ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლისა და აფხაზეთიდან გამოქცეული მოქალაქეების სოფელ ხურჩასთან დაკავების ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები საოკუპაციო ხაზთან და უზრუნველყოს მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების ჯეროვანი დაცვა.

18 იანვარს ზუგდიდში, სოფელ ხურჩასთან რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოქცეული საქართველოს სამი მოქალაქე, ამათგან ორი ქალი, დააკავეს. ადგილობრივების თქმით, რუსი სამხედროები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 0.5 კილომეტრის მანძილზე შემოვიდნენ და სოფელ ხურჩასთან საქართველოს 3 მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დააკავეს. ისინი ახალგაზრდებს სოფელ ნაბაკევიდან ხურჩაში გადმოსვლის დროს უკან დაედევნენ და ძალის გამოყენებით უკან წაიყვანეს. ადგილობრივების თქმით ხურჩა-ნაბაკევის საოკუპაციო ხაზი რვა რუსმა სამხედრომ მაშინ გადმოკვეთა, როცა ადგილზე საქართველოს სამხედრო პატრული აღარ იყო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა სამი ადამიანის უკანონო დაკავების ფაქტი და ასევე აღნიშნა, რომ სამივე პირი უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფება. თუმცა უსაფრთხოების სამსახურს არ განუმარტავს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული სხვა ფაქტობრივი გარემოებები.

აღსანიშნავია, რომ უკანონო „ბორდერიზაციის“ კვალდაკვალ გადაადგილების თავისუფლება რეგულარულად იზღუდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 2016 წლიდან აფხაზეთის მიმართულებით არსებული ექვსი გადასასვლელიდან ოთხი დე-ფაქტო რეჟიმის მიერ თვითნებურად დაიკეტა (შამგონა-თაგილონის, ორსანტია-მეორე ოტობაიის, ხურჩა-ნაბაკევის, მუჟავა-ლეკუხონას გადასასვლელები), რის შემდეგაც გალის მცხოვრებთათვის მგზავრობის მანძილი 20-25 კილომეტრით გაგრძელდა. დარჩა მხოლოდ ორი  გადასასვლელი - ენგურის ხიდი ზუგდიდის მიმართულებით  და საბერიო-ფახულანის გადასასვლელი წალენჯიხის მიმართულებით. ენგურის ხიდი ადგილობრივი მოსახლეობისთვის  გადაადგილების მთავარი წყაროა, სხვა გადასასვლელების დაკეტვის შემდეგ აქ დღიურად გადამსვლელთან რაოდენობამ 2018 წლის მონაცემებით 3000-ს მიაღწია.[1] გასული წლიდან ორივე გამშვები პუნქტი დაკეტილია კოვიდპანდემიის მიზეზით და გადაადგილება მხოლოდ „ჰუმანიტარული მიზნებით“ არის დაშვებული. გადასასვლელები დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით მანამდეც იკეტებოდა თვითნებურად სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე.  გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო არაერთი ადამიანი შეეცადა ენგურის გადაცურვით ე.წ. საზღვრის კვეთას პენსიის აღების და სხვა პირველადი საჭიროების გამო, რაც უბედური შემთხვევით დასრულდა. ადგილზე არსებული მძიმე სოციალური კონტექსტი მოსახლეობას აიძულებს თავი საფრთხის ქვეშ ჩაიგდონ და შეზღუდვების მიუხედავად გადმოვიდნენ საქართველოს კონტროლირებად ტეროტორიაზე.

საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გამო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება და გატაცებები წლების მანძილზე დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა, მათ შორის ხშირია საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცების ფაქტები.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით უკანონო დაკავების დაახლოებით 86 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 27 ფაქტი. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აღრიცხავს მხოლოდ იმ შემთხვევებს, რის შესახებაც ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობის ფიქსირდება, რაც სუს-ის ინფორმაციით უკანონო დაკავებების ჯამური შემთხვევების მხოლოდ 10-15% შეადგენს.[2]

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანები იუწყებიან, რომ რუსი სამხედროები სიტუაციას კარგად აკონტროლებენ და მათთვის არ არის პრობლემა დამონტაჟებული ე.წ. სასაზღვრო ნიშნის მიღმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა.[3] რუსი სამხედროების თავისუფლად გადმოსვლის ტენდენცია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის სისუსტეებზე მიუთითებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ადგილობრივები სიცოცხლე და უსაფრთხოება დაუცველია. გიგა ოთხოზორიას მკვლელობაც სწორედ ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან მოხდა 2016 წელს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. 

მსგავსი შემთხვევები ადგილობრივ მოსახლეობას მუდმივი შიშის და საფრთხის ქვეშ აყენებს და მწვავე სოციალური გამოწვევების ფონზე, ადგილობრივების ცხოვრებას კიდევ უფრო ამძიმებს. ამასთანავე, ეს შემთხვევები მიუთითებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული პრევენციული ზომების არაეფექტიანობაზე. ამასთან კონფლიქტის რეგიონებთან ტრანსფორმაციული პოლიტიკის კონსერვირებას, რაც ადგილზე შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისსა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაში გამოიხატება.  

 

სწორედ ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია: 

  • საქართველოს ხელისუფლებამ აწარმოოს ინტენსიური მოლაპარაკებები და დიპლომატიური სამუშაოები ოკუპირებულ რეგიონებთან მიმოსვლის რეჟიმის აღდგენისა და გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვების მოსახსნელად;
  • საქართველოს ხელისუფლებამ გასწიოს დამატებითი პოლიტიკური და დიპლომატიური სამუშაოები, რათა გამყოფ ხაზებთან საერთაშორისო აქტორების ჩართულობით შეიქმნას რეგულარული დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ მუდმივი პატრულირება გამყოფ ხაზებთან და მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მავთულხლართებს მიღმა, „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში, Amnesty International, 2019, გვ, 28.

[2] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, 2019. გვ: 7.

[3] მავთულხლართების ზონა, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გამყოფ ხაზებზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი, 2019, გვ: 9-15.