ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს ბოლო პერიოდში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეთან კავშირში მალხაზ მაჩალიკაშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვის პროცესს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურატურის მხრიდან კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური პრინციპების იგნორირებაზე მიუთითებს.

მიმდინარე თვეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (შემდგომში სუს) მალხაზ მაჩალიკაშვილი მოწმის სტატუსით სამჯერ დაკითხა ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმესთან კავშირში. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ტერორიზმის მხარდაჭერის საქმესთან კავშირში დაკავებული პირების საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2018 წლის 17 ივლისს დასრულდა. თუმცა, აღნიშნული საქმის ფარგლებში სუს-ი კვლავ აგრძელებს გამოძიებას, მათ შორის, 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ. აღნიშნული გარემოება განსაკუთრებით აშკარა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვის პროცესში გახდა. მისი დაკითხვა აჩვენებს, რომ გამოძიების ინტერესს არსებითად თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის საკითხის შესწავლა წარმოადგენს.

2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის პირველივე დღეებში თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატები მისთვის ბრალდებულის სტატუსის მინიჭებასა და დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობის მიცემას ვითხოვდით. თუმცა, პროკურატურის განმარტებით, სპეცოპერაციის დროს სასიკვდილო დაჭრისა და საბოლოოდ თ. მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო მისი დაკავება და შესაბამისად, ბრალდებულის სტატუსის მინიჭება შეუძლებელი გახდა. ამ პირობებში თ. მაჩალიკაშვილის ოჯახს/ადვოკატებს მიმდინარე გამოძიებაში მონაწილეობის, საქმის მასალების გაცნობისა და დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობა წაერთვათ. ამასთან პროკურატურამ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნის მიუხედავად, გარდაცვალების ფაქტის გამო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიება არ შეწყვიტა, რაც სახელმწიფოს მის წინააღმდეგ თვითნებური და უკანონო მოქმედების შესაძლებლობას უტოვებს და თავად თ. მაჩალიკაშვილის ოჯახს სრულიად უუფლებო მდგომარეობაში ტოვებს.

გამოძიების პროცესის პარალელურად, სუს-ი აგრძელებს თ. მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას და თითქოსდა მის ბრალეულობასთან დაკავშირებული ფრაგმენტული ინფორმაციის/მასალების გავრცელებას და საზოგადოების თვალში მის დამნაშავედ წარმოჩინებას.

იმ პირობებში როდესაც საქმეზე გამოძიების შეწყვეტის მიღმა, პროცესის სხვაგვარი გაგრძელების თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს, თ.მაჩალიკაშვილის ბრალეულობასთან დაკავშირებით მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მოწმის სტატუსით ინტენსიური დაკითხვა გაუმართლებელი გადაწყვეტილებაადა სცდება კანონიერების საზღვრებს. მით უფრო, რომ კონსტიტუციით პირს უფლება აქვს მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს.

ამდენად, ტერორიზმის მხარდაჭერის ნაწილში თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიება კანონის ფუნდამენტური მოთხოვნების დარღვევით მიმდინარეობს და არღვევს დაცვის უფლების, უდანაშაულობის პრეზუმფციისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ სტანდარტებს. თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის სასტიკი ხელყოფისა და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი არა ერთი დარღვევა და მის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების სრულად გაყვანა კანონის გარეთ მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ ჩადენილ უსამართლობას აღრმავებს და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობას ასუსტებს. ამგვარი არაკანონიერი გადაწყვტილებების ციკლი დაუცველობის განცდასა და სოციალურ ფრუსტრაციას იწვევს, რასაც ნეგატირული სოციალური ეფექტი შეიძლება ქონდეს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს სუს-სა და პროკურატურას

  • შეწყვიტონ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიების პროცესი კანონით დადგენილი წესით;
  • შეწყვიტონ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის პრაქტიკა, მათ შორის, ექსპლიციტურად საგამოძიებო ორგანოების ხელთ არსებული ინფორმაციის გადინება;
  • უზრუნველყონ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის უსაფრთხოების, უფლებების და ღირსების განუხრელი დაცვა.

თ. მაჩალიკაშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიების შეწყვეტაზე პროკურატურის უარს EMC კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრებს.