EMC მოუწოდებს მუნიციპალური განვითარების ფონდს, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მშენებლობისას სრულად გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლება ჯანდაცვის ობიექტების მისაწვდომობაზე

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაწყებული მასშტაბური პროექტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე 81 პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების აგებას ითვალისწინებს, არ შეესაბამება მშენებლობის იმ ნორმალებსა და ინსტრუქციებს, რაც უზრუნველყოფს ობიექტების სრულ მისაწვდომობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. კერძოდ, ობიექტების მოწყობის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მაჩვენებლები, ვერ უზრუნველყოფს შენობების სრულ მისაწვდომობასა და დამოუკიდებლად სარგებლობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათავის, რაც მათი უფლებების დარღვევის საფუძველს ქმნის.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს #1117 განკარგულებით სსიპ - საქართველოს  მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის სოფლის ამბულატორიების მშენებლობის დასაფინანსებლად გამოყოფილ იქნა 2 400 000 ლარი.[1] მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა შპს „აი-სი-ი-ეს“-ი[2], რომელიც უახლოეს მომავალში ამ ძვირადღირებული პროექტის განხორციელებას დაიწყებს.

სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალება დეტალურად აღწერს იმ პირობებს, რომელსაც პირველადი ჯანმრთლობის დაცვის ობიექტები უნდა აკმაყოფილებდნენ. ტექნიკური დავალების ზოგიერთი ნაწილი გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შენობის გარკვეული ნაწილის ხელმისაწვდომობას (სტანდარტებთან შესაბამისი პანდუსი, ცენტრალური და შინა კარებების პარამეტრები), თუმცა, ქვემოთმოყვნილი ხარვეზების გათვალისწინებით, ნათელია რომ, ეს შენობები ვერ უზრუნველყოფს სრულად/დამოუკიდებლად სარგებლობასა და უსაფრთხოებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ამასთან, არასათანადო მისაწვდომობა თავისთავად ქმნის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფრთხეს, მათ შორის, ისეთი უფლებისა, როგორიცაა წვდომა სათანადო ჯანდაცვაზე.

სატენდერო დოკუმენტაციის პირობებში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შემდეგი შეუსაბამობები:

-         ტექნიკური დავალება ითვალისწინებს, რომ სანიტარულ კვანძში (საპირფარეშო) შესასვლელთან უნდა იქნეს მოწყობილი კიბე სამი საფეხურით, რომელიც სრულად გამორიცხავს მისით სარგებლობის შესაძლებლობას მაგალითად, ეტლით მოსარგებლე პირებისათვის;

-         საპირფარეშოს შესასველი კარების სიგანე შეადგენს 70სმ-ს, რაც ნორმაზე 5-10სმ-ით ნაკლებია, რაც ასევე გამორიცხავს მისით სარგებლობის შესაძლებლობას;

-         არ არის მოთხოვნილი საპირფარეშოების აღჭურვა შესაბამისი სტანდარტის ჩამოსაჯდომი ნიჟარითა და დამხმარე მოაჯირებით. ნაცვლად ამისა მოთხოვნილია „ე.წ. თურქული ტუალეტების მოწყობა“, რაც ასევე სრულად წინააღმდეგობაშია არსებულ სტანდარტებთან;

-         სატენდერო პირობებით ასევე არაა გათვალისწინებული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკირების შესაძლებლობები;

-         სატენდერო დოკუმენტაცია ბუნდოვანებას ტოვებს იმასთან დაკავშირებით, შეძლებენ თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პირველადი ჯანდაცვის  ობიექტებში შიდა მობილობას, შესაბამისი ზუსტი პარამეტრების დაუდგენლობის გამო.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დოკუმენტები აღიარებს ყველა ადამიანის უფლებას თანასწორად სარგებლობაზე. გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-9 მუხლი, რომელიც მისაწვდომობას შეეხება ხაზს უსვამს,   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობის მიზანს და მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა უზრუნველყონ ფიზიკური გარემოს, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში. უფრო მეტიც, ამავე კონვენციის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ასევე იღებენ ზომებს, რათა უზრუნველყონ მოსახლეობისათვის ღია ობიქტებისა და მომსახურების ყველა კერძო საწარმოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომობის ყველა ასპექტის გათვალისწინება.

საქართველოს წარმოადგენს გაეროს კონვენციის (UNCRPD) ხელმომწერ სახელმწიფოს. ამჟამად კი პარლამენტი განიხილავს კონვენციის რატიფიკაციის საკითხს, რაც აცხადებს სახელმწიფოს ნებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან მიმართებით. ასევე, ნათელია, რომ გარემოს მისაწვდომობა ქვეყანაში ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრობლემას წარმოადგენს, ობიექტებისა თუ საჯარო სივრცეების (შენობები, ტრანსპორტი და სხვა) აბსოლუტური უმრავლესობა ვერ პასუხობს მისაწვდომობის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მასშტაბურ დარღვევას იწვევს. აგრეთვე, სახელმწიფო, მის მიერ შემუშავებულ პოლიტიკის არაერთ დოკუმენტში, გარემოს მისაწვდომობას ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევს,[3] და შეიმუშავებს სამოქმედო გეგმებს მის შესაცვლელად.

ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებისას, არსებული საერთაშორისო სტანდარტების, ქვეყნის გაცხადებული პოლიტიკისა და არსებული მძიმე ფაქტობრივი ვითარების გათვალისწინებით, არსებობს მოლოდინი, რომ მინიმუმ ახალი მშენებლობების დაგეგმვისას მაინც, სახელმწიფო დაწესებულებები გაითვალისწინებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს, მით უფრო როდესაც საუბარი პირველადი ჯანდაცვის ობიექტებზე სათანადო მისაწვდომობას შეეხება.

თუმცა, ცხადია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაწყებული პროექტი არ პასუხობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს. ამასთან, არ შეესაბამება სახელმწიფოს გაცხადებულ პოლიტიკას, რომელიც უნდა გულისხმობდეს ამ სფეროში ახალი მიდგომების დამკვიდრებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ორინტირებული სახელმწიფოს პოლიტიკის გატარებას და მათი ღირსების დაცვაზე დაფუძნებული პრაქტიკების დანერგვას.

იმ შემთხვევაშიც კი თუ ზემოაღნიშნული პრობლემა პრაგმატულ ჭრილში იქნება განხილული, უნდა აღინიშნოს რომ შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ მსოფლიო ანგარიშის მონაცემებით, მშენებლობის პროცესში ობიექტების სრული მისაწვდომობის უზრუნველყოფა, მხოლოდ ერთი პროცენტით ზრდის მშენებლობის ხარჯებს და ის გაცილებით იაფი უჯდება სახელმწიფოს, ვიდრე შენობების მოგვიანებით ადაპტირება.[4]

შესაბამისად, მოვუწოდებთ მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი და რესურსი, რათა სოფლის ამბულატორიების მშენებლობა შეუსაბამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას გარემოს მისაწვდომობაზე.

განახლება: მუნიციპალური განვითარების ფონდის პასუხი EMC-ის განცხადებაზე