ფოტო: რეგინფო

 

EMC ეხმიანება რიონის ხეობაში სამოქალაქო აქტივისტების მიერ ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას და მიიჩნევს, რომ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის მიერ ადგილზე წარმოებული სამუშაოები არღვევს სანებართვო პირობებს.

როგორც ცნობილია, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე, მასშტაბური ჰესების კასკადის მშენებლობა იგეგმება, რომელთა სიმძლავრეც ჯამში 433 მგვტ.-ს შეადგენს. საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, პროექტს შპს „ენკა რინიუებლზ“ ახორციელებს. თვეების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა წუხილებიც სახელმწიფოს მხრიდან უგულვებელყოფილია, სხვა მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების მოწინააღმდეგე თემებთან გაერთიანებით ორგანიზებულ წინააღმდეგობას უწევს კასკადის მშენებლობას.  28 ოქტომბერს, ჰესის მოწიენააღმდეგეები ადგილზე მორიგეობის დაწესებით ცდილობენ მშენებლობის პროცესის შეჩერებას.

მიუხედავად ნამახვანი ჰესების კასკადის გარშემო არსებული უამრავი შეკითხვისა პროექტის სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების, სეისმური მდგრადობის, სახელმწიფოს ფისკალური რისკების, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის თუ სამართლებრივი ხარვეზების თაობაზე, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 22 აპრილს გასცა.[1] აღნიშნული ბრძანების თანახმად, კომპანიას სამშენებლო სამუშაოების წარმოება შეუძლია მხოლოდ ნებართვით გათვალისწინებული პირობის დაკმაყოფილების შემდეგ, რაც საბოლოო სამშენებლო დოკუმენტის და საექსპერტო დასკვნების წარდგენას გულისხმობს. ამ დოკუმენტების წარდგენამდე კი, კომპანიას მხოლოდ მოსამზადებელი რიგის და მიწის სამუშაოების განხორციელების უფლება აქვს. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი აქტივისტების, ასევე, თავად შპს „ენკა რინიუებლზის“ მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია დროებით ბანაკს აშენებს, რომელიც 500 ადამიანამდე იტევს; ბანაკი ნაწილობრივ უკვე ოპერირებს, ასევე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები ბეტონის ქარხნის მოწყობისა და სადაწნევო გვირაბთან მისასვლელი გზის მშენებლობისთვის, შენდება დროებითი ხიდი.

აშკარაა, რომ აღნიშნული სამუშაოები ცალსახად ცდება მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებს[2] და უშუალოდ მშენებლობის დაწყებად უნდა ჩაითვალოს, რისი უფლებაც კომპანიას ქვემო ნამახვანი ჰესის ნებართვის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენამდე არ აქვს. ამდენად, კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად  და, შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო ქმედებად უნდა შეფასდეს.

იმ ფონზე, როდესაც საზოგადოებას და ადგილობრივ მოსახლეობას არაერთი შეკითხვა აქვს პროექტის ირგვლივ, მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს გაუმჭვირვალედ და არც სამთავრობო უწყებები და არც კომპანია საზოგადოებას არ აწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ. ამგვარი ვითარება კიდევ უფრო შემაშფოთებელია პანდემიის პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი აქტივობა ბუნებრივად შემცირებულია, თუმცა კომპანია კვლავ აგრძელებს არასანქცირებულ სამუშაოებს სადავო ელექტროსადგურის მშენებლობის მიზნით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შესაბამისი უწყებების მეშვეობით უზრუნველყოს:

  • ნამახვანი ჰესის საპროექტო არეალში კომპანიის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შემოწმება პროექტის ფარგლებში გაცემულ ნებართვასთან/ნებართვებთან შესაბამისობის დადგენის და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით;
  • ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და მათი სათანადო ჩართულობა ნამახვანი ჰესების კასკადთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

 

შეფასებას სრულად, შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში

ნამახვანი-გამოხმაურება.docx

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] მშენებლობის ნებართვა, მწვანე ალტერნატივის მიერ სააგენტოსგან გამოთხოვილი წარმოების სხვა მასალებთან ერთად, ხელმისაწვდომია: https://drive.google.com/drive/folders/1o94Bb6oabiLP61DoSgKoGpFGTP7oBQuX.

[2] იხილეთ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის #257 დადგენილება „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“, 58-ე მუხლი, ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4578118?publication=2.