ფოტოს წყარო: მთავარი

EMC ეხმიანება თბილისის მერიის მიერ რეხის დასახლებაში უნებართვო მშენებლობების დაგეგმილ დემონტაჟს და მოუწოდებს მერიას, მაქსიმალურად დაიცვას და გაითვალისწინოს უსახლკაროების ინტერესები.

მედიით გავრცელებულ ინფორმაციით, მერიას უნებართვო მშენებლობების (სულ 7 ნაგებობის) დემონტაჟის მცდელობა 28 მაისს ჰქონდა, თუმცა მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ განხორციელდა. მერიის ინსპექტირების სამსახურმა მოსახლეებს ერთკვირიანი ვადა მისცა ნებაყოფლობითი დემონტაჟისთვის, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულების პროცედურები უნდა დაიწყოს. მიცემული ვადა დღეს ამოიწურა და ათამდე ოჯახი შიშით ელოდება მერიის სამსახურების გამოჩენას.

რეხის დასახლებაში, ძირითადად, სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახები ცხოვრობენ, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის მიმდინარეობისას კიდევ უფრო დამძიმდა. მიუხედავად იმისა, რომ სახლების დემონტაჟის შედეგად მუნიციპალიტეტი მათ ბინის ქირით უზრუნველყოფას დაპირდა, ისინი შიშობენ, რომ ქირის რამდენიმეთვიანი გადახდის შემდგომ ქუჩაში დარჩენა ელით და მერიას აშენებული საცხოვრისების გამოსყიდვის უფლებას სთხოვენ.

მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრისის დემონტაჟი მოიცავს ფაქტობრივ გამოსახლებას, იგი ამგვარად არ არის აღქმული ეროვნული ნორმატიული ჩარჩოს მიერ და ამ საკითხს კანონმდებლობა და პრაქტიკა მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევის კუთხით ხედავს. დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მუნიციპალიტეტი არ აფასებს პირებისა და შინამეურნეობების საჭიროებებს, მათ შორის, უსახლკარობის რისკებს და უგულებელყოფს პირთა სათანადო საცხოვრებლის უფლების დაცვის გარანტიებსა და ამ სფეროში სახელმწიფოს ვალდებულებებს.

მდგომარეობას ამწვავებს ისიც, რომ ის მწირი და არასაკმარისი გარანტიები, რომელიც გამოსახლების დროს ეროვნულ დონეზე არსებობს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება. კერძოდ, დემონტაჟის მიმდინარეობისას არ არის გათვალისწინებული სოციალური მუშაკების, ასევე, საცხოვრისის უფლების განხორციელებაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური ორგანოების მონაწილეობა. ერთ-ერთ პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ამგვარი ტიპის აღსრულების ღონისძიების მიმდინარეობისას მოძრავი ნივთების შენახვისა და შენარჩუნების გარანტიის არარსებობა, რაც მაცხოვრებლებისთვის უფრო მეტი მოწყვლადობის რისკებს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა მაცხოვრებლებს ბინის ქირით უზრუნველყოფა შესთავაზა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სერვისი დროებითია, ნაკლებად ითვალისწინებს მოსარგებლეთა ინდივიდუალურ გამოწვევებსა და საჭიროებებს და არ მოიცავს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობ კომპონენტებს. შესაბამისად, ბინის ქირის სერვისი ვერ ქმნის ბენეფიციარების უსახლკარობის მდგომარეობიდან ამოსვლის მყარ და განგრძობად გარანტიებს.

სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირების ვალდებულებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, მუნიციპალურმა ორგანოებმა გაითვალისწინონ რეხის დასახლების მცხოვრებთა მოწყვლადობა და არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, განსაკუთრებით COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობისას. ნებისმიერმა ღონისძიებამ, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღება, სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს მაცხოვრებელთა უფლებები, ინტერესები და უზრუნველყოს მათი უსახლკარობის პრევენცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ

თბილისის მუნიციპალიტეტს:

  • გადადგას ნაბიჯები რეხის დასახლებაში მცხოვრებთა საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, მათ შორის, მათი უსახლკარობის რისკების შესწავლის მიმართულებით და მიიღოს ზომები მათი მოწყვლადობის დაზღვევისთვის;
  • კონსენსუსის მიღწევისათვის უზრუნველყოს დემონტაჟს დაქვემდებარებული სახლების მაცხოვრებლებთან დიალოგი და შესაძლო ალტერნატივების განხილვა; ასევე, გადადგას ყველა ნაბიჯი ისეთი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, რომელიც მათ უფლებებში ყველაზე ნაკლებ ჩარევას გაითვალისწინებს;
  • საცხოვრისების დემონტაჟის შემთხვევაში, უზრუნველყოს მაცხოვრებლები საცხოვრისის გრძელვადიანი სერვისებით და მიიღოს ყველა ზომა მათი უსახლკარობის დაძლევის მიზნით.

საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას:

  • უზრუნველყონ გამოსახლების მთლიანი პროცესის (გამოსახლებამდე პერიოდი, საცხოვრისიდან გამოყვანის პროცესი, გამოსახლების შემდგომი პერიოდი) მარეგულირებელი კანონმდებლობის, ასევე პრაქტიკის, სრული შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების ინტერესების დაცვის მდგრადი მექანიზმების დანერგვა;
  • უზრუნველყონ დემონტაჟის შედეგად მცხოვრებთა გამოყვანის მიჩნევა გამოსახლების ერთ-ერთ ფორმად და მასზე გაავრცელონ გამოსახლების მარეგულირებელი ნორმები.