EMC ეხმიანება ნამახვანის კასკადის წინააღმდეგ, დღეს, ქუთაისში დაგეგმილ საპროტესტო აქციას და მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას აღნიშნული პროექტის განხორციელება მისი ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე.

მდინარე რიონის ხეობაში, სოფელ ტვიშსა და სოფელ ჟონეთს შორის მასშტაბური ჰესების კასკადის აშენება იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ჰესთან დაკავშირებით უამრავი კითხვა და წუხილი არსებობს, 2020 წლის თებერვალში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჰესზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა. ზედაპირული და გაუმყარებელია როგორც არსებული პროექტის გეოლოგიური და ეკოლოგიური ნაწილი, ისე მისი ეკონომიკური და სოციალური დასაბუთება. ორგანიზაცია „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 22 ივლისს, ქუთაისში ნამახვანის კასკადის საწინააღმდეგო აქციას გამართავს.

აშენების შემთხვევაში, ნამახვანის ჰესების კასკადი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ განხორციელებული ყველაზე დიდი ენერგეტიკული პროექტი გახდება საქართველოს ტერიტორიაზე. კასკადი ორი ჰესისგან შედგება და მათი საერთო სიმძლავრე 430 მეგავატს აღემატება. პროექტში, რომლის მთლიანი ღირებულება 700 მილიონ დოლარს აჭარბებს, რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორი და სამშენებლო კომპანია მონაწილეობს. არსებული პროექტი მოიცავს 15 კილომეტრის სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასაც.

კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს - ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრს შეადგენს. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. დასატბორ ტერიტორიაში ხვდება 110 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა გამოასახლონ. ზეგავლენის არეალში ექცევა 20-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რამდენიმე სოფელი და 10-ზე მეტი არქეოლოგიური ობიექტი. კუმულაციური და მიკროკლიმატური ეფექტების გამო საფრთხის ქვეშ ექცევა სოფელ ტვიშში მევენახეობისა და ღვინის წარმოების ტრადიცია.

არაერთი დარგის ექსპერტი საუბრობოს როგორც გეოლოგიურ და სეისმურ, ისე ადგილობრივ რელიეფთან, გამდინარე წყლებსა და მეწყრულ ზონებთან დაკავშირებულ რისკებზე. საგულისხმოა, რომ ნამახვანის ჰესებში მონაწილე წამყვანი ინვესტორი, ნორვეგიული “Clean Energy Group,” პასუხისმგებელია შუახევი ჰესზე მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ახლად აშენებული ჰესის გვირაბი, გაშვებიდან 2 თვის შემდეგ, რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა, მიზეზად კი ადგილობრივი გეოლოგიური თავისებურებების გაუთვალისწინებლობა დასახელდა.

კითხვის ნიშნებს აჩენს პროექტის ფინანსური და ეკონომიკური მხარეც. ჰესის არსებული პროექტი ითვალისწინებს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას, რომელიც 8 თვეზე ვრცელდება. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების გაფორმების პრაქტიკა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი, მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, რადგან ისინი სახელმწიფოსთვის დამატებით ფისკალურ ტვირთს ქმნიან. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, ისევე როგორც ინვესტორზე მორგებული სხვა სახელმწიფო პრაქტიკა, (ვალდებულებების გადავადება, სესხების უზრუნველყოფა, მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის სახელმწიფო ხარჯებით მოწყობა და ა.შ) კერძო მოგების დაგროვებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან, თუმცა რამდენად ემსახურებიან ისინი საჯარო ან სახელმწიფო ინტერესებს ხშირად ბუნდოვანია.

ეს კითხვები კიდევ უფრო მწვავდება COVID 19-ის პანდემიის ვითარებაში, როცა პოსტ-კრიზისული ეკონომიკური მდგომარეობა ჯერაც განუსაზღვრელი, ხოლო არსებული პროგნოზები ზედაპირული და მოწყვლადია. ამ ვითარებაში, ჰესების ფორსირებულ, დაჩქარებულ რეჟიმში აშენება დაუშვებელია, თუმცა დღეს სახელმწიფო პოლიტიკაში ჰიდრორესურსების სწრაფი და აგრესიული ათვისების სურვილი იკვეთება.

ქვეყნის ზოგადი ენერგეტიკული სტრატეგიის არარსებობა ინდივიდუალურ პროექტებზე სიღრმისეულ მსჯელობას გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადახვა ჰიდროენერგეტიკული პროექტის მონაწილეები და სახელმწიფოს წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის შესახებ, ჯერაც არ არსებობს მკაფიო და გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგია. იმას, რომ კონკრეტული ჰიდროელექტროსადგურები ხშირად ზოგად სტრატეგიულ მიზნებთან შეუთავსებლად, ზოგჯერ კი მათ საწინააღმდეგოდ იგეგმება, ადასტურებს მსოფლიო ბანკის ანგარიშიც, რომელშიც მითითებულია, რომ დაგეგმილი ჰესების ნაწილი ელექტროსისტემის ყველაზე სარფიანი განვითარების სტრატეგიას ეწინააღმდეგება. ამ ანგარიშში მოხვდა ნამახვანის კასკადიც, რომელიც ნენსკრასა და კორომხეთის ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად, აშენების შემთხვევაში, ტარიფს მიზანშეუწონლად გააძვირებს, სახელმწიფო ბიუჯეტს კი 1.2 მილიარდი ლარის ზარალს მოუტანს.

სამართლებრივი შეფასება

საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო კონვენციების თანახმად, დაინტერესებული საზოგადოება ჩართული უნდა იყოს გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების ყველა სტადიაზე. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სკრინინგის განცხადების ხელმისაწვდომობა, სკოპინგის ანგარიშისა და გზშ-ანგარიშის თაობაზე ჩატარებულ საჯარო განხილვებში დაუბრკოლებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.

განახლებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მყარი სტანდარტები შეიქმნა, ამასთან, ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად, იმპლემენტირდა გარემოსდაცვითი საქმიანობის მაქსიმალურად გამჭირვალე პროცესები, დარეგულირდა საქმიანობის სკრინინგის და სკოპინგის პროცედურები. საკანონმდებლო ჩარჩოს სტანდარტების დამკვიდრების მიუხედავად, „ნამახვანი-ჟონეთის“ ჰესის თაობაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში 2019 წლის 20 დეკემბერს სახელმწიფოს მიერ გამართულ საჯარო განხილვაზე, ადგილობრივ მოსახლეობას, დაინტერესებულ პირებს მთელი რიგი უფლებები შეეზღუდათ: საჯარო განხილვა, უშუალოდ საპროექტო არეალიდან თითქმის 50 კმ-ით დაშორებულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართა. უმეტეს შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის რელევანტური და კრიტიკული შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.

აღნიშნული ცხადყოფს, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილების, დაინტერესებული პირების მაქსიმალური ჩართულობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებული მოწესრიგების მიუხედავად, სახელმწიფოს პრაქტიკა უცვლელია. საზოგადოების ჩართულობა ფორმალურ ხასიათს ატარებს. ადგილობრივ მოსახლეობას არ მიეწოდება სათანადო ინფორმაცია პროექტის შესაძლო დადებით ან უარყოფით გავლენებზე, მათ შემამსუბუქებელ ღონისძიებებზე. სახელმწიფოს მიერ კვლავ პასუხგაუცემელი რჩება მოსახლეობის ობიექტური კითხვები, პროექტების განხორციელების აუცილებლობის, მათი ეკონომიკური სარგებლიანობისა და ადგილობრივებზე, კუთხესა და თემზე პროექტების შედეგების შესახებ.

ამასთან, თავად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან სამართლებრივ ხარვეზებს შეიცავს. ნამახვანი ჰესის თაობაზე, გარემოს დაცვის სამინიტროს 2019 წლის პირველი ოქტომბრის სკოპინგის დასკვნის შესაბამისად, შეფასდა საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და განისაზღვრა დამატებით წარმოსადგენი კვლევების ჩამონათვალი, რომელიც მოიცავდა პროექტის დერეფანში ჩატარებული გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კვლევების დეტალურ ანალიზს, ინფორმაციას სათავე კვანძის ქვედა ბიეფში გადადინებული ნამეტი წყლის ენერგიის ჩამქრობი ავზების შესახებ, წყლის დაბინძურების რისკის სრულყოფილ კვლევასა და ბიოლოგიური გარემოს დეტალურ აღწერას. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის (მე-9 მუხლის, მე-6 პუნქტი) შესაბამისად, სამინისტროს მიერ გაცემული სკოპინგის დასკვნა სავალდებულოა საქმიანობის განმახორციელებლისათვის გზშ-ანგარიშის წარდგენის ეტაპზე. აღნიშნული დანაწესის მიუხედავად, სამინისტროს მიერ განსაზღვრული სავალდებულო კვლევები არც გზშ-ანაგრიშის წარდგენის ეტაპისთვის არ განხორციელებულა. ამას სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და მასში სავალდებულოდ შესასრულებელი პირობების სახით ჩადებული პუნქტები ადასტურებს. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების (პუნქტები 5, 7, 14, 16) თანახმად:

  1. შპს „ენკა რინიუებლზმა“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემიდან 20 თვის ვადაში უზრუნველყოს ფოთში ე.წ. "დიდი კუნძულის" ნაპირის ფორმირების დინამიკის კვლევა, განიხილოს ნაპირდაცვითი/საინჟინრო და საკომპენსაციო ღონისძიებები შესაბამისი უწყებების/ორგანიზაციების ჩართულობით და შესაბამისი კვლევის შედეგები, არსებული კვლევების გათვალისწინებით წარმოადგინოს სამინისტროში შესათანხმებლად.
  2. შპს „ენკა რინიუებლზის" მიერ კაშხლის მშენებლობის დაწყებამდე იყოს წარმოდგენილი სიღრმული წყალსაგდებებით გატარებული ნაკადის ენერგიის ჩაქრობის პირობები.
  3. შპს "ენკა რინიუებლზმა" უზრუნველყოს როგორც სადერივაციო, ასევე მიმყვანი გვირაბის მარშრუტის დეტალური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (გვირაბის მშენებლობის პარალელურად) და შედეგების წარმოდგენა სამინისტროში.
  4. შპს "ენკა რინიუებლზმა" უზრუნველყოს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული წყაროების ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის შედეგების წარმოდგენა სამინისტროში (წელიწადში ერთხელ). განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების ობიექტებზე და ჰესის ინფრასტრუქტურის ზეგავლენით მათი დებიტის შესაძლო შემცირების ან დაკარგვის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს მოსახლეობის უზრუნველყოფა ალტერნატიული წყალმომარაგებით.

ჯამში, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით, „ნამახვანი-ჟონეთი“ ჰესის დეველოპერ კომპანიას 25-მდე სავალდებულოდ შესასრულებელი კვლევა დაევალა. აღნიშნული ინფორმაცია წარმოადგენს საპროექტო არეალთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს ტექნიკურ, გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევათა ნაკრებს, რომელთა გაანალიზების გარეშე შეუძლებელია პროექტის გარემოზე ზემოქმედების სრულყოფილი შეფასება. სახელმწიფოსათვის უცნობია პროექტის ზეგავლენა რეგიონალურ სოციალურ ქსოვილზე, ადგილობრივ ეკოლოგიასა და ბუნებრივ ლანდშაფტზე. შესაბამისად, გაურკვეველია რის საფუძველზე იღებს ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო დადებით გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას.

ნამახვანის პროექტი კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია გაუმჭვირვალე პროცესით, საზოგადოების ჩართულობის ნაკლებობით, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფითა და ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმის არარსებობის პირობებში ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, რაც ქვეყანას უზარმაზარ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ საფრთხეებს უქმნის.

საზოგადოების მაღალი ინტერესის, სამართლებრივი დავისა და დამოუკიდებელი კვლევების სახიფათო პროგნოზების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოვუწოდებთ:

  • ალტერნატიული კვლევების საფუძველზე შესწავლონ ნამახვანი ჰესის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების კანონშესაბამისობა და პროექტის გარემოზე ზემოქმედდების ხარისხი;
  • საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს ნამახვანი ჰესის მშენებლობის პროცესი;
  • შეიმუშავონ განახლებადი ენერგეტიკის, მათ შორის, ჰიდროენერგეტიკის განვითარების სისტემური მიდგომა და სტრატეგია;
  • ჰესებთან დაკავშირებული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე, უზრუნველყონ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვა;
  • აღმოფხვრან ჰესების მშენებლობის დაგეგმვისა და კომპანიებთან წინასწარი შეთანხმების გაუმართავი და გაუმჭვირვალე პრაქტიკა;
  • უზრუნველყონ ჰესების მშენებლობის პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირების სათანადო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
  • უზრუნველყონ ჰესების პროექტების ზეგავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უფლებების დაცვა.