშინ, თუ მიიჩნევს, რომ მას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს მოსარჩელისთვის. შესაბამისად, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ნორმის მოქმედების განახლება გამოიწვევს მოსარჩელისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენებას და თუნდაც ნორმა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი, შეუძლებელი ხდება მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენა. ეს ყოველივე ამცირებს გადაწყვეტილების ეფექტურობას და აზრს უკარგავს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას.

აღნიშნულზე დაყრდნობით, EMC მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად იქნა მიღებული.