EMC ეხმიანება სოფელ წაბლანას სტიქიით დაზარალებული ადგილობრივი თემის პროტესტს და აჭარის მთავრობას სტიქიით დაზარალებული ოჯახების სათანადო საცხოვრისზე უფლების დაუყოვნებლივი უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მიმართ სოფელ წაბლანას (სხალთის თემი, მაღალმთიანი აჭარა) ადგილობრივი თემის ერთსულოვან ბოიკოტს საზოგადოებაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივების  პროტესტი ათწლეულების წინ მომხდარ ტრაგედიას და სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლის მძიმე სოციალურ გამოწვევებს უკავშირდება. 1989 წლის 19 აპრილს წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი. წლების განმავლობაში სოფლის მოსახლეობამ არაერთი დაპირება მიიღო ხელისუფლებებისგან საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ, თუმცა ადეკვატური ზომები სახელმწიფოს ამ დრომდე რა აქვს მიღებული.

სოფელ წაბლანაში სტიქიით დაზარალალებული ოჯახების სოციალური გამოწვევების გადაჭრის მცდელობები 2015 წელს დაიწყო, როცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, სოფლების წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობასა და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად ამხანაგობა „წაბლანა-2015“-ს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით აჭარის ა/რ მთავრობამ და შპს „აჭარისწყალმა“ ერთობლივად 3 მილიონ ლარზე მეტი გადასცეს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი ქალაქ ბათუმში. თუმცა მშენებლობის განხორციელებას საფრთხე ძალიან მალე, 2016 წლის ივნისში დაემუქრა „საჭირო ფინანსების უქონლობის გამო“. ამავე წელს სახლის ასაშენებლად გადაცემული მიწის ნაკვეთი ამხანაგობა „წაბლანასგან“, მშენებლობის დასრულების პირობით 2016 წელს, შეისყიდა შპს „გ2 ბილდინგმა“ და შესაბამისად, მასზე გადავიდა შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების ვალდებულებაც. დღევანდელი მდგომარეობით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა, როგორც წაბლანას მოსახლეობა აცხადებს, მათთვის გადაცემული ბინები არის ე.წ. „შავი კარკასის“ და საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობაში. [1]

ამჟამად სოფელ წაბლანას მოსახლეობა აჭარელი ეკომიგრანტების დიდი ნაწილის მსგავსად, „გაორებულ“ მდგომარეობაში ცხოვრობს. იმის გამო, რომ ბათუმში მიღებული ბინების საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე მისაყვანად მოსახლეობას არ გააჩნია საკმარისი თანხები, ისინი აგრძელებენ ცხოვრებს სოფლად მათ ძველ საცხოვრებელ სახლებში, რომელიც რეალურად სიცოცხლისთვის სახიფათო ზონაში მდებარეობს. „აჭარისწყალის“ ჰესის  სამშენებლო სამუშაოების შედეგად სოფლის წყაროების ნაწილი დაშრა, რამაც სოფლისთვის ისედაც ნაკლებად სარგებლიანი სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო გაართულა. ამდენად ადგილობრივ თემს სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში, მძიმე სოციალურ პირობებში და სიღარიბეში უწევს ცხოვრება.

მეწყერული პროცესები და ამ პროცესების შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტების მძიმე სოციალური პირობები კვლავ რჩება აჭარის რეგიონში სოციალური პოლიტიკის უმთავრეს პრობლემად. როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს წინმსწრებად არ აქვთ კვლევაზე დაფუძნებული ინფორმაცია მათ ტერიტორიაზე მიმდინარე ეკოლოგიური პროცესების შესახებ და არც ეფექტიან პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ ზიანის თავიდან აცილების მიზნით. მათ მიერ მიღებული ზომები მხოლოდ უკვე დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერისკენ არის მიმართული და ისიც ხშირად სათანადო და სამართლიანი არ არის. ხშირ შემთხვევაში ეკოლოგიური პროცესების შედეგად განსახლებული ოჯახებისთვისაც კი ჭიანურდება საცხოვრებლის საკუთრების უფლებით გადაცემა.  

სათანადო საცხოვრებლის უფლება ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს და შესაბამისი სტანდარტებით ხასიათდება. გაეროს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების კომიტეტის განმარტების თანახმად, სათანადო საცხოვრებელზე ადამიანის უფლება „არ უნდა იქნეს განხილული ვიწრო ან შეზღუდული გაგებით, რაც მხოლოდ ჭერის ქონას ნიშნავს. იგი განხილული უნდა იქნეს როგორც ნებისმიერ ადგილას უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრების უფლება“. სათანადო საცხოვრისის უფლების განუყოფელ კრიტერიუმებს წარმოადგენს ბინის მომსახურებით, მასალებით, მოწყობილობებით და ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა  და საცხოვრებლად ვარგისობა რომელთა გარეშეც, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების პაქტის მე-11 მუხლით გარანტირებული ადამიანის უფლება სათანადო საცხოვრებელზე ვერ იქნება დაცული.

აჭარის ა.რ ბიუჯეტის პროგრამულ პრიორიტეტებში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით და საბინაო პირობებით უზრუნველყოფა 2017 წლიდან მოყოლებული მუდმივად არის გაწერილი, თუმცა სოფელ წაბლანას მოსახლეობას, 2015 წლიდან დაწყებული, მასშტაბური ფინანსური რესურსით და უძრავი ქონებით მხარდაჭერილი პროექტის განხორციელების მიუხედავად,  „შავი კარკასის“ გაურემონტებელი, და შესაბამისად, საცხოვრებლად გამოუსადეგარი ბინებია გადასცეს,  რომელთა საცხოვრებელ მდგომარეობაში მოყვანა, მათგან დამატებითი ხარჯების გაღებას მოითხოვს.

ამ პირობებში აშკარაა, რომ წაბლანას მოსახლეობისთვის ცარიელი ჭერის და კედლების გადაცემა ვერ იქნება მიჩნეული სათანადო საცხოვრისზე მათი უფლების დაკმაყოფილებად და სახელმწიფოს ეკომიგრანტების მიმართ ვალდებულებები შესრულებულად შეუძლებელია მივიჩნიოთ.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს აჭარის ა.რ მთავრობას და მის შესაბამის უწყებებს:

  • დროულად იქნას შესწავლილი სოფელ წაბლანას სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები და მოთხოვნები და მათთვის გადაცემული ბინები დროულად იქნას მოყვანილი შესაბამისობაში სათანადო და ღირსეული საცხოვრისის  სტანდარტებთან;
  • შესწავლილი, დოკუმენტირებული და გამოქვეყნებული იქნას წაბლანას მოსახლეობის საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობა/მართლზომიერება და  დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
  • აჭარის ა.რ მთავრობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა შეიმუშაონ სათანადო საცხოვრისზე უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული სისტემური პოლიტიკა, რომელიც საფრთხეების შესწავლის, პრევენციის, სტიქიით დაზარალებული ოჯახების სამართლიანი კომპენსაციისა და სოციალური მხარდაჭერის კომპლექსურ პროგრამებს გაითვალისწინებს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის ფინანსური აუდიტის 2015 და 2016 წლების ანგარიშები, რომელთა მიხედვით სახელმწიფო აუდიტის სამსახური, მიმოიხილავს რა წაბლანას ეკომიგრანტებისთვის საცხოვრისის მშენებლობას, როგორც მნიშვნელოვან საკითხს, ხაზს უსვამს, რომ საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ურთიერთგაგების მემორანდუმით განსაზღვრული იყოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ვადები, მისი განხორცილების ეტაპები, მშენებლობის გაჭიანურების, უკიდურეს შემთხვევაში, დაუსრულებლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობისა და ბენეფიციართა ეფექტური დაცვის მექანიზმები. აღნიშნული მექანიზმების არარსებობის პირობებში, მშენებლობის მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით, მაღალია პროექტის განუხორციელებლობის რისკი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ბენეფიციართა საბინაო პრობლემების მოგვარებას და წარმოქმნას საჯარო ქონების, მათ შორის, ფინანსების არამართლზომიერი გამოყენების შესაძლებლობა.“ ფინანსების და ქონების არამართლზომიერი გამოყენების საფრთხებზე აუდიტის სამსახურის მითითების მიუხედავად, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრისისთვის გამოყოფილი მილიონობით დაფინანსებისა და უძრავი ქონების განკარგვის ზედამხედველობა უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან სათანადოდ არ განხორციელდა, რის გამოც ეკომიგრანტების ბინების დასრულებისთვის გამოყოფილი თანხა განიკარგა სავარაუდოდ არამართლზომიერად.