2020 წლის 8 სექტემბერს, პარლამენტში მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც მინიმალურ ხელფასს საქსტატის მიერ დადგენილი ყოველთვიური საშუალო ხელფასის 45%-ით განსაზღვრას ითვალისწინებს. EMC მიესალმება საჯარო დისკუსიის განახლებას მინიმალური ხელფასის შესახებ და მხარს უჭერს ღირსეული მინიმალური ხელფასის დადგენას. კანონით განსაზღვრული, ღირსეული მინიმალური ხელფასი მშრომელთა დაცვის ფუნდამენტური ინსტრუმენტია, რომელსაც საქართველოში მშრომელთა და მათი ოჯახების სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის, ისევე როგორც მშრომელთა უფლებრივი მდგომარეობის ხელშესახები გაუმჯობესება შეუძლია.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მინიმალური ხელფასის დადგენას მხარს უჭერს. 2020 წლის მაისში ჩატარებულ გამოკითხვაზე პასუხად “რესპონდენტთა 48% აცხადებს, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს [მინიმალური ხელფასის დადგენას], ხოლო 27%-თვის ეს იდეა ნაწილობრივაა მისაღები.” მიუხედავად ამისა, საქართველოში ეფექტური მინიმალური ხელფასის დაწესებას ეწინააღმდეგებოდა ამ დრომდე ხელისუფლებაში მყოფი ყველა საპარლამენტო უმრავლესობა.

1999 წლის დადგენილებით საქართველოში ყოველთვიური მინიმალური ხელფასი 20 ლარით განისაზღვრება. ცხადია, რომ მინიმალური ხელფასი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მშრომელთა დაცვის ეფექტური მექანიზმი, თუ მისი დადგენა რეალური საჭიროებების გათვალისწინებით მოხდება. ხაზგასასმელია, რომ ამ ზღვრული ხელფასის დადგენისას კანონმდებლობა არ უნდა დაეყრდნოს ხარვეზიან და საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამო დღეს მოქმედ საარსებო მინიმუმს და მისასალმებელია, რომ დაინიცირებული კანონპროექტი მინიმალური ხელფასის დასადგენად მის არსებულ საარსებო მინიმუმთან გათანაბრებას არ ითვალისწინებს. ზემოთ ნახსენები კვლევა ამ მხრივაც საინტერესო მიგნებას შეიცავს - რესპონდენტების მიერ დასახელებული გონივრული მინიმალური ხელფასის საშუალო მაჩვენებელი 854.1 ლარს შეადგენს, რაც ამჟამად არსებულ საარსებო მინიმუმ ოთხჯერ აღემატება.

ქართული შრომის ბაზრის კონტექსტში მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის პოლარიზაციის რისკი. თანამედროვე სერვის ეკონომიკებისათვის შრომის ბაზრის პოლარიზაცია - ანუ სამუშაო ბაზრის დაყოფა მკვეთრად გამოხატულ, უკიდურესად უთანასწოროდ ანაზღაურებულ “კარგ” და “ცუდ” სამუშაო ადგილებად - გარდაუვალი ფენომენია. მინიმალური ხელფასის დაწესება კი, ასეთი დაყოფით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური უთანასწორობის თავიდან ასაცილებლად ეფექტური ბერკეტია.

მინიმალური ხელფასის განსაზღვრა აუცილებელია სხვა ინსტრუმენტების ეფექტური მუშაობისთვისაც, მაგალითად უმუშევრობის შემწეობის შემოღებისთვის, ისევე როგორც უმუშევრობის დაზღვევისა და სტაბილური სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად. დღეს შრომის ბაზარზე არსებული სახელფასო სტრუქტურა შეუძლებელს ხდის დანაზოგის დაგროვებას და მშრომელებსა და მათ ოჯახებს მუდმივად სიღარიბის ზღვარზე ტოვებს. აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით სოციალური დახმარების მიმღებთათვის დღეს დასაქმებით მიღებული ხელფასი სოციალურ დახმარებას დიდად არ აღემატება, რაც დასაქმების ხარჯზე ქრონიკული სიღარიბის დაძლევას ხელს უშლის. ამავდროულად, მინიმალური ხელფასი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინ ხდება, როცა ძლიერი მშრომელთა გაერთიანებები კოლექტიური მოლაპარაკებისას დასაქმებულთა ინტერესების ეფექტურად დაცვას ვერ ახერხებენ, ხოლო სამუშაოს დაკარგვის საფრთხე, რაც ხარვეზიანი სოციალური სისტემის გამო ბევრი ადამიანისთვის უკიდურეს სიღატაკეში ჩავარდნას გულისხმობს, დასაქმებულებს დამსაქმებელთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვნად ასუსტებს.

საგულისხმოა, რომ მინიმალური ხელფასი დადგენილია როგორც მეზობელი ქვეყნების უმრავლესობაში (სომხეთი - $143, აზერბაიჯანი - $146, თურქეთი - $400), ისე აღმოსავლეთ ევროპისა თითქმის ყველა სახელმწიფოში.

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დასაქმების ბაზარზე არსებული დაბალი ხელფასები ქვეყანას კვალიფიციური კადრების გარეშე ტოვებს, ხოლო საკვანძო სამუშაოს შემსრულებლებს სამუშაოს სიმძიმის, რისკებისა და მნიშვნელობის შეუსაბამო ანაზღაურებას სთავაზობს. მაგალითად, ექთნების ანაზღაურება დღეს ხშირად საარსებო მინიმუმს, ანუ 200 ლარსაც კი ვერ უტოლდება, ხოლო მკერავი ქალების ყოველთვიური ანაზღაურება, რომლებიც ეპიდემიურ ვითარებაში ქვეყანას პირბადეებით აწარმოებდნენ, როგორც წესი, 350 ლარს არ აღემატება.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში შრომის ბაზრის ნახევარს თვითდასაქმებულები შეადგენენ, რაც ნიშნავს, რომ იმისთვის, რომ მინიმალური ხელფასის დადგენა მათაც შეეხოთ, აუცილებელია დადგენილი მინიმალური ხელფასის შესაბამისი მინიმალური დასაშვები საათობრივი ანაზღაურების განსაზღვრაც.

როგორც ეს სხვა შრომასა და სიმდიდრის გადანაწილებასთან დაკავშირებული ინიციატივების გაჟღერებისას ხდება ხოლმე, ცხადია რომ საკანონმდებლო ინიციატივა მინიმალური ხელფასის დადგენის შესახებ ორგანიზებულ, მძლავრ წინააღმდეგობას წააწყდება ბიზნესისა და დამსაქმებელთა გაერთიანებების მხრიდან. მშრომელებისა და მშრომელთა გაერთიანებების, სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხარდაჭერის გარეშე საჭიროებებთან შესაბამისი მინიმალური ხელფასის დადგენა, სავარაუდოდ, კვლავ ვერ მოხერხდება. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს აქტიური მონაწილეობა მიიღოს მინიმალური ხელფასის გარშემო მიმდინარე საკანონმდებლო პროცესსა და საჯარო დისკუსიაში.