ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დეკანოზ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის შეფასების დოკუმენტს აქვეყნებს და საქმეში მნიშვნელოვან პროცესუალურ და მატერიალურ-სამართლებრივ ხარვეზებზე უთითებს, რომელიც მთლიანობაში დეკანოზის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და განაჩენში ბრალდების აშკარად სუსტი დასაბუთების პრობლემას აჩვენებს.

EMC-ის შეფასება არსებითად დეკანოზის სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი სასამართლო განაჩენების სამართლებრივ ანალიზს ეფუძნება და მას სისხლის სამართლის საქმის მასალებისა და სასამართლო პროცესების დეტალური შეფასების შესაძლებლობა არ ქონდა პროცესის დახურულობისა და ბრალდებული პირისა და მისი ადვოკატებისთვის გაუხმაურებლობის პირობის ჩამორთმევის გამო.

დამდგარი განაჩენების ანალიზი საქმეში ადამიანის უფლებების დარღვევის რამდენიმე ფუნდამენტურ პრობლემას აჩვენებს, მათ შორის:

  • საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები კანონის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით განხორციელდა, რაც მთლიანობაში ამოღებული დანაშაულის საგნის ვალიდურობასა და ნამდვილობას ეჭვს ქვეშ აყენებს.

გ. მამალაძის დაკავება განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მას შემდეგ რაც მან საპასპორტო კონტროლი გაიარა და ბარგი ჩააბარა. საგამოძიებო ორგანოს მიერ ბარგის ამოღება მსჯავრდებულის დაუსწრებლად, ვიდეოგადაღების გარეშე განხორციელდა და ბარგი მას დაკავებიდან დაახლოებით ცხრა საათის შემდგომ წარედგინა. ბარგის წარდგენის შემდგომ, საგამოძიებო ორგანომ დათვალიერება კვლავ ვიდეოგადაღების გარეშე განახორციელა და განაჩენების თანახმად, სწორედ ამ დროის იქნა აღმოჩენილი დანაშაულის საგანი (ციანიდი), რაზეც მსჯავრდებულმა მიუთითა, რომ ნივთი მას არ ეკუთვნოდა და სავარაუდოდ ჩაუდეს. მნიშვნელოვანია, რომ გ. მამალაძის კუთვნილი ბარგის აეროპორტის სკანერში გატარებისას არ დაფიქსირდა დანაშაულის საგანი. დაცვის მხარის განმარტებით, მათ მოწმეს შეეძლო სასამართლოსთვის დაედასტურებინა, რომ სკანერის მეშვეობით მცირე ზომის, საეჭვო ნივთების აღმოჩენა შესაძლებელი იყო. თუმცა, აღნიშნულის შესაძლებლობა მათ სასამართლოში არ მიეცათ, რადგან მოსამართლემ მოწმის სრულყოფილად დაკითხვის შესაძლებლობა არ შექმნა.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო აეროპორტში განთავსებული ვიდეოჩანაწერების ამოღება და გ. მამალაძის ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, სასამართლომ ამის საშუალება მათაც არ მისცა.

ამასთან ერთად, განაჩენების მიხედვით, საგამოძიებო ორგანოები გიორგი მამალაძის დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე მის მიმართ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თუმცა, არ დაუდგენიათ ვისგან და როდის შეიძინა გიორგი მამალაძემ დანაშაულის საგანი. აღნიშნული გარემოება მით უფრო მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც საქმის მთავარმა მოწმემ, რომელიც უთითებდა, რომ მამალაძემ მას სთხოვა ციანიდის მოძიება, სასამართლოს წინაშე არ დაადასტურა, რომ მსჯავრდებულმა ციანიდი მისგან შეიძინა.

მითითებული პროცესუალური დარღვევებიდან გამომდინარე, სასამართლოებს ეჭვი უნდა შექმნოდათ წარმოდგენილი მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით, თუმცა არცერთი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული საკითხი არ შეაფასა, რითაც დაარღვია ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის შესახებ კონსტიტუციური პრინციპი.

  • საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი. განაჩენებში სასამართლო ღიად უთითებს დაცვის მხარის ვალდებულებაზე გამამართლებელი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობის შესახებ, რაც მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრების კონსტიტუციურ პრინციპთან მოდის წინააღმდეგობაში.

კერძოდ, ორივე განაჩენში დაცვის მხარის კრიტიკაზე, რომ პროკურატურამ არ უზრუნველყო ცალკეული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რის საფუძველზეც არ იქნა მოპოვებული ბრალდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები, სასამართლოები ღიად უთითებენ, რომ სისხლის სამართლის პროცესი მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რის გამოც დაცვის მხარეს თავად შეეძლო განეხორციელებინა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და შედეგები სასამართლოსთვის წარედგინა. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეთათვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას, თუმცა არ გულისხმობს მტკიცების ტვირთის გადატანას დაცვის მხარეზე, რაც არსებითად დაარღვევდა მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარისთვის დაკისრების კონსტიტუციურ პრინციპს. სასამართლო გ. მამალაძის საქმეში სრულად აიგნორებს ბრალდების ტვირთის განაწილების აღნიშნულ პრინციპს და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასოს ბრალდების მხარის იმიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს თუ არა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას, მსჯელობას იმის თაობაზე, წარადგინა თუ არა დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები.

  • საქმეზე ასევე დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი, რამაც საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა არსებითად შეამცირა. გ. მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. აღნიშნული საკითხი შეფასებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში და მითითებულია, რომ სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მოსამართლემ რელიგიური პირის მიმართ საქმის გან ხილვის გამო, საზოგადოებაში დამკვიდრებული რელიგიური ზნეობრივი პრინციპებიდან, საქართველოს საზოგადოების უმრავლესობისთვის რელიგიური მრწამსის გათვალისწინებით მორალური ზიანის მიყენებიდან გამომდინარე მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამომწურავად ითვალისწინებს სხდომის დახურვის შემთხვევებს და მათ შორის არ მოიაზრება საზოგადოების მორალურ-რელიგიური პრინციპები. სხდომის დახურვის საკითხი ასევე შეაფასა სააპელაციო სასამართლომ, სადაც აგრეთვე დახურულ რეჟიმში გაგრძელდა საქმის განხილვა. სასამართლომ დახურვის არგუმენტად ადვოკატის უსაფრთხოების დაცვა და პროცესის მონაწილეთა პირადი ცხოვრების დაცვა დაასახელა, რაც იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს მოწმეთა დაკითხვა არ ხორციელდებოდა, სრულიად არარელევანტური პირობა იყო.
  • პროცესუალური დარღვევების მიღმა პრობლემურია . მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების სამართლებრივი შეფასების და კვალიფიკაციის საკითხი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად „დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა“. დანაშაულის პირობებში მოიაზრება მათ შორის დანაშაულის ჩასადენის ხერხის, საშუალების, იარაღის, მსხვერპლთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, დანაშაულებრივი ქმედების განზრახვა და სხვა. მნიშვნელოვანია რომ კანონმდებელი აქცენტს პირობების და არა პირობის შექმნაზე აკეთებს, რაც გულისხმობს რომ აღნიშნული კვალიფიკაციისთვის აუცილებელად უნდა დგინდებოდეს ყველა პირობის არსებობა. გ. მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენები კი ყურადღებას არა პირობებზე, არამდე ერთ პირობაზე ამახვილებს, კერძოდ, განაჩენები ეყრდნობა გ. მამალაძის მიერ ინტერნეტის საშუალებით დანაშაულის საგნის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და არ ასაბუთებს დანაშაულის მომზადებისთვის აუცილებელ ელემენტზე განზრახვის არსებობას.

ზემოთ აღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ჩხრეკასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გ. მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს.

საქმეზე საჯაროობის სრულმა და თვითნებურმა შეზღუდვამ ბრალდების მხარე უთანასწორო მდგომარეობაში ჩააგდო და საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, პროცესზე საჯარო კონტროლი შეზღუდა, რაც ცხადია, არსებითად აზიანებს საზოგადოების ნდობას სასამართლოს სისტემის მიმართ.

EMC შესაბამისი სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით მხარს დაუჭერს დეკანოზი . მამალაძის უფლების დაცვის პროცესს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

სამართლებრივი შეფასების სრული ვერსია იხილეთ აქ ⇓

ნახვა

გადმოწერა

დეკანოზ_მამალაძის_საქმე_1538638522.pdf