EMC „ერთობა 2013“-ის სახელით გაასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დასაქმებულთა გაფიცვის 30 დღის ვადით გადადების შესახებ.

პროფესიულ კავშირ „ერთობა 2013“-სა და დამსაქმებელს შორის შეთანხმების მიუღწევლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 3 მაისს გაფიცვა დაანონსეს. 2018 წლის 1 მაისს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დასაქმებულთა გაფიცვის გადადება/შეჩერება საქართველოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად 30 დღის ვადით. იმავე დღეს, 2018 წლის 1 მაისის განჩინებით სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა და  დასაქმებულებს გაფიცვა სასამართლოს მიერ 30 დღით გადაიდო.

განმცხადებელი განმარტავდა, რომ „გაფიცვის გამართვას მისი გადადების გარეშე სავალალო ფინანსური შედეგები მოყვება, როგორც კომპანიისათვის, ასევე გამოიწვევს დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პარალიზებას, რაც საფრთხეს შეუქმნის დედაქალაქის მოსახლეობის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე მესამე პირების საკუთრებას, რადგან მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტის სრული ჩანაცვლება შეუძლებელია მიწისზედა მუნიციპალური ტრანსპორტით. მოსახლეობა გადაადგილებისათვის სავარაუდოდ გამოიყენებს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს, რაც გამოიწვევს საცობებს და მიწისზედა ინფრასტრუქტურის გადატვირთვას. რაც შეაფერხებს, როგორც ჯანდაცვის, სახანძრო, უსაფრთხოების და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების უზრუნველმყოფი სამსახურების მიერ სამსახურეობრივი სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებას. რადგან მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტი ემსახურება საშუალოდ 327 000 მომხმარებელს ყოველდღიურად.“

სასამართლოს მხრიდან აღნიშნული არგუმენტები სრულად იქნა გაზიარებული. მეტროს თანამშრომელთა გაფიცვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობისათვის საფრთხის შექმნად შეფასდა და განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაფიცვა 30 დღის ვადით გადავადდა. მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის გადადება სასამართლოს მხრიდან არ წარმოადგენს პირველ პრეცედენტს და მსგავსი გადაწყვეტილება სასამართლოს მხრიდან 2016 წელშიც იქნა მიღებული.

ორივე შემთხვევაში, გაფიცვის გადავადების შესახებ განჩინება სასამართლოს მხრიდან, მხოლოდ დამსაქმებლის ცალმხრივი პოზიციის საფუძველზე, დასაქმებულთა ჩართულობისა და მათთვის შესაბამისი, ალტერნატიული პოზიციის წარდგენის შესაძლებლობის  გარეშე იქნა მიღებული.

იქიდან, გამომდინარე რომ გაფიცვის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის თაობაზე სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკა, ამ პროცესში უშუალოდ უფლების ადრესატის ჩართულობისა და არაგანჭვრეტადი საპროცესო მექანიზმით ხორციელდება, EMC-ის მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს გაფიცვის გადადების თაობაზე მიღებული განჩინებები.

გაფიცვის უფლების შეზღუდვა

გაფიცვის უფლება საქართველოს კონსტიტუციის 33-ე მუხლით აღიარებულია, როგორც ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლება. კონსტიტუციის 33-ე მუხლით გარანტირებული უფლება, თავისი არსით, სოციალური შინაარსისაა და ის განხილული უნდა იქნეს ქვეყნის უზენაესი კანონის 30-ე მუხლით დაცულ შრომის უფლებასთან კავშირში.[1]  გაფიცვის უფლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონვენციის მე-11 მუხლით გარანტირებული გაერთიანების თავისუფლების მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავს[2], რომელიც აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს, მაგრამ მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მეტროს მემანქანეთა გაფიცვის უფლების შეზღუდვა კანონით გათვალისწინებული მექანიზმით, კერძოდ კი, შრომის კოდექსის 50-ე მუხლზე დაყრდნობით განხორციელდა. კერძოდ კი, მითითებული ნორმის თანახმად, თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას, სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყება არა უმეტეს 30 დღით.

მითითებული ნორმა, აკეთებს იმ ლეგიტიმური მიზნების ჩამონათვალს, რომლის საფუძველზეც შესაძლოა სასამართლოს მხრიდან განხორციელდეს გაფიცვის უფლების შეზღუდვა, მისი გადადება, იმის მიუხედავად, რომ ჩამოთვლილი ყველა ლეგიტიმური მიზანი არ არის თანხვედრაში კონვენციის მე-11 მუხლით გაფიცვის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებთან, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მხრიდან უფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად შეფასდა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობისთვის საფრთხის შექმნა, რაც კონვენციის მე-11 მუხლის მიზნებისთვის შესაძლოა უკავშირდებოდეს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს, მაგრამ იმ შემთხვევაში კი სათანადოდ მოხდება ლეგიტიმური მიზნის არსებობის დასაბუთება აღნიშნული არ შეიძლება გახდეს უფლების ავტომატურად შეზღუდვის საფუძველი. მოცემული განჩინებების შემთხვევაში კი განმცხადებელიც და სასამართლოც არსებითად ორიენტირებული იყვნენ მხოლოდ უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნის არსებობის დასაბუთებაზე და საერთოდ არ უმსჯელიათ უფლების შეზღუდვის პროპორციულობაზე, დასაქმებულთა პერსპექტივიდან.

გაფიცვის გადადების განხილვის საპროცესო მექანიზმის არარსებობა                                                                                                                      

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ შეიცავს ჩანაწერს გაფიცვის გადადების/შეჩერების საკითხებზე მსჯელობისას გამოსაყენებელი პროცედურული ნორმების შესახებ. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ხარვეზისა, სასამართლომ იხელმძღვანელა ანალოგიის პრინციპით და გაფიცვის გადადების საქმე სპეციალური, არასასარჩელო წარმოების წესით წარმართა და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ განცხადებაზე განჩინება, საქმეზე ზეპირი მოსმენის გარეშე, დასაქმებულთა ყოველგვარი ჩართულობის გარეშე მიიღო.

იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობით არ არის რეგლამენტირებული გაფიცვის გადადების განხილვის საპროცესო მექანიზმი, სასამართლოს მხრიდან ანალოგიის პრინციპით ახალი მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც გამორიცხავს ამ პროცესში დასაქმებულის ყველანაირ მონაწილეობას დაუშვებელია. კოდექსი დეტალურად არეგულირებს სასარჩელო წარმოების წესებს, რაც ზოგადად, არასაგამონაკლისო შემთხვევებში, გამოიყენება სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს.

ნორმატიული აქტების შესახებ კანონი დაუშვებლად მიიჩნევს  სპეციალური (საგამონაკლისო) ნორმების ანალოგიის სახით გამოყენებას.[3] მითითებული რეგულაცია კიდევ უფრო განსაკუთრებულ როლს იჩენს ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის მარეგლამენტირებელ ნორმებს, რომელიც მაღალი განჭვრეტადობით უნდა ხასიათდებოდნენ. აღნიშნული განჩინებების შემთხვევაში, სასამართლოს მხრიდან კი, სწორედ საგამონაკლისო წესის, ზეპირი განხილვის გარეშე და მხარის ჩაურთველად განხორციელდა, რაც ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე დაუშვებელია.

დასაქმებულთა ჩართულობა საქმის განხილვაში           

მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ უზრუნველყოს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით ორივე მხარის არგუმენტების მოსმენა, მათი ურთიერთშეჯერება,  საჯარო ინტერესის კერძო პირის უფლებასთან შეპირისპირება და მხოლოდ  ამგვარი მონაწილეობითი პროცესის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება უფლებაში ჩარევასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლემ დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანების არგუმენტების მოსმენის გარეშე განიხილა მიღებული განცხადება და საქმის შესახებ მხოლოდ დამსაქმებლის მიერ წარდგენილი არგუმენტებით ან/და მტკიცებულებებით იმსჯელა, უფლებაში ჩარევის პროპორციულობის შეფასების გარეშე. დასაქმებულთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლებს მათი უფლების შეზღუდვასთან დაკავშრებით პოზიციის დაფიქსირების არანაირი შესაძლებლობა არ მიეცათ და სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილება უფლების უშუალო ადრესატის ყოველგვარი ჩართულობის გარეშე მიიღო. ორივე მხარის თანაბარი ჩართულობის შემთხვევაში სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა განეხორციელებინა საქმის ყოველმხრივი გამოკვლევა და ორივე მხარის პოზიციების ურთიერთშეპირისპირების შედეგად მიეღო ყველაზე ობიექტური გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

პროპორციულობის პრინციპის გამოყენება

იმის მიუხედავად, რომ სასამართლო საუბრობს გაფიცვის გადადების ლეგიტიმურ მიზანზე, ასეთი ლეგიტიმური მიზნით დასაბუთებულობის პირობებშიც სასამართლო არ მსჯელობს რამდენად თანაზომიერია კონსტიტუციური უფლების მსგავსი შეზღუდვა.

სასამართლოს მხრიდან გაფიცვის გადადება განხორციელდა 30 დღის ვადით, აღნიშნული კი შრომის კოდექსის თანახმად, წარმოადგენს გაფიცვის გადადების მაქსიმალურ ვადას. სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რამდენად აუცილებელი იყო უფლების ყველაზე ინტენსიური და გრძელვადიანი შეზღუდვის გამოყენება და რამდენად შესაძლებელი იყო უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი მექანიზმის გამოყენება. ამასთან, სასამართლოს არ გამოურკვევია თუ რა ძალისხმევა გასწია დამსაქმებელმა იმისათვის რომ დასაქმებულებთან მიმდინარე კოლექტიური შრომითი დავა გონივრულად გადაეწყვიტა. ასევე გასწია თუ არა ძალისხმევა განცმხადებელმა (დამსაქმებელმა) იმისათვის რომ გაეკეთებინა გაფიცვის შემთხვევაში წარმოშობილი შედეგების შემცირება, რამდენადაც დამსაქმებლისა და სასამართლოს მიერ განჩინებაში მითითებული რისკები გაფიცვის გადადების 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ შესაძლოა კვლავ დღის წესრიგში დადგეს.

გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსასრულებლად მიქცევა

სასამართლომ გამოტანილი განჩინება მიაქცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რითაც უზრუნველყო გაფიცვის დაუყოვნებლივ გადადება. განჩინება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას თუ რა ნორმებს ან ფაქტობრივ გარემოებებს დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსასრულებლად მიქცევაზე მსჯელობისას.  აღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რომელ ნორმაზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ მითითებული გადაწყვეტილება.

მითითებულ შემთხვევაში ერთადერთი კატეგორია, რომელსაც შესაძლოა რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდეს გაფიცვის გადადების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის, 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად შეიძლება გადაიცეს თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება, თუმცა უნდა არსებობდეს როგორც მხარის, ასევე სასამართლოს დასაბუთება ასეთი გარემოების არსებობის თაობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველის დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას. [4]

შესაბამისად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გაფიცვის გადადების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე საკითხი ზეპირი მოსმენისა და მხარეთა ჩართულობის გარეშე შეეფასებინა.

EMC მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინება მეტროს მემანქანეთა გაფიცვის გადადების თაობაზე მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით იქნა მიღებული, ვინაიდან სასამართლომ ვერ უზრუნველყო მხარეთა შეჯიბრებითი პროცესის წარმართვა და გადაწყვეტილების მიღება გაფიცვის კონსტიტუტუციური უფლებით სარგებლობასა და საჯარო სიკეთის დაცვის მიზანს შორის სათანადო შეპირისპირების საფუძველზე. აღნიშნული შემთხვევა ასევე აჩვენებს საპროცესო კანონმდებლობის მნიშვნელოვან ხარვეზებს, რამდენადაც გაფიცვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობისა და შრომითი დავების სპეციალური მოწესრიგების საჭიროების მიუხედავად, საპროცესო კანონმდებლობა არ მოიცავს ასეთი დავების განხილვისა და გადაწყვეტის სპეციფიურ რეგულირებას.

სასამართლო განჩინების ასლი იხილეთ აქ⇓

ნახვა

გადმოწერა

განჩინება_გაფიცვის_გადადებაზე_1525442551.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]საქართველოს უზენაესი სასამართლო, ას-506-484-2016 28/09/2016 #46;

[2] Chamber judgment Enerji Yapi-Yol Sen v. Turkey 21.04.09

[3] ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი;

[4]  საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30  სექტემბრის  გადაწყვეტილება №1/5/675,681