13 იანვარს, EMC-მ და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა ჩაატარეს პრესკონფერენცია, რომელზეც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე ისაუბრეს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, EMC გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე ითხოვდა საქმის საიდუმლო ნაწილზე დაშვებას (სპეცრაზმელთა მაიდენტიფიცირებელი პირადი მონაცემების დაცვით), თუმცა, თბილისის პროკურატურა მასალებს ამ დრომდე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის არგუმენტით ასაიდუმლოებდა. მხოლოდ მიმდინარე წლის 10 იანვარს, როდესაც „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ“ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას საქმის მასალების სრული გაზიარება მოსთხოვა, ჩვენ მოგვეცა საქმის საიდუმლო მასალების გაცნობის შესაძლებლობა. საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, მათ დაასრულეს ძიება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებზე და გამოძიების მიერ მოპოვებული ყველა მასალა გაგვიზიარეს (სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაშტრიხვით).

საქმის მასალები მოიცავს 32 სპეცრაზმელის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის შესაბამის კორესპოდენციას, რომელიც უკავშირდება სპეცოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მისი ჩატარების საკითხებს.

EMC-ს შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ, სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფ სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა. ასევე მათ მიმართ არ არის დასმული საქმეზე სიმართლის დასადეგნად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები, არ არის დაზუსტებული შემდეგი გარემოებები:

  • საწოლის რა კონკრეტული ადგილიდან და როგორ აიღო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილმა; თუ მან ხელყუმბარა აიღო, რატომ დაბრუნდა კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში და როგორ შეეძლო მას გაექატიურებინა ხელყუმბარა ამ მდგომარეობაში;
  • პროკურატურას არ აქვს კითხვები დასმული თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ჩვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია უთითებს სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თემირლანის აქტივობას სოციალურ ქსელებში;
  • რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თემირლან მაჩალიკაშვილთან გასროლამდე, რატომ ესროლა თავის არეში და რატომ არ შეეცადა სხვაგვარი ზიანის მიყენებით მისი ე.წ. წინააღმდეგობის განეიტრალებას.
  • რა იყო ხელყუმბარის თავდაპირველი განთავსების ადგილი გასროლის შემდეგ და იყო თუ არა უსაფრთხო სპეცრაზმელის მიერ მისი დამოუკიდებლად გადაადგილება.

სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვები აჩვენებს ერთმანეთთან ფუნდამენტურ შეუსაბამობას. არსებითი ხასიათის შეუსაბამობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება. ოთახში მყოფი სპეცრაზმელების განმარტებით, გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 წუთში მოხდა, მაშინ როცა სხვა სპეცრაზმელების მითითებით, გასროლა რამდენიმე წამში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ოთახში შესვლისა და გასროლის თანადროულაბაზე უთითებენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილს იმყოფებოდნენ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ დამატებითი საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ

  1. სუს-ის მიერ მასშტაბური სპეცოპერაცია არასათანადოდ დაიგეგმა, რისკების ჯეროვანი ანალიზის და პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე.
  2. სუს-ს არ გააჩნდა სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება და სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა, ისევე როგორც სპეცრაზმელებისთვის გაცემული წერილობითი მკაფიო ინსტრუქციები და სპეცოპერაციის დროს და მისი შემდგომი მონიტორინგის პროცედურები.
  3. გამოძიების დაწყების პირველივე ეტაპზე სუს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გამოყენებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას სპეცრაზმისთვის, კიდევ უფრო დაუსაბუთებელი და სუსტი აღმოჩნდა.
  4. ძალის გამოყენების დროს სპეცრაზმელმა არ დაიცვა პროპორციულობის პრინციპი, რასაც ერთი მხრივ, გაფრთხილების არგამოყენების და მეორე მხრივ, თითქოსდა წინააღმდეგობის დროს სხვა, ნაკლებად მძიმე ღონისძიებების არგამოყენების გარემოებები ადასტურებს.
  5. სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ გასროლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახზე სრული კონტროლი სპეცრაზმელებს (დაინტერესებულ პირებს) ჰქონდათ და მათ შორის, სუს-ის გამომძიებლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

მთლიანობაში, ჩვენი შეფასებით მიმდინარე გამოძიება ფორმალური, არაეფექტიანი და ილუზორულია და გამოძიების პროცესში აშკარად გამოჩნდა სუს-ის თვითნებური ინტერვენცია, რამაც გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია.

ვრცლად, ორგანიზაციის შეფასებას შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში

ნახვა

გადმოწერა

მაჩალიკაშვილის_საქმის_შეფასება.docx