როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, დღეს 11 ნოემბერს, სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნა, მიხაილოს (მიხეილ თოდუას) მიმართ შინაპატიმრობის ნაცვლად გამოყენებული ყოფილიყო საპატიმრო სასჯელი. ამის ნაცვლად, სასამართლომ დაამძიმა შინა პატიმრობის წესები და თუკი აქამდე იგი ვალდებული იყო, საცხოვრებელ ადგილას ყოფილიყო 21:00-საათიდან 08:00 საათამდე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხაილოს 19:00-საათიდან 08:00 საათამდე განესაზღვრა შინ ყოფნის ვადად.

აღნიშნულ საკითხზე დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ, სადაც ნათქვამია, რომ თითქოს მიხაილო შინაპატიმრობის ვალდებულებებს სისტემატურად არღვევდა და გასული წლის ბოლოდან მოყოლებული, მან 18-ჯერ დაარღვია დადგენილი რეჟიმი. აღნიშნული განცხადება არის ფაქტობრივად არაზუსტი და მიზნად ისახავს მიხაილოს მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ განცხადებაში ნახსენები თვრამეტივე შემთხვევა უკავშირდება მიხაილოს მიერ მუსიკალური საქმიანობის განხორციელებას და ამ მიზეზით შინაპატიმრობის წესის შეუსრულებლობას. აღნიშნულ შემთხვევებზე მიხაილოს მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა პრობაციის ოფიცერთან: მას წინასწარ აფრთხილებდა რეჟიმის დარღვევის თაობაზე და აგრეთვე წარადგენდა პრობაციის ბიუროში მის მიერ სამსახურებრივი საქმიანობის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტაციას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული შემთხვევები მიხაილოს ეთვლებოდა საპატიოდ და სწორედ ამიტომ, მის პირად საქმეში არც ერთი გაფრთხილება არ არსებობს, სადაც საუბარი იქნებოდა შინაპატიმრობის წესების დარღვევაზე.

მუსიკალური საქმიანობა მიხაილოსთვის არის პროფესიული განვითარების ძირითადი გზა და შემოსავლის მთავარი წყარო. შესაბამისად, პრობაციის სააგენტო თავადვე უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ამ მიმართულებით საქმიანობისას მსჯავრდებულს არ ექმნებოდეს გაუმართლებელი ბარიერები და შეზღუდვები. შინაპატიმრობის მთავარი მიზანი და არსი მსჯავრდებულის რესოციალიზაციისთვის უკეთესი პირობების შექმნაა. შინაპატიმრობის წესების დაცვა არა თვითმიზანი, არამედ მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობის მექანიზმი უნდა იყოს.

სამწუხაროდ, პრობაციის სააგენტოს განცხადებაში აღნიშნული მიზნები იგნორირებულია და ის მთლიანად მიმართულია მიხაილოზე უარყოფითი განწყობის შექმნისკენ. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკა ამ ქვეყნის არაერთი მოქალაქისთვის და მათი ოჯახის წევრისთვის დღემდე რჩება უსამართლო და რეპრესიული სასჯელების წყარო. ამ პირობებში, მსჯავრდებულებზე სტიგმის და უარყოფითი სტერეოტიპების წარმოების ნაცვლად, პრობაციის სააგენტო უნდა ცდილობდეს არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკის უარყოფითი ეფექტის შემცირებას და რეალურ დახმარებას ასეთ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთათვის.