2 აგვისტოს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 60-მდე მუშა გაიფიცა. გაფიცულები შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების შესრულებას, შრომის პიროებების გაუმჯობესებასა და დღიური ანაზღაურების 10 ლარით მომატებას ითხოვდნენ.

დასაქმებულების ინფორმაციით, მათი დღიური ანაზღაურება 20 ლარამდეა. 5 აგვისტოს გამართული მოლაპარაკების მიუხედავად, ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით შეთანხმება კომპანიასთან ვერ შედგა.[1] ამის შემდეგ მუშებმა გვირაბი გადაკეტეს და ტექნიკას შესვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.[2] იმავე დღეს გამართული ხელახალი მოლაპარაკებები კვლავ უშედეგოდ დასრულდა, რის შემდეგაც გაფიცულმა გაფიცვა შეწყვიტეს და კომპანია დატოვეს.[3]

მუშების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს ხელფასის მომატებაზე. ამასთან, „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ“ რამდენიმე თვით შეაჩერა სამუშაოები ადგილზე. მუშათა ნაწილი ამ ეტაპზე სამსახურის გარეშეა დარჩენილი.

გაფიცული მუშები აცხადებდნენ, რომ მშენებლობაზე დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები; მუშები სათანადოდ ვერ სარგებლობდნენ შვებულებით, ბიულეტენით თუ განაცდურის ანაზღაურებით, რაც შრომის კოდექსითაა გათვალისწინებული.[4] გარდა ამისა, დასაქმებულები ამბობენ, რომ მოუწესრიგებელია ხელშეკრულებები, მათ ხშირად უფორმებდნენ 1 თვიან ხელშეკრულებებს. პრობლემაა ნამუშევარი საათების ანაზღაურებაც, რადგან არის შემთხვევები, როდესაც 6 საათიან მუშაობას ნახევარი დღის შესაბამისად ანაზღაურებენ. კიდევ ერთი პრობლემა ადგილზე ენის ბარიერს და თარჯიმანის არარსებობას უკავშირდება, რაც ხშირად კონფლიქტის გამწვავების საფუძველი ხდებოდა.

ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუშების შრომითი უფლებების დარღვევას სისტემური ხასიათი აქვს. ქვიშხეთში მიმდინარე გაფიცვა პირველი არ არის - 2016 წლის სექტემბერში ამავე კომპანიაში დასაქმებული 100-მდე მუშა გაიფიცა ზვარეში უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და შრომის მინიმალური პირობების მოთხოვნით. გაფიცვის შედეგად დასაქმებულებთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები, სადაც მინიმალური შრომითი პირობები გაიწერა.[5] თუმცა, გაფიცვის დასრულების შემდეგ დასაქმებულები კომპანიის მხრიდან გაზრდილ აგრესიაზე საუბრობდნენ.[6]

კომპანია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2018 წლის მიწურულს შეამოწმა და დარღვევები გამოავლინა.[7] დეტალური ანგარიში კომპანიაში არსებული შრომითი პირობების შესახებ საზოგადოებისთვის უცნობია. ამასთან სავარაუდოა, რომ ამ ფაქტს არ ჰქონია რეალური გავლენა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე და შრომის პირობების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე.

ქვიშხეთში სამუშაოებს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ საქართველოს რკინიგზის ტენდერის საფუძველზე 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს.[8] სს „საქართველოს რკინიგზასა“ და „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ზოგადი პირობების მე-6 თავის თანახმად, კონტრაქტორი ვალდებულია დაიცვას როგორც შრომითი კანონმდებლობა, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი სს „საქართველოს რკინიგზა“ უფლებამოსილია, მიიღოს შესაბამისი ზომები, მისცეს კომპანიას გაფრთხილება, განუსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად, ხოლო მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეწყვიტოს ხელშეკრულება.[9]  

მიუხედავად იმისა, რომ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ წარმოადგენს სს „საქართველოს რკინიგზის“ კონტრაქტორ კომპანიას და მას ხელშეკრულებით აქვს განსაზღვრული როგორც შრომითი კანონმდებლობის, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება, ქვიშხეთში მიმდინარე გაფიცვასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა თავიდან ირიდებს პასუხისმგებლობას მშრომელთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. 6 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს რკინიგზამ აღნიშნა, რომ გაფიცულებთან რკინიგზას არანაირი შრომით-სამართლებრივი კავშირი არ აქვს.[10]

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სს „საქართველოს რკინიგზას“:

  • აიღოს პასუხისმგებლობა მის კონტრაქტორ კომპანიაში დასაქმებულებზე და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მიერ მშებელობაზე დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დასაცავად;
  • არსებული მდგომარეობისა და გატარებული ღონისძიებების თაობაზე უპირველეს ყოვლისა კი ადგილზე დასაქმებულებს და ასევე ფართო საზოგადოებას რეგულარულად მიაწოდოს ინფორმაცია.

მოვუწოდებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • უზრუნველყოს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ მიერ წარმოებულ სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • გაასაჯაროოს შრომის პირობების ინსპექტირების მექანიზმის მიერ ჩატარებული „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ შემოწმების შედეგები და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია წინა წლებში გამოვლენილი დარღვევების თაობაზე;
  • დაინტერესდეს სოფელ ქვიშხეთში განვითარებული მოვლენებით; მოიკვლიოს ადგილზე შრომის პირობების კუთხით არსებული მდგომარეობა და გაფიცულ თანამშრომელთა სამსახურიდან წამოსვლის მიზეზები.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურომ გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გაფიცულებს კომპანიისთვის წერილობით არ მიუმართავთ. ამასთან კომპანია განცხადებაში ამბობს, რომ მზად არის დააკმაყოფილოს ყველა კანონიერი მოთხოვნა, ხოლო ხელფასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის თანხა, რომელსაც დასაქმებულები რეალურად იღებენ ბევრად აღემატება 20 ლარს.

[2] https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/12278-qvishkhethshi-gaficulma-mushebma-gvirabi-gadaketes

[3] https://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/article/12283-qvishkhethshi-gaficuli-60-musha-samsakhuridan-tsavida

[4] https://www.qartli.ge/ge/component/content/article/12269-qvishkhethshi-gvirabis-msheneblobaze-dasaqmebuli-mushebi-gaificnen

[5] http://liberali.ge/news/view/24947/zvareshi-gafitsva-dasrulda

[6] http://liberali.ge/videos/view/1100/video---zvare-natsemi-mushebi-da-protesti

[7] https://1tv.ge/news/shromis-inspeqtirebis-departamenti-shemowmebuli-80-ze-meti-sawarmodan-shromis-usafrtkhoebis-normebi-yvelashi-darghveulia/

[8] პროექტი ითვალისწინებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციას.

[9][9] ხელშეკრულების გენერალური პირობების მე-17 მუხლის I პუნქტი; ზოგადი პირობების 15.1 და 15.2 მუხლები, იხ. აგრეთვე: https://emc.org.ge/ka/products/ghia-mimartva-ss-sakartvelos-rkinigzas-shromis-pirobebis-inspektirebis-departaments-da-sakartvelos-parlaments

[10] https://1tv.ge/news/saqartvelos-rkinigza-qvishkhetshi-gaficulebs-ss-saqartvelos-rkinigzastan-samartlebrivi-kavshiri-ar-aqvt/