ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას სახელით, განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სექტორში დასაქმებული პირების მხრიდან, სოციალურ ქსელებში ქსენოფობიური ენის გამოყენების ფაქტზე და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მანდატის ფარგლებში, სახალხო დამცველს, სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ზოგადი რეკომენდაციის გაცემას სთხოვს.

მარნეულში მოქმედი „კულტურის ცენტრის“[1] სახელდებასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში ქალაქში აქტიური დისკუსიები მიმდინარეობს. ადგილობრივი აზერბაიჯანელები კულტურის სახლისთვის მათი საზოგადო მოღვაწის სახელის დარქმევას ითხოვენ, რაც მათთვის საკუთარი იდენტობის, კულტურის დაცვისა და შენარჩუნების საკითხია. მიმდინარე დისკუსიების კონტექსტში სამირა ბაირამოვამ, რომელიც ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტია და წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს რეგიონში დემოკრატიის, ეთნიკური უმცირესობების, ქალთა დაცვის საკითხებზე, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე კრიტიკული პოსტი განათავსა კულტურის სახლის საქმიანობასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა, რომ ადგილობრივი კულტურის წარმოჩენის და დაცვის ხელშეწყობა ამ უწყების მხრიდან სათანადოდ არ ხდება. სამირა ბაირამოვას საჯარო მოსაზრებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ კულტურის ცენტრის დირექტორი, მარნეულის მერიის თანამშრომელი და ადგილობრივი საჯარო სკოლის მასწავლებელი, რომლებმაც საკუთარ მსჯელობაში ღიად გამოიყენეს სიძულვილის ენა. საჯარო მოხელეებისგან მათ შორის ისმოდა შემდეგი ფრაზები: „არ მოგწონს საქართველო? ხომ იცი რაც უნდა ქნა? საქართველოა ეს, არ დაგავიწყდეს ამის მნიშვნელობა ... ვისაც საქართველო არ მოსწონს სადაც მოსწონს იქ წავიდეს არ გვაქვს პრობლემა;“ „ქალბატონო სამირა თუ ბევრი გყავთ თქვენი თანამოაზრეები შეგიძლიათ მიბრძანდეთ იქ სადაც არის თქვენი ადგილი და ისინიც თან გაიყოლოთ! იქნებ და ცოტა ტვირთი მოეხსნას ჩვენს ქვეყანას!!! შეუძლებელია უკვე ამდენი თავხედობის ატანა!!! ეს საქართველოა ქართველების ქვეყანა, ისინი თქვენ პატივს გცემენ და გაფასებენ! რამე არ მოგწონთ?! მიბრძანდით ბატონო!“

EMC მიიჩნევს, რომ საჯარო მოხელეების მხრიდან საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება და საჯარო განცხადებები არსებითად არღვევს ინკლუზიური სახელმწიფოს და თანასწორობის პრინციპს და ხელს უწყობს არადომინანტ ეთნიკურ/რელიგიურ ჯგუფებში გარიყულობის და იზოლაციის განცდას. ამგვარი განცხადებების ტირაჟირება განსაკუთრებით მიუღებელია იმ საჯარო მოხელეების მხრიდან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მუშაობენ და ვალდებულები არიან პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების დროს განუხრელად დაიცვან თანასწორობის პრინციპი და მეტიც, მიიღონ დამატებითი პოზიტიური ზომები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის, იდენტობისა და უფლებების ხელშეწყობისთვის.

EMC დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე სახალხო დამცველს სთხოვს საკითხის შესწავლას და ზოგადი რეკომენდაციების გაცემას რელევანტური უწყებების მიერ სიძულვილის ენის გამოყენების პრევენციის და სპეციალური ანტიდისკრიმინაციული პოზიტიური ღონისძიებების დაკისრების შესახებ.

EMC მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მნიშვნელოვანია, საჯარო სამსახური თანასწორობის, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტებს და ეთიკას აკმაყოფილებდეს, რადგან ქსენოფობიური წარმოდგენები და გამოხატვები საჯარო მოხელეების მხრიდან არსებითად შეუძლებელს ხდის სამართლიანი, პლურალისტური და თანასწორი საზოგადოების და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს, რაც ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური და სამართლებრივი დოკუმენტებით და ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით დეკლარირებულია საქართველოს სახელმწიფოს მიერ.

[1] ქალაქ მარნეულის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუსიკო და სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრი“ დაფუძნებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ, ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ორგანიზაციის დირექტორს ნიშნავს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.