მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ უფლებების დარღვევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, მათი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და ამ გზით ოჯახის წევრების ღირსების ხელყოფა წარმოადგენს. სუს გამოძიების საწყის ეტაპზევე ცდილობდა თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოჩენას, რაც უწყების თანამშრომლების მიერ სპეცოპერაციის დროს ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის და ოჯახის პროტესტის მიმართ საზოგადოების ნდობისა და სოლიდარობის დასუსტების მცდელობას უფრო წარმოადგენდა.

აღნიშნულ საკითხზე ოჯახი პირველივე დღეებიდან საერთო სასამართლოებში დავობს. მათ ინტერესებს სასამართლოში EMC წარმოადგენს. სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მის 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებაში არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიციები და მხოლოდ ფორმალური მსჯელობით შემოიფარგლა. კერძოდ. სასამართლო გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ „თავისთავად ის ფაქტი, რომ ბრიფინგის მსვლელობისას [სუს-ის მიერ] გამოყენებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედების აღმნიშვნელი ტერმინი, ამასთან, სიტყვა ,,დადგენილია“, გამონათქვამების კონტექსტის გათვალისწინებით, ვერ შეფასდება პირის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად, ვინაიდან ბრიფინგის მსვლელობისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი იყენებს ტერმინს ,,გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია“, მიუთითებს საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იმ ეტაპისთვის მოპოვებულ მტკიცებულებებზე, ამასთან საუბარია, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, აღნიშნული კი ემსახურებოდა საზოგადოების ინფორმირებულობას ქვეყანაში მიმდინარე და ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თავისი არსითა და გამოხატვის ფორმით არ შეიძლება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად დაკვალიფიცირდეს.“

საგულისხმოა, რომ სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა ემყარება მხოლოდ განცხადებაში აღნიშნული სიტყვებისა და ტერმინოლოგიის დამოუკიდებელ, კონტექსტის გარეშე შეფასებას. სასამართლო ყოველგვარი შეფასების გარეშე ტოვებს, ინფორმაციის გასაჯაროების შედეგად, გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ჩამოყალიბებული დამნაშავის სტიგმის გაჩენის ფაქტს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლოს იურისპრუდენცია იმპერატიულად მიუთითებს სასამართლოსა თუ სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებაზე დაიცვას პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია. რაც გულისხმობს ორგანოთა ვალდებულებას, არ გამოიყენონ დანაშაულის აღმნიშვნელი სიტყვები და არც სხვა სიტყვებით გამოხატონ წინასწარი აზრი პირის ბრალეულობასთან დაკავშრებით, ვიდრე არ დამტკიცდება პირის დამნაშავეობა კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. EMC იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო საქმის განხილვის დროს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს სათანადოდ გამოიყენებს და ოჯახის წევრების ღირსების შელახვის ფაქტს ჯეროვან სამართლებრივ შეფასებას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადო დათქმის გარეშე, მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე და წარმოადგინა ფრაგმენტული ვიდეო და ფოტო მასალა, რომელიც მასში წარმოდგენილი ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას იძლეოდა და მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს არ განმარტავდა. აღსანიშნავია, რომ იგივე შინაარსის და პრობლემატიკის განცხადებები შემდგომში სხვა საჯარო პირებმაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთეს, რაც მაჩალიკაშვილის დამნაშავედ წარმოაჩენდა და ნეგატიური წარმოდგენების კულტივირებას ახდენდა.