EMC ეხმიანება უსახლკარობასთან ბრძოლის საკითხებზე პარლამენტის თემატური მოკვლევის დასკვნას და მოუწოდებს მთავრობას, შემჭიდროვებულ ვადებში, შეასრულოს დოკუმენტით გაცემული რეკომენდაციები.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ოქტომბრიდან, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხზე თემატური მოკვლევა მიმდინარეობდა. პროცესში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აქტიური მონაწილეობა EMC-იმ, ღია საზოგადოების ფონდმა (OSGF) და სახალხო დამცველის ოფისმა მიიღო. თემატური მოკვლევის ფარგლებში შემუშავებული დასკვნა, დიდ წილად, სწორედ მათ ზეპირ და წერილობით მოსაზრებებს დაეფუძნა და ფოკუსირდა იმ სისტემურ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაში უსახლკარობასთან ბრძოლის მიმართულებით კანონმდებლობის, პოლიტიკისა თუ პრაქტიკის დონეზე არსებობს.

დასკვნა ხაზს უსვამს როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უსახლკარობასთან ბრძოლის სფეროს პრიორიტეტიზაციის აუცილებლობას და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს რეკომენდაციებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • უსახლკარო პირის ერთიანი და არაორაზროვანი დეფინიციის შექმნა, უსახლკარობის მიზეზების კვლევა, უსახლკარო ჯგუფებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება. ასევე, სტატისტიკური ინფორმაციის სისტემატურად დამუშავება;
  • 2020 წლის დეკემბრამდე, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ჩართულობით, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს უსახლკარობასთან ბრძოლის საკითხებზე სახელმწიფოს როგორც პრევენციულ, ისე რეაგირებით პოლიტიკას;
  • საცხოვრისის სფეროში ხელისუფლების დონეებს შორის უფლებამოსილებების ნათელი გადანაწილება; ასევე, მუნიციპალიტეტების თანამშრომლობისა და კოორდინაციის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბება;
  • გამოსახლების საკითხების იმგვარი რეგულირება, რომ მიღწეულ იქნას ბალანსი საცხოვრისისა და საკუთრების უფლებებს შორის; საკანონმდებლო გარანტიების გაჩენა გამოსახლების პროცესში მუნიციპალიტეტების მონაწილეობის, გამოსახლებას დაქვემდებარებული პირების საჭიროებების შესწავლისა და გამოსახლებამდე მათი თავშესაფრით უზრუნველყოფის ნაწილში;
  • უსახლკარობასთან ბრძოლის სფეროში როგორც პრევენციული, ისე რეაგირებითი ხასიათის გრძელვადიანი სერვისების შექმნა, საცხოვრისის სერვისების მომხმარებლების გაძლიერება და მათი უსახლკარობის მდგომარეობიდან ამოყვანა. ასევე, სოციალურ შემწეობაზე ქუჩაში მცხოვრები პირების წვდომის უზრუნველყოფა.

მეორე მხრივ, დასკვნა მიუთითებს უსახლკარობის დეფინიციისა და შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებამდე მუნიციპალიტეტების მხრიდან უსახლკაროდ რეგისტრაციის წესების დამტკიცების შესაძლებლობაზე. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა ამ რეკომენდაციის აღსრულებამ არ უნდა გამოიწვიოს არსებული პოლიტიკის კიდევ უფრო ფრაგმენტაცია და არ უნდა გადაავადოს ამ მიმართულებით ცენტრალიზებული ცნებისა და პრინციპების შემოტანა და დანერგვა.

მიუხედავად პარლამენტის მიერ წამოჭრილი საკითხების მნიშვნელობისა, დასკვნამ არ მოიცვა ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც ასევე არსებითია ამ სფეროში. მათ შორისაა, უსახლკარობასთან ბრძოლის მიმართულებით სახელმწიფოს უმოქმედობის მძიმე ზეგავლენები სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფზე, მაგალითად, შშმ პირებზე, და მათი პერსპექტივების გათვალისწინების აუცილებლობა საცხოვრისის პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში EMC-იმ არაერთხელ წამოჭრა საკითხი დიდი ზომის ინსტიტუციებში მცხოვრები შშმ პირების მძიმე უფლებრივი მდგომარეობისა და საცხოვრისის პოლიტიკაში დეინსტიტუციონალიზაციის საკითხების გათვალისწინების აუცილებლობის შესახებ.

დოკუმენტში ასევე არასრულადაა ასახული გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილების აუცილებლობა. მიუხედავად დასკვნაში ამ მიმართულებით რეკომენდაციების არსებობისა, მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მომხდარიყო იმ სხვა გამოწვევებზეც, რომელთა აღმოფხვრაც პოლიტიკას არსებითად შეცვლიდა. მათ შორისაა, გამოსახლების პრევენციული პოლიტიკის (როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული ზომები) დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის, ცვლილებების შეტანა ფულად-საკრედიტო სისტემაში, საბინაო პოლიტიკასა და სოციალური დაცვის სისტემაში. ასევე, საცხოვრისიდან გამოყვანის პროცესის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და უსახლკარობის სფეროში ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მივმართავთ საქართველოს მთავრობასა და მუნიციპალიტეტებს:

  • უმოკლეს ვადაში შეასრულონ თემატური მოკვლევის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები და უზრუნველყონ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საცხოვრისის პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულების პარალელურად, გადადგან ნაბიჯები იმ ძირეული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც არსებითია საცხოვრებლის უფლების გარანტირების მიმართულებით. მათ შორისაა, გამოსახლების ყველა ეტაპის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და პრაქტიკის სრულყოფა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ასევე, საცხოვრისის პოლიტიკაში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესებისა და გამოწვევების ეფექტიანი ასახვა.

საქართველოს პარლამენტს:

  • განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ თემატური მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციების შესრულებაზე.