2019 წლის 18 დეკემბერს მარნეულის მერიამ საზოგადოებას 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. იმის გამო, რომ მერმა ვერ შეძლო ანგარიშის პირადად წარდგენა, საზოგადოებას დოკუმენტი მისმა მოდგილემ, ლაშა ლობჟანიძემ გააცნო. შეხვედრის ფარგლებში მერის მოადგილის მიერ გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა გამოავლინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციას სათანადოდ არ აქვს გააზრებული ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გამოწვევები და არც მათი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები ესმის სათანადოდ. წინამდებარე განცხადებაში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) რამდენიმე პრობლემურ მიდგომაზე გაამახვილებს ყურადღებას.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ანგარიშის საჯარო პრეზენტაციაზე არ იყო უზრუნველყოფილი თარგმანი აზერბაიჯანულ ენაზე, რაც ადგილობრივი თემის იმ ნაწილს, რომელმაც სათანადოდ არ იცის სახელმწიფო ენა საჯარო განხილვაში ჩართვის შესაძლებლობას არ აძლევდა იმ პირობებში როდესაც მუნიციპალიტეტში მოსახლეობის უმრავლესობას (თითქმის 85 %-ს) ეთნიკური აზერბაიჯანელები წარმოადგენენ და მნიშვნელოვანი ხარვეზებია სახელმწიფო ენის სწავლებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამ ჯგუფისთვისაც. ნიშანდობლივია, რომ რამდენიმე კვირით ადრე საერთაშორისო ორგანიზაციის (NDI) მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელიც მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის და სტრატეგიის დოკუმენტის საჯარო განხილვას შეეხებოდა, სინქრონულად ითარგმნებოდა აზერბაიჯანულ ენაზე. თუმცა, იგივე მიდგომა მუნიციპალიტეტმა მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ გამოიყენა. ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ სამოქალაქო აქტივისტებისა და ადამიანის უფლებათა აქტორების მიერ არა ერთხელ დაყენებული საკითხი, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და საჯარო კომუნიკაციაში უნდა დანერგოს ორენოვანი თარგმანის რესურსები, სათანადოდ გაზიარებული პრაქტიკა არ არის. სახელმწიფო ენის დომინაციის პოლიტიკა და ადმინისტრაციულ წარმოებაში უმცირესობების ენის სრულად გამორიცხვა მოსახლეობის დიდ ნაწილს რიყავს პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესებიდან გაუცხოებას იწვევს. ცხადია, EMC იზიარებს სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობას და ამ კუთხით სახელმწიფო კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის გაწევისკენ მოუწოდებს, თუმცა, იმ სოციალური ჯგუფებისთვის, ვინც სახელმწიფო ენა არ იცის, ქართული ენის დომინაციის პოლიტიკა არ უნდა გახდეს მარგინალიზაციის და იზოლაციის საფუძველი.

ლაშა ლობჟანიძემ შეხვედრის სადისკუსიო ნაწილში არ გაიზიარა კრიტიკა ქართული ენის დომინაციასთან დაკავშირებით და ცდილობდა იმის მტკიცებას, რომ მუნიციპალიტეტში ნებისმიერ მოქალაქეს მისთვის გასაგებ ენაზე შეუძლია ინფორმაციის მიღება. თუმცა ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ EMC აწარმოებს სამართლებრივ დავას სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ მარნეულის მერიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეს საჯარო ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე არ მიაწოდა, განცხადების თარგმნა და ნოტარიული წესით მისი დადასტურება მოითხოვა. ლაშა ლობჟანიძეს ის შენიშვნაც გაუკვირდა, თუ რატომ უნდა ითარგმნებოდეს შეხვედრა სინქრონულ რეჟიმში, რადგან, მისი აზრით, ამის საჭიროება არ დგას. მისი ეს პოზიცია წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო ენის შესახებ კანონთან, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო კონვენციის მოთხოვნებთან და ბოლო პერიოდში მარნეულის მერის მიერ გაკეთებულ არა ერთ განცხადებასთან, რომ ენობრივი ბარიერები არსებობს და ამის აღმოსაფხვრის მიზნით მერია ქმნის სპეციალურ საზოგადოებრივ სივრცეს, სადაც ინფორმაციის მიღება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეეძლებათ მათთვის გასაგებ ენაზე.

ჩვენი დაკვირვება აჩვენებს, რომ ქართული ენის დომინაციის პოლიტიკა მოქალაქეებს ურთულებს საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას და აძლიერებს მათ სოციალურ დაუცველობასა და მოწყვლადობას. არსებითია სახელმწიფო პოლიტიკა არსებულ საჭიროებებს და ბარიერებს პასუხობდეს და პირველ რიგში ადამიანზე ორიენტირებული მიდგომებით ხელმძღვანელობდეს.

მერის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არსებითად მოიცავდა მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, თუმცა მათი საქმიანობის შედეგების კრიტერიუმები საერთოდ არ უკავშირდებოდა ადამიანის უფლებების, კეთილდღეობის, ინტეგრაციის, დემოკრატიული მონაწილეობის, კულტურული თვითმყოფადობის დაცვის საჯარო მიზნებს. ამგვარი ხედვები და მიზნები საკუთარი პასუხისმგებლობების და შედეგების არტიკულირების დროს მერიას არც კი ჰქონდა ნახსენები. ანგარიშის პრეზენტაცია კიდევ ერთხელ ხაზგასმა იყო იმის, რომ მუნიციპალიტეტი საკუთარ თავს უფრო სერვისის მიმწოდებელ, ტექნოკრატიულ რგოლად ხედავს და არა რეალური პოლიტიკის გამტარად, რომელიც ყველაზე ქვედა და სოციალურ ჯგუფებთან ახლოს მყოფი სახელისუფლო რგოლია და სოციალური ტრასფორმაციების და ადგილობრივების საჭიროებების, წუხილების და ინტრესების გათვალისწინების ყველაზე მეტი რესურსი აქვს. პოლიტიკის ტექნოკრატიზაცია და მენეჯერიალიზაცია თანამედროვე დემოკრატიების საკვანძო პრობლემაა, თუმცა, ეს კიდევ უფო აშკარად ჩანს ადგილობრივი თვითმმართველობის დროზე.

ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობა არ ეფუძნება მუნიციპალიტეტის განვითარების ერთან პოლიტიკურ ხედვას და ადამიანის უფლებების და კეთილდღეობის პრიზმით დანახულ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, თუ რა შედეგებს უნდა მიაღწიოს მან ყოველი წლის ბოლოს. ამგვარი პოლიტიკის დოკუმენტების შექმნა მუნიციპალიტეტის საქმიანობას უფრო მდგრადს და განჭვრეტადს გახდიდა.

ნიშანდობლივია იმის აღნიშვნაც, რომ ჩვენი დაკვირვებით, რომ ის პრობლემები და დასახული სტრატეგიები, რაც მარნეულის ახალი მერის პირობებში არაერთ ღია და დახურულ ფორმატში იყო გაჟღერებული, არ არის ჯეროვნად გააზრებული და გაზიარებული მუნიციპალიტეტის სხვა თანამდებობის პირების მიერ. ეს აცდენა 18 დეკემბრის საჯარო განხილვის პროცესში თვალშისაცემი გახდა.

შეხვედრის ფარგლებში მარნეულის მერის მოდგილემ არ გაიზიარა EMC-ის კრიტიკა ადგილობრივი კულტურის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომ ის მეტწილად დომინანტური კულტურის წარმოჩინებაზე არის ორიენტირებული და ძალიან მცირე რესურსს უთმობს ეთნიკური უმცირესობების კულტურის მხარდაჭერას. ამასთან, კულტურის სახლს არ გააჩნია მულტიკულტურული დიალოგის და კულტურის მხარდაჭერის საკმარისი მიდგომები. აღნიშნული კვლევის რამდენიმე ფრაგმენტი, კულტურის სახლის წარმომადგენლებმა არ გაიზიარეს და გააკრიტიკეს, თუმცა, ზოგადად მათი საქმიანობის გამოწვევები და ცვლილებების საჭიროება აღიარეს. ეს მიდგომა მისასალმებელია და ამ კუთხით EMC გააგრძელებს კულტურის სახლთან მუშაობას.

ნიშანდობლივი იყო დისკუსია რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზეც. წინა წლებში და მათ შორის, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია დაფინანსება ადგილობრივი ეპარქიისთვის. ჩვენი არა ერთი კითხვის მიუხედავად, მერიამ არ დააზუსტა ბიუჯეტში გათვალისწინებული 400 ათასი ლარი ზუსტად რა მიზნებისთვის და რომელი რელიგიური ორგანიზაციებისთვის არის გათვალისწინებული. თვითმმართველობის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების მიუღებლობასა და სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებთან მის შეუსაბამობაზე საჯარო კრიტიკას, მარნეულის მერის მოადგილის მხრიდან ეკლესიის განსაკუთრებული როლისა და კონსტიტუციური შეთანხმების ნორმების შესახებ არაზუსტი განმარტება მოჰყვა. განვმარტავთ, რომ კონსტიტუციური შეთანხმება, სახელმწიფოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მე-19 საუკუნეში და განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების ვალდებულებას აწესებს, თუმცა, ითხოვს, რომ დაფინანსების წესი, ოდენობა და ვადები პარიტეტულმა კომისიამ განსაზღვროს. პრაქტიკაში მსგავს პარიტეტულ კომისიებს რეალურად არ უმუშავიათ და არც ეკლესიისთვის მიყენებული ზიანი დათვლილა. სწორედ ამის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის რეგულარული დაფინანსება სცდება ზიანის ანაზღაურების ლოგიკას და ის, თავად კონსტიტუციური შეთანხმების პირობების საპირისპიროდ, პირდაპირი სუბსიდირების ფორმას იღებს. ყველა შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებიდან ეკლესიის დაფინანსების კონსტიტუციური შეთანხმებით ახსნა უადგილოა და დოკუმენტის არასწორ გაგებას უკავშირდება. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება წინააღმდეგობაში მოდის სეკულარული სახელმწიფოს იდეასთან და სწორედ იმის გამო, რომ ის არაპორპორციულად ჭარბად გადაეცემა ადგილობრივ ეპარქიას, ის ასევე დისკრიმინაციული ჩანს.

ცალკე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი კრიტიკულად დაყენებული საკითხი შეხვედრაზე, რომელიც 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულების ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმების საკითხს უკავშირდება. მერიამ საჯარო შეხვედრაზე პირდაპირ მიუთითა, რომ მასთან არც ერთი კურსდამთავრებული არ მუშაობს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს საჯარო სამსახურში ახალგაზრდების დასაქმების წახალისების პოლიტიკის არარსებობას.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ საკუთარი განმარტებების დროს მერის მოადგილე ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ ზემოთ მითითებული პრობლემების შესახებ ადგილობრივებისგან კრიტიკა და პრეტენზია არასდროს მოუსმენია და ორგანიზაციებს სუბიექტური მიდგომები აქვთ. მერიას შევახსენებთ, რომ EMC მიგნებები და რეკომენდაციები მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგულარულ მუშაობას, ათეულობით სოფელში საველე ვიზიტებსა და მოსახლეობასთან მუშაობას, კვლევის მეთოდებსა და ადგილობრივი აქტივისტების ჯგუფებთან დემოკრატიულ კონსულტაციებს ეფუძნება. ამასთან უფლებრივი საკითხებისა და კონსტიტუციური პრინციპების სუბიექტურ კრიტიკად მიჩნევა და უმრავლესობის აზრის ლოგიკით მისი სადავოდ გახდომა, პრინციპულად მიუღებელია.

ცხადია, EMC იზიარებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის საერთოობაზე ხაზგასმის მნიშვნელობას, მაგრამ ამ იდეამ არ შეიძლება უგულებელყოს ის სპეციფიკური ჩაგვრა, საჭიროებები და წუხილები, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებს აქვთ. ის (პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული) ძალაუფლებრივი იერარქიები, რომელიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის არსებობს სახელმწიფო პოლიტიკის მიერ აღიარებული, სათანადოდ გააზრებული უნდა იყოს და მისი პოზიტიური (სპეციალური) ინტერვენციის საფუძველი უნდა გახდეს. საერთოობა მხოლოდ სამართლიანობის, თანასწორობის და სოლიდარობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. საჯარო დისკუსიის დროს აშკარა იყო ამგვარი მიდგომების გაზიარების პრობლემა.

EMC მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, რომ მარნეულის მერის მიერ დაანონსებული რეფორმები და სამომავლო გეგმები სათანადოდ გააზრებული და გაზიარებული იყოს მუნიციპალიტეტის სხვა გადაწყვეტილების მიმღები თანამშრომლების მიერ, რადგან ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ ზომებს საბოლოო ჯამში შესაძლოა არ ჰქონდეს სისტემური და თანმიმდევრული ხასიათი და კონკრეტული თანამდებობის პირების პოლიტიკურ ნებას უკავშირდება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელია:

  • მერიას გააჩნდეს განვითარების და რეფორმების სტრატეგია და გეგმა, რომელსაც ის თანმიმდევრულად განახორციელებს და უპასუხებს იმ რეალურ პრობლემებს რაც მუნიციპალიტეტში არსებობს;
  • მერია გაითვალისწინებს იმ სტრუქტურულ სოციალურ მიზეზებს, რომელიც ართულებს ადგილობრივი თემის საჯარო ცხოვრებაში და პოლიტიკაში მონაწილეობას და ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს თარგმანის რესურსების შექმნის საკითხს;
  • მარნეულის მერიის თანამშრომლების ცოდნის, განსაკუთრებით, ეთნიკური უმცირესობების უფლებების და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებების შესახებ ცოდნის გაძლიერება და ამ კუთხით მათი სისტემური გადამზადება.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში მერიის ადმინისტრაცია ზემოთ განხილულ ხარვეზებს აღმოფხვრის და არსებითად შეცვლის მის მიდგომებს და მუშაობის კონცეფციებს.