ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს სახელმწიფოს უზრუნველყოს პარლამენტის წინ ბოლო დღეებში პოლიციის მიერ გამოვლენილი ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე მშვიდობიანი შეკრების, ასევე ნეონაცისტური ჯგუფების მიერ ორგანიზებული კონტრდემონსტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ განუხრელად იყოს დაცული ორივე შეკრების მონაწილეების უსაფრთხოება, ღირსება და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

2018 წლის 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციისა და შემდგომში სპონტანურად ორგანიზებული შეკრებების დროს საპოლიციო ძალის უპრეცედენტოდ აგრესიული დემონსტრირებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შემდეგ მასშტაბური აქციები თბილისის ქუჩებში ორი დღის განმავლობაში გრძელდება. შეკრების მონაწილეები პარლამენტთან პოლიციის სისტემურ ძალადობას, რეპრესიულ და ანტისოციალურ ნარკოპოლიტიკას და მის საფუძვლად მდებარე სოციალურ უსამართლობას აპროტესტებენ. სამწუხაროდ, პოლიტიკური ხელისუფლება ვერ ახერხებს საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური წუხილებისა და უკმაყოფილებების სათანადო გააზრებას და მათზე რეაგირებას. ამის ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ყველაზე პოპულისტური რიტორიკა გამოიყენოს და ამ გზით მოახდინოს საპოლიციო კონტროლის და დისციპლინირების იარაღად ქცეული, დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკაზე მწვავე უკმაყოფილების ჩახშობას. ნარკოტიკის რეალიზაციასთან ბრძოლის რთულ პროცესში, სახელმწიფოს მიერ სწორედ კლუბებისა და შესაბამისად, მათთან დაკავშირებული სუბკულტურების წინააღმდეგ დემონსტრაციულად აგრესიული ნაბიჯების გადადგმით, ხელისუფლება კონსერვატიული განწყობების მობილიზაციას და ამ გზით საკუთარი პოლიტიკის ხარვეზების გადაფარვას ცდილობს. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ვერ იაზრებს მის როლს მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდირება და პოლიტიკა რაციონალური, სოციალური სამართლიანობის და დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე აწარმოოს. დაუშვებელია, ისედაც მძიმე წარსულის მქონე საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩვა, კულტურული წინააღმდეგობებისა და კონფლიქტების წარმოების ხელშეწყობა და მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება.

მოვუწოდებთ:

პოლიციას - უზრუნველყოს აქციისა და კონტრაქციის მონაწილეების უსაფრთლოების და შეკრების თავისუფლების დაცვა;

პოლიტიკურ ხელისუფლებას - შეასრულოს მაკონსოლიდირებელი როლი და ნარკოპოლიტიკის, ისევე როგორც საპოლიციო პოლიტიკის სისტემური კრიტიკისა და რეფორმირების რეალური პროცესები შექმნას;

შეკრების მონაწილეებს - მაქსიმალურად დაიცვან მშვიდობა და სათანადოდო გაიაზრონ, საზოგადოებაში გაჩენილი კონფლიქტების სისტემური სოციალური და პოლიტიკური მიზეზები.