7 ნოემბერს EMC-მ პრესკონფერენცია ჩაატარა და შეაფასა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ახალი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის (სუს) ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის პროცესი.

EMC დეტალურად გაეცნო საქმის მასალების და მიუთითებს, რომ:

  • პროკურატურის მიერ სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა არის ფორმალური, ზედაპირული და პროკურატურას მათთვის არ დაუსვამს კრიტიკული კითხვები სპეცოპერაციის დაგეგმვის უფლებრივი სტანდარტებისა და მტკიცებულებების წესის მოპოვების და განადგურების/ფაბრიკაციის წესის სავარაუდო დარღვევების შესახებ;
  • სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების გამოკითხვამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანი სპეცოპერაცია რისკების და საჭიროებების სათანადო შეფასებისა და ანალიზის გარეშე ჩატარდა. პანკისის ხეობაში დასაკავებელი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის რისკები სუს-მა მხოლოდ 2018 წლის 21-22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან მომდინარე ვარაუდს დაუკავშირა და სპეცრაზმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება სუს-ის ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლების მხოლოდ ზეპირ კონსულტაციებს დააფუძნა;
  • სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების განმარტებებმა აჩვენა, რომ ამ სისტემაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის, სპეცრაზმისა და ლეტალური ძალის გამოყენების შესახებ, სათანადო ანალიზისა და ადეკვატური სამართლებრივი სტანდარტების გარეშე მიიღება. ცხადად ჩანს, რომ ამ პროცესში პრობლემურია სათანადო კოორდინაცია და არ არსებობს ფორმალურად გაწერილი პროცედურული სტანდარტები. უწყების შიგნით პროცესების ამ ფორმით ორგანიზება და გადაწყვეტიებების მიღების ეს წესი ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მაღალ რისკებს ქმნის და უკიდურესად შემაშფოთებელი პრაქტიკაა;
  • პროკურატურის გამოკითხვები საერთოდ არ შეეხო გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემას და არც კი დაისვა შეკითხვები სუს-ის მიერ ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ამოღების წესის სავარაუდო დარღვევასთან და მტკიცებულებების სავარაუდო ფალსიფიკაციასა და განადგურებასთან დაკავშირებით;
  • თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და მათ ადვოკატებს ამ დრომდე არ აქვთ წვდომა საქმის მნიშვნელოვან მასალებზე. კერძოდ, ისნი ვერ ეცნობიან სპეცრაზმის იმ წევრების გამოკითხვის ოქმებს, რომლებიცძალის გამოყენების ეპიზოდს დეტალურად აღწერს. ამ ოქმების გაცნობა ოჯახს და თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შესახებ სუს-ის უსაფუძვლო ვერსიაზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნისა და მნიშვნელოვანი კითხვების დასმის შესაძლებლობას მისცემდა.
  • ახალმა მტკიცებულებებმა საბოლოოდ ასევე დაადასტურა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სამედიცინო დახმარება დმინიმუმ 25 წუთის დაგვიანებით აღმოუჩინეს. ასევე, დაირღვა დაზიანებების დოკუმენტირების წესი, რის გამოც შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა.

შეფასების დოკუმენტს სრულად და გამოკითხვის ოქმების შინაარსს შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ ფაილში.

ნახვა

გადმოწერა

შეფასება-_მაჩალიკაშვილის_საქმე_1573110217.pdf