EMC ეხმიანება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის მოწესრიგების საკითხს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და იუსტიციის სამინისტროს, გაითვალისწინონ ცალკეულ სააღსრულებო წარმოებას დაქვემდებარებული პირების შესაძლო მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შეაჩეროს დაყადაღებისა და საბანკო ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის პროცედურები.

6 აპრილს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის N 515 ბრძანებით განსხვავებულად მოწესრიგდა საქართველოში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში სააღსრულებო წარმოების ცალკეული ასპექტები. მათ შორის, შეჩერდა უძრავი ქონებიდან გამოსახლების პროცედურები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან იკვეთება, რომ ამ პროცედურების შეჩერებას საფუძვლად არა ადამიანების უსახლკარობისგან დაცვა, არამედ კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, აღმასრულებლების საცხოვრისში მისვლასთან დაკავშირებული ტექნიკური სირთულეები უდევს. ამასთან, ირკვევა, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუნარჩუნდა უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის მიმდინარეობისას გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება (გამოსახლების თარიღის მითითების გარეშე) მოვალეს. გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულებისათვის გათვალისწინებული 10-დღიანი ვადის ათვლა კი დაიწყება საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე.

COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობისას მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის უპრეცედენტოდ გაზრდა უპირველესად, შემოსავლის შემცირებით ან შეწყვეტით არის განპირობებული. შემოსავლის მასობრივი დაკარგვა განსაკუთრებით კრიტიკული ხდება იმ ვითარებაში, როცა მოსახლეობის 88%-ს დანაზოგი არ აქვს, ქვეყნის ნახევარზე მეტს კი საბანკო სესხი აქვს აღებული. საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე მათთვის შეუძლებელი თუ არა, უკიდურესად რთული იქნება შემოსავლის წყაროს დაუყოვნებელი აღდგენა. ერთი მხრივ, ამ პრობლემის, ხოლო, მეორე მხრივ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საცხოვრისის სერვისების სიმწირის გამო, აღსრულების ამგვარი ვადების დადგენა სოციალურ საჭიროებებს უარყოფს და გადასახედია.

გამოსახლების შეჩერების პარალელურად, ახალი ბრძანება არ ითვალისწინებს ისეთი ტიპის საქმიანობის შეჩერებას, როგორიცაა, აუქციონები, მოძრავ ნივთზე ყადაღა, საბანკო ანგარიშებიდან თანხის ჩამოჭრა. საგანგებო მგდომარეობის შეზღუდვების გამო, მოსახლეობის დიდი ნაწილი არსებობისათვის საჭირო შემოსავლის გარეშე დარჩა. იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს პირებისა და შინამეურნეობების მაქსიმალურ მხარდაჭერაზე, ამგვარი ნაბიჯები, პირიქით, უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს მოსახლეობას.

ეს გადაწყვეტილებები გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო, საგანგებო მდგომარეობის პირობებში გასატარებელი ზომების შემუშავებისას, ხელმძღვანელობს არა საჯარო, არამედ კერძო ინტერესით. მაშინაც კი, როცა გლობალური პანდემია მოსახლეობის დიდ ნაწილს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს, ის აგრძელებს საფინანსო ბიზნესისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნასა და განმტკიცებას.

სახელმწიფო ვალდებულია გაითვალისწინოს მოსახლეობის საჭიროებები და, პანდემიის პირობებში არსებული მძიმე გამოწვევების ფონზე, სოციალური კრიზისის თავიდან ასაცილებლად მხარი დაუჭიროს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს იუსტიციის სამინიტროს:

  • შეჩერდეს აუქციონების, საბანკო ანგარიშებზე ყადაღისა და თანხების ჩამოჭრის საკითხები, სულ მცირე, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე;
  • გადაიხედოს გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების ვადები, რათა მოხდეს შინამეურნეობების უკიდურესად მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩენის პრევენცია;
  • გადაიდგას ნაბიჯები სააღსრულებო წარმოებას დაქვემდებარებული პირებისა და შინამეურნეობების მხარდაჭერის (მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერის) მიზნით;
  • ისეთი ნაბიჯების გადადგმის დროს, რომელიც ეხება პირების სოციალური დაცვის ან/და სათანადო საცხოვრებლის უფლებას, სახელმწიფომ იხელმძღვანელოს არა მხოლოდ საზოგადოებრივი ჯანდაცვის, არამედ ზემოაღნიშნული უფლებრივი სტანდარტებით.