ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის ბრალდების საქმეზე პირველად სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს.

მორის მაჩალიკაშვილი 1 წელზე მეტია შვილმკვდარი ბიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდით დგას და ქუჩის აქციების და პროტესტის მძიმე პირობებში მის მხარდაჭერას და დაცვას ცდილობს. 2019 წლის 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს ის ასევე იმყოფებოდა აქციაზე მისი ბიძის გვერდით და მის დაცვას ცდილობდა.

მიმდინარე წლის 26 ივლისს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მორის მაჩალიკაშვილი დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო ორგანო მორის მაჩალიკაშვილს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართული საპროტესტო აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით. პროკურატურის მტკიცებით, მორის მაჩალიკაშვილი იმყოფებოდა პარლამენტის წინ და სხვა პირებთან ერთად ძალადობდა პოლიციელებზე, ურტყამდა მათ და მონაწილეობდა სხვა ძალადობრივ ქმედებებში.

პროკურატურის მიერ ბრალის ამგვარი ფორმულირების მიუხედავად, ამ ეტაპზე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები ვერ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ მორის მაჩალიკაშვილი მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, მით უფრო, თავს ესხმოდა ადგილზე მყოფ პოლიციის თანამშრომლებს. პირის ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის დადასტურების მიზნით პროკურატურა უნდა ფლობდეს იმგვარ მტკიცებულებებს, რომლებიც აშკარად აჩვენებს პირის განზრახვას იყოს ჯგუფური ძალადობრივი ქმედებების მონაწილე, თავს დაესხას სამართალდამცველებს და თავისი მოქმედებებით ხელი შეუწყოს ჯგუფურ მოქმედებებს.

მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: 1. ერთ ვიდეო ჩანაწერს 2. პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ ე. წ. პატაკს; 3. პოტენციურ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, რომელიც საერთოდ არ აქვს რაიმე შემხებლობა მორის მაჩალიკაშვილის საქმესთან. პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მასალებს ქვემოთ დეტალურად მიმოვიხილავთ.

ვიდეო ჩანაწერი

პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია პარლამენტის წინ, აქციაზე მყოფი მორის მაჩალიკაშვილი, რომელიც მის ბიძასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად იმყოფება და ვიდეო ჩანაწერიდანვე მარტივად აღიქმება, რომ ის მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდში ყოფნას ცდილობს და რაიმე დანაშაულებრივი განზრახვა არ გააჩნია. ვიდეოჩანაწერში დაფიქსირებულია, როგორ ცდილობს მორის მაჩალიკაშვილი ბიძამისი გამოიყვანოს პარლამენტის წინ არსებული ტერიტორიიდან იქ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება. ამ მდგომარეობაში მოყოლილი მალხაზ მაჩალიკაშვილი ხდება ცუდად და ის აქციის მონაწილეების და მათ შორის, პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ადგილიდან, ხალხის მასიდან გამოყავთ. მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოყვანის მომენტში მორის მაჩალიკაშვილი ხვდება აქციის მონაწილეების ალყაში, მას აღარ ეძლევა გადაადგილების შესაძლებლობა და ინსტიქტურად იქნევს ხელს, რომელიც ხვდება პოლიციის თანამშრომლის ფარს. ამ მომენტში მორის მაჩალიკაშვილს იმდენად ძლიერად აწვებიან უკნიდან, რომ ის პოლიციელის ფარს სახით ეკვრის, თუმცა დაახლოებით სამ წამში ის იხრება დაბლა და ცდილობს გამოძვრეს ამ ჯგუფიდან, რასაც ახერხებს და ამის შემდგომ მორის მაჩალიკაშვილი ვიდეო ჩანაწერში აღარ ფიქსირდება.

მორის მაჩალიკაშვილის ეპიზოდი ვიდეო ჩანაწერში დაახლოებით 4 წუთამდე გრძელდება და მთელი ამ დროის განმავლობაში ის არ ამჟღავნებს რაიმე განზრახვას იყოს ძალადობრივი ქმედებების მონაწილე, გაარღვიოს პოლიციის კორდონი და შეიჭრას პარლამენტში. მის ქმედებაში არ ჩანს ინტენსიური, მიზანმიმართული, შეტევითი და ძალადობრივი მოქმედება. იგი ცდილობს არ მოშორდეს ბიძამისს, უზრუნველყოს მალხაზ მაჩალიკაშვილის უსაფრთხოება და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ტერიტორიის დატოვებისთანავე თავადაც ტოვებს ადგილს.

პოლიციის თანამშრომლის პატაკი

სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოთავსებულია შს თანამშრომლის მიერ 2019 წლის 25 ივლისს, დაკავებამდე ერთი დღით ადრე შედგენილი ე. წ. პატაკი, სადაც ეს უკანასკნელი ხელმძღვანელ პირს ატყობინებს, რომ შემოსული ინფორმაციის თანახმად მისთვის ცნობილი გახდა, რომ მორისი მაჩალიკაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებში და სთხოვს რეაგირებას. შსს თანამშრომლის მიერ შედგენილი პატაკი არ შეიცავს მითითებას ინფორმაციის წყაროსა და მორისი მაჩალიკაშვილის მხრიდან განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებაზე. ეს ინფორმაცია არც საქმის სხვა მასალებში არ ფიქსირდება.

ზოგადად, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შსს-ს თანამშრომლების მიერ მიღებული ინფორმაციის წყაროდ განიხილება ე.წ. კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (ოპერატიული ინფორმაცია). კონფიდენტის ვინაობასა და მისგან ინფორმაციის მიწოდების პროცესზე არ ხდება სასამართლო კონტროლი. კონფიდენტის დაკითხვა სასამართლოში დაუშვებელია და არ არსებობს იმის შემოწმების შესაძლებლობა, მართლა არსებობს თუ არა ამგვარი პირი და რეალურად აწვდის თუ არა შსს-ს თანამშრომელს პატაკში მითითებულ ინფორმაციას. შესაბამისად, ამ ინფორმაციის მტკიცებულებითი მნიშვნელობა სათუოა, იგი თავისი ხარისხით ირიბ მტკიცებულებასაც კი ვერ უტოლდება, რამდენადაც თუ ირიბი მტკიცებულების შემთხვევაში ინფორმაციის პირველწყაროსთან გადამოწმება შესაძლებელია ამ შემთხვევაში მსგავს შესაძლებლობა არ არსებობს. პოლიციის თანამშრომლის პატაკი წარმოადგენს მექანიზმს, რომლითაც საგამოძიებო ორგანოს შეუძლია შექმნას მტკიცებულება, რომლის სარწმუნოობის შემოწმება სასამართლოსთვისაც შეუძლებელი იქნება.

მორისი მაჩალიკაშვილის შემთხვევაში ამგვარი პატაკი დაკავების წინა დღეს არის შედგენილი და საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე ინფორმაცია, რაც მის დანაშაულებრივ ქმედებაზე მიუთითებს.

პოტენციურ მოწმეთა მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია

საქმის მასალებში მოთავსებულია სხვადასხვა პირის გამოკითხვის ოქმები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, მათი მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მსგავსია და არ შეიცავს რაიმე კონკრეტულ მითითებას, მორის მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. გამოკითხული პირები მხოლოდ ზოგადად აღწერენ პარლამენტის წინ არსებულ მდგომარეობას და უთითებენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი მათ მიმართ ძალადობდა, თუმცა, საქმეში არსებულ პირთა გამოკითხვის არცერთ ოქმში არ არის მოხსენიებული კონკრეტულად მორისი მაჩალიკაშვილი მონაწიეობდა თუ არა ძალადობრივ ქმედებებში, რომელ სამართალდამცავს დაარტყა ხელი მან და ზოგადად რა სახის მოქმედებებში იყო ჩართული.

სამართლებრივი შეფასება

EMC შეფასებით, ამ ეტაპზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ მორის მაჩალიკაშვილმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება. კერძოდ, წარმოდგენელი მტკიცებულებები არ ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მორის მაჩალიკაშვილს გააჩნდა პოლიციის მიმართ ძალადობის განზრახვა და ამ მიზნით ის თავდასხმით, შემტევ, განმეორებით და ინტენსიურ ძალადობას ახორციელებდა. საქმის ძირითადი და ერთადერთი მტკიცებულება, ადგილზე ჩაწერილი ვიდეო მასალის სახით, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ის მისი ბიძის გვერდში ყოფნას ცდილობს, არსებითად პასიურ მდგომარეობაში იმყოფება და პოლიციასა და შეკრების სხვა მონაწილეების მასებს შორის მიწოლის დროს ჭყლეტის მდგომარეობაში ვარდება, რა დროსაც ის ჭყლეტისგან თავის დასაღწევად ხელს იქნევს, რომელიც მხოლოდ ერთხელ ხვდება პოლიციის ფარს. ვიდეო მასალაში არ ჩანს, მისი მხრიდან კორდონის გარღვევისა და შეტევის, პოლიციის მიმართ ძალადობის, მისი ეკიპირების წართმევის, ან თავდაცვის მიზნით აქტიური მოგერიების მცდელობაც კი.

ბრალდების აშკარად სუსტი დასაბუთების პირობებში, ცხადია ჩნდება ლეგიტიმური ეჭვები, რომ მისი დაკავება და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება შესაძლოა მალხაზ მაჩალიკაშვილის პროტესტზე და ბრძოლაზე გავლენის მოხდენის იარაღი იყოს.

სისხლისსამართლებრივი დევნის კომპეტენციის თვითნებური გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევას წარმოადგებს და მნიშვნელოვნად აზიანებს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობას და მათ ინსტიტუციურ რღვევას იწვევს. განსაკუთრებით პრობლემურია ამგვარი მეთოდების გამოყენება მაჩალიკაშვილების ოჯახის მიმართ, რომელმაც სწორედ სახელმწიფოს მიერ სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამო, უმძიმესი ტრაგედია და დეჰუმანიზების მძიმე გამოცდილება გამოიარა.

  • EMC მოუწოდებს პროკურატურას გაიაზროს მორის მაჩალიკაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასაბუთების აშკარა პრობლემურობა და მიიღოს კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილებები. არსებითია პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეების გამოძიების პროცესში არ დაუშვას მისი საქმიანობის პოლიტიზება და სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლა.
  • EMC ასევე მოუწოდებს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში მიიღოს ბრალდების დასაბუთების აშკარა პრობლემურობა მორის მაჩალიკაშვილის საქმეზე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, არ დაუშვას პატიმრობის თვითნებური, დაუსაბუთებელი და შაბლონური გამოყენება მის მიმართ.