მიმდინარე წლის 16 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარედგინა.[1] საპროკურორო საბჭოს ოფიციალური განცხადებით, შოთაძის კანდიდატურა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა.[2]

ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა მას შემდეგ, რაც „ხორავას ქუჩის“ საქმეზე გამოვლენილ სისტემურ ხარვეზებს მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.[3]

წლების მანძილზე, პროკურატურის მიმართ არსებობს კრიტიკა უწყების  დეპოლიტიზირების და მისი მუშაობის პროცესში გამჭვირვალობის, სამართლიანი და ეფექტიანი მართლმსაჯულების გატარების კუთხით. აღნიშნული პრობლემები ვერ აღმოფხვრა 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში განხორციელებულმა ინსტიტუციურმა ცვლილებებმაც. ფრაგმენტული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისტემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება მნიშვნელოვანად არ შეცვლილა. საზოგადოებრივი ნდობის არარსებობის მაჩვენებელია ისიც, რომ განსაკუთრებით დაბალია გენერალური პროკურორობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა, რამდენადაც ბუნდოვანი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს საპროკურორო საბჭოს მიერ ღია და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის არჩევის წესი არ არის დაფუძნებული პოლიტიკურ კონსენსუსზე ორიენტირებულ პროცედურებზე და ვერ ქმნის სამართლიანი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებობას.

გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად, რომელიც უკავშირდებოდა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე პროკურატურის საქმიანობის არაეფექტიანობას და სისტემურ ჩავარდნას. „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და დარღვევების მასშტაბი პირდაპირ უთითებდა მთავარი პროკურორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ამ პროცესში, რაც შესაძლებელია გამოხატული იყო შოთაძის უშუალო მონაწილეობაში ან მისი მხრიდან სისტემის არასათანადო მართვაში რამაც შესაძლებელი გახადა სარალიძის საქმეზე სიმართლის დადგენის პროცესში პროკურატურის მაღალჩინოსნების უკანონო ზეგავლენა. ირაკლი შოთაძის გადადგომა მისი მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღიარებას გულისხმობდა რაც მისი როგორც მთავარი პროკურორის ლეგიტიმაციის არარსებობას უკავშირდებოდა. ამ ფონზე, შოთაძის კანდიდატურას არ აქვს საზოგადოებრივი ნდობა და გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის  განხილვა ქმნის სისტემის პოლიტიზირების კიდევ უფრო გაძლიერების რისკს და ანულებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და შინაარსს, რაც შეუძლებელს უნდა ხდიდეს სისტემურ ჩავარდნაზე პასუხისმგებელი ფიგურების იმავე პოზიციაზე დაბრუნებას.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ხორავას ქუჩის“ საქმე ამ დრომდე არ არის საბოლოო შედეგები დამდგარი პროცესში მონაწილე პირების მიმართ და ბოლომდე არ არის გამოკვეთილი, რა პასუხისმგებლობა ჰქონდათ საქმის სამართალწარმოებაში გამოვლენილ ხარვეზებზე კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელობას. ამავდროულად, შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში, პროკურატურის მიერ არ იქნა გამოძიებული არაერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის და აფგან მუხთარლის საქმეები.

ამ პირობებში ცხადია გასათვალისწინებელია წინასაარჩევნო პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების საქმეები, რომელიც პროკურატურის პოლიტიზირების შესახებ ყველაზე მაღალ ეჭვებს აჩენს.  ცხადია, რომ წინასაარჩევნო კონტექსტში სისხლის სამართლებრივი დევნის აპარატის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების პრევენციისთვის და კანონის უზანესობის და დემოკრატიის პრინციპების დაცვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის და ნდობის მქონე პირი დაინიშნოს.

ნდობის კრიზისში მყოფი უწყების ხელმძღვანელად იმ პირის დანიშვნა, რომელიც თავად არის პასუხისმგებელი არაერთი სისტემური პრობლემის გადაუჭრელობაზე, კიდევ უფრო შეარყევს საზოგადოებრივ დამოკიდებულებას პროკურატურის მიმართ, რომელიც ისედაც მყიფე და სუსტია. ამ ფონზე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, საპროკურორო საბჭომ ჯეროვნად გაიაზროს მისი კონსტიტუციური როლი, იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და შეძლოს ღია, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება კანდიდატებთან დაკავშირებით.

 

EMC მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს:

  • მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე;
  • საზოგადოებისთვის დროულად გახადოს ხელმისაწვდომი სრული ინფორმაცია გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა შესახებ;
  • დაასაბუთოს და გაასაჯაროოს თითოეული წარდგენილი კანდიდატის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
  • წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს პოლიტიკურად ნეიტრალური, შესაბამისი კვალიფიკაციის და დამსახურების მქონე კანდიდატი.