ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული ირაკლი ჩხეიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

საკონსტიტუციო სარჩელით EMC სადავოდ ხდის მინიმალური ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების (0,000305 გრამი ,,მდმა“ და 0.000106 გრამი ,,მეტამფეტამინი“ (მარილი) ფლობის კრიმინალიზებას და ამ ქმედებისთვის, სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

მოქმედი კანონმდებლობით, რიგი ნარკოტიკული საშუალებისთვის არ არის განსაზღვრული მცირე, ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობა და შესაბამისად, კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებების უმცირესი დოზით ფლობაც, ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მაშინ როდესაც, ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალების (მაგალითად, მარიხუანა) მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვა, ან მისი მოხმარება, წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ამგვარი რეგულირებით, კანონმდებლობა განსხვავებულ სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს არსებითად თანასწორ პირებს.

EMC მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის საქმეში არსებული მინიმალური ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების ფლობა არ წარმოადგენს იმ ხარისხის საშიშროების ქმედებას, რომ მასზე გავრცელდეს სისხლისსამართლებრივი რეჟიმი. ამ ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციების დადგენით და უმაღლესი სასჯელის ზომის დაწესებით, კანონმდებლობა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის ინსტრუმენტალიზებას ახდენს, ნარკოტიკული დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზნით.

EMC მიიჩნევს, რომ მინიმალური ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ფლობაზე ორი განსხვავებული რეგულირების და რეპრესიული სამართლებრივი რეჟიმის გავრცელება, ეწინააღმდეგება არაადამიანური, ღირსების შემლახავი და სასტიკის სასჯელისგან დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს, ისევე როგორც კონსტიტუციით დაცულ თანასწორობის პრინციპს.