EMC ეხმიანება 3 დეკემბერს - შშმ პირთა საერთაშორისო დღეს და საქართველოს მთავრობას ინსტიტუციონალიზაციის უმძიმესი პრაქტიკის დასრულებისკენ მოუწოდებს, რაც დიდი ზომის დაწესებულებების დახურვას და პარალელურად, ადამიანის უფლებებთან თავსებადი თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მხარდამჭერი სერვისების შექმნას გულისხმობს. 

წლების მანძილზე სახელმწიფოს მიერ ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შშმ პირთა საჭიროებების უგულვებელყოფა ასობით ადამიანს საზოგადოებაში ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს და ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და პანსიონატებში ცხოვრებისთვის წირავს. დიდი ზომის დაწესებულებებში მყოფი ადამიანების უმეტესობა ცხოვრების დიდ ნაწილს ფსიქიატრიულ საავადმყოფოსა და პანსიონატებში ატარებენ, რაც საზოგადოებისაგან იზოლაციის პარალელურად, გულისხმობს ცხოვრებას ძალადობასა და უგულვებელყოფაში, შრომით ექსპლუატაციაში, ღირსების შემლახავ საცხოვრებელ გარემოში, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების, მუდმივი კონტროლისა და დისციპლინირების ქვეშ,[1] დიდი ზომის დაწესებულებებში მცხოვრებ შშმ პირებს ჩამორთმეული აქვთ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შესაძლებლობა, ხოლო ინსტიტუციაში ცხოვრების დამატებითი დღე მათი დამოუკიდებელი ცხოვრების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.

ინსტიტუციონალიზაციის უმძიმესი პრაქტიკის არსებობა სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობაა. უკიდურესად მწვავე საჭიროების მიუხედავად, ფსიქიკური ჯანმრთელობა არ წარმოადგენს ჯანდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტს რის შედეგადაც წლების მანძილზე სახელმწიფო უარს ამბობს დიდი ზომის დაწესებულებების დახურვასა და თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებაზე. 2019 წლის მონაცემებით,[2] მხოლოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე ხანგრძლივად დაყოვნების 1067 შემთხვევა დაფიქსირდა.

დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა შექმნილიყო დღემდე არ არის შემუშავებული. ინსტიტუციების დახურვის საკითხი არც „შშმ პირთა უფლებების შესახებ“ ახალმა კანონმა გაითვალისწინა. კონკრეტული სტრატეგიის გარეშე სახელმწიფოს მიერ მიღებული ფრაგმენტული ზომები კი (მათ შორის, სათემო საცხოვრისების შექმნის მიმართულებით) პროცესის არასწორი გზით განვითარების საფრთხეებს ქმნის.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებები და გამოწვევები დეინსტიტუციონალიზაციის აუცილებლობასთან ერთად, სხვა არაერთ სასიცოცხლო საკითხს მოიცავს. თუმცა, დიდი ზომის დაწესებულებებში მცხოვრები ადამიანების საჭიროებების განსაკუთრებული სიმწვავიდან გამომდინარე, გვსურს 2020 წლის 3 დეკემბერს სახელმწიფოს მის მიერ ყველაზე მეტად გარიყული და დავიწყებული ადამიანების არსებობის შესახებ შევახსენოთ.

EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

  • უმოკლეს ვადაში, შშმ თემის აქტიური ჩართულობითა და ინსტიტუციონალიზებული პირების საჭიროებების შესწავლის საფუძველზე, შეიმუშავონ დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და დაუყოვნებლივ გადადგან საწყისი ნაბიჯები პროცესის მოსამზადებლად;
  • უზრუნველყონ სოციალური დაცვისა (მათ შორის, საცხოვრისის) და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის სხვა არსებითი, თემზე დაფუძნებული სერვისების დანერგვა, განვითარება და მისაწვდომობა მთელი ქვეყნის მასშტაბით;

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.

[2] შენიშვნა: 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით.