IMG_4964

2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი , რომელიც შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის შემთხვევების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შექმნას ისახავდა მიზნად.

კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციებს დაემატა შრომის პირობების შემოწმება იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით. კანონმა ასევე დაადგინა მთავრობის ვალდებულება, 2016 წლის 1 იანვრამდე მიეღო აღნიშნული სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი, თუმცა ეს ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

მიღებული ცვლილება, განსხვავებით მოქმედი პრაქტიკისგან, გამონაკლისის სახით, უფლებას აძლევს შრომის ინსპექციას კერძო სუბიექტის თანხმობის გარეშე შევიდეს საწარმოში იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ინსპექტირებისათვის. მიუხედავად ასეთი უფლებამოსილების განსაზღვრისა,EMC-მ მიღებული საკანონმდებლო ცვლილება შეაფასა , როგორც ნაკლებ ეფექტური ნაბიჯი, ვინაიდან, ის არ გვთავაზობს „შრომითი ექსპლუატაციის“ ცნების განმარტებას და ვერ ქმნის ქმედით მექანიზმებს შრომითი ექსპლუატაციის დამკვიდრებული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.

მართალია, საკანონმდებლო ცვლილებით წარმოდგენილი მექანიზმი ხარვეზულია, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ ამ წესის დაუყოვნებლივ მიღებას, რამდენადაც ის ადგენს საგამონაკლისო შესაძლებლობას კანონით განსაზვრულ შემთხვევებში, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი დაუყოვნებლივ, წინასწარი შეთანხმების გარეშე შევიდეს სამუშაო ადგილებზე, რაც შრომითი ექსპლუატაციის არსებული პრაქტიკის გამოვლენისა და მისი მასშტაბის შეფასების შესაძლებლობას გააჩენს.

EMC სახელმწიფოს მოუწოდებს:

  • კანონმდებლობით განისაზღვროს შრომითი ექსპლუატაციის ცნება, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისად;
  • შეასრულოს კანონით დაკისრებული ვალდებულება და დაუყოვნებლივ მიიღოს შრომით ექსპლუატაციასა და იძულებით შრომაზე პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი.