ფოტო: საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ქედის მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორების მხრიდან რელიგიური ნეიტრალიტეტის სავარაუდო დარღვევის საკითხს ეხმიანება და მოუწოდებს განათლების სამინისტროს, აჭარაში სახელმწიფო განათლების სისტემაზე საპატრიარქოს ჭარბი და უკანონო გავლენის პრაქტიკის შესწავლისკენ და სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის, თანასწორობის და ინკლუზიურობის პრინციპების განუხრელი დაცვისთვის ადეკვატური და ეფექტიანი ზომების მიღებისკენ.

2019 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიის სხალთის ეპარქიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია სხალთის ეპარქიის სასულიერო პირების, წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორებისა და ქედის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორების შეხვედრა. როგორც ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, შეხვედრა შედგა ქედის რესურსცენტრის შენობაში და ის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის აღნიშვნას უკავშირდებოდა. შეხვედრაზე სასულიერო პირებმა, ასევე უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა ვრცელი ისტორიული ექსკურსი წარმოადგინეს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ, რომელიც მეტწილად კონფესიური და არამეცნიერული პერსპექტივით იყო გაზიარებული. მომხსენებლები ხაზგასმით აღნიშნავდნენ აჭარის რეგიონის განსაკუთრებულ როლს საქართველოს გაქრისტიანების პროცესში. შეხვედრის ფარგლებში სასულიერო პირებმა სკოლის დირექტორები დაავალდებულეს აჭარის ქრისტიანული წარსულის შესახებ ისაუბრონ სკოლებში, რასაც მედიისთვის მიცემულ კომენტარებში ზოგიერთი სკოლის დირექტორი დაეთანხმა კიდეც. მაგალითად, სოფელ ოქტომბრის სკოლის დირექტორი მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მათი [სკოლის დირექტორების] ვალდებულებაცაა, რომ განხილული საკითხი მიიტანონ აღსაზრდელებთან, რათა „მოექცნენ და დაუბრუნდნენ ძირძველ სარწმუნოებას.“ დირექტორმა დამატებით მიუთითა, რომ სამღვდელოებისგან მათ მიიღეს დაპირება, რომ ამ მიზნით მღვდლები საჯარო სკოლის მოსწავლეებს ასევე შეხვდებიან. სოფელი დანდალოს სკოლის დირექტორი ასევე უთითებს, რომ ეკლესიის თავდადებამ გადაარჩინა საქართველო და სწორედ „ამ სასწაულის“ დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველო ფეხზე დგას.

აშკარაა, რომ ადგილობრივი რესურსცენტრის ორგანიზებით, მხარდაჭერითა და მისი რესურსების გამოყენებით, საჯარო სკოლის დირექტორების მონაწილეობა არსებითად კონფესიური შინაარსის ღონისძიებაში, სადაც დირექტორები ღიად საუბრობენ მართლმადიდებლურ რწმენაზე მოსწავლეების მოქცევის და ქრისტიანობაზე დაბრუნების მნიშვნელობაზე, არსებითად არღვევს კონსტიტუციით აღიარებული სეკულარიზმის პრინციპს და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მკაცრ მოთხოვნებს რელიგიური გაერთიანებებისგან საჯარო სკოლების დამოუკიდებლობისა (ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი) და საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისთვის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ (იქვე, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ” ასევე უთითებებს სკოლის დირექტორისთვის რელიგიურ პროპაგანდის აკრძალვას და თანაბარი ყურადღების გამოჩენას ვალდებულებას ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენლის მიმართ.

უნდა ითქვას, რომ ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის დაწესებამ საჯარო სკოლების მასწავლებლების რელიგიური ინდოქტრინაციის ახალი ტალღა წარმოშვა. მაგალითად, საზოგადოებისთვის ცნობილია ინფორმაცია ივნისში წილხვდომილობის დღესთან დაკავშრებით სკოლის მასწავებლებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ციკლის შესახებ, რომელიც რეგიონებში რესურსცენტრების დავალებითა და სამინისტროს სახელით ტარდებოდა და სადაც სკოლის მასწავლებლებებს წილხვედრობის საკითხებზე არსებითად კონფესიური შინაარსის ლექციებს უკითხავდნენ. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა იმ ადგილებშიც, სადაც მასწავლებლების დიდი ნაწილი მუსლიმები იყვნენ (მაგალითად წალკაში). აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში აჭარაში მუსლიმი მოსწავლეების მიმართ რელიგიური ნიშნით ზეწოლაზე მიუთითა თავის ანგარიშში სახალხო დამცველმაც.

30 ოქტომბრის შეხვედრის შინაარსი და სკოლის დირექტორების რიტორიკა იმ ნარატივის გაგრძელებაა, რომელიც მაღალმთიან აჭარში მცხოვრები ქართველი მუსლიმი თემის მარგინალიზაციას ახდენს და ქრისტიანობაზე დაბრუნების აგრესიულ და გამრიყავ პოლიტიკას, უკვე წლებია ატარებს. სამწუხაროდ, ქართველი მუსლიმების ინდოქტრინაციის ეს აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც დამოუკიდებლობის შემდეგ აჭარაში საპატრიარქო ეწევა, მხარდაჭერილია პოლტიკური ხელისუფლებების მიერ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, რომელიც მუსლიმებით დასახლებულ მაღალმთიან აჭარაში სწორედ ამ პოლიტიკას ატარებს და რეგულარულ დაფინანსებას სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებს. 30 ოქტომბრის შეხვედრა ინდოქტრინაციის ამ პროცესში სკოლის დირექტორების ჩართვისა და მათი ‘რელიგიურ აგენტებად’ გამოყენების საგანგაშო პროცესს აჩვენებს, რაც პრობლემურია არა მხოლოდ ამ სკოლების მუსლიმი მოსწავლეების უფლებების დარღვევისა და გარიყვის რისკების გამო, არამედ მთლიანად ამ რეგიონებში მცხოვრები მუსლიმი თემისთვის სამართლიანი და ინკლუზიური პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნისთვის, რისი ვალდებულებაც სახელმწიფოს ეკისრება.

არსებითია სახელმწიფო უწყებებმა გაიაიზრონ (განსაკუთრებით რელიგიური/ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში) რელიგიურად ნეიტრალური პოლიტიკის გატარების მნიშვნელობა, რომელიც დემოკრატიული, თანასწორი და ინკლუზიური პოლიტიკური სისტემის მშენებლობის მნიშვნელოვანი ღერძია და მისმა დარღვევამ უმცირესობების ჯგუფებში ექსკლუზიის და უფლებააყრილობის განცდა შეიძლება გააჩინოს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს და ასევე აჭარის ა.რ. განათლების, სამინისტროს:

  • შეისწავლოს ქედის რესურსცენტრში გამართული შეხვედრის ორგანიზებაში რესურსცენტრის ხელმძღვანელის და სხვა თანამშრომლების, ასევე სკოლის დირექტორების მონაწილეობის საკითხი და მიიღოს ადეკვატური, მათ შორის, დისციპლინური ზომები მათ მიმართ;
  • აღკვეთოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის ეგიდით საჯარო სკოლის მასწავლებლების რელიგიური ინდოქტრინაციის პრაქტიკა, რომელიც არა ერთ რეგიონში გვხდება;
  • გაითვალისწინოს აჭარის რეგიონის რელიგიური და კულტურული კონტექსტი და პროაქტიული ზედამხედველობა გაუწიოს აჭარაში მოქმედი საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის, სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპების დაცვის პროცესს;
  • საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ზემოთ წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით მის მიერ მიღებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.